Toyota NA chairman Inaba calls Hyundai Sonata "honorable contender"
16 ივლისი
წლების მანძილზე, აშშ-ის საავტომობილო ბაზრის საშუალო ზომის სედანების სეგმენტში, უპირობოდ ლიდერობს „ტოიოტა ქემრი“. თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული და როგორც ჩანს, იაპონური სედანის ჰეგემონიასაც გამოუჩნდა ბოლო. ყოველ შემთხვევაში, ამის თქმა შეიძლება მაისის გაყიდვების შედეგების მიხედვით, რომლებმაც აჩვენა, რომ „ქემრის“ „ჰიუნდაი სონატამ“ აჯობა.
ახლახანს კი მეტოქის წარმატება „ტოიოტას“ ჩრდილოამერიკული შტოს აღმასრულებელმა იოშიმი ინაბამ, „ბლუმბერგთან“ საუბრის დროს აღნიშნა. მისი თქმით, „ჰიუნდაი სონატა“ ძალიან ღირსეული მეტოქეა. უფრო მეტიც, მისი თქმით, „ტოიოტა“ პატივისცემით ეპყრობა კორეულ კომპანიას, რომელიც გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი ზრდიდა გაყიდვებს.
უნდა ითქვას, რომ „ჰიუნდაის“ მიღწევებისადმი ასეთ დამოკიდებულებას სხვა კომპანიებიც ავლენენ. აბა რა იქნება - შარშან კორეულმა გიგანტმა ამერიკის მეტად კონკურენტულ ბაზარზე, 196 620 „სონატა“ გაჰყიდა, დაახლოებით 35 პროცენტით მეტი, ვიდრე წინა წელს. ეს იმ დროს, როდესაც იმავე პერიოდში, „ქემრის“ გაყიდვები 31 პროცენტით (327 804-მდე) შემცირდა.
რა თქმა უნდა, რაოდენობრივად, „სონატას“ „ქემრიმდე“ ჯერაც ბევრი უკლია, თუმცა პირველის გაყიდვების ზრდის და მეორის შემცირების გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება. „ტოიოტას“ მდგომარეობა, 11 მარტის მიწისძვრამაც დაამძიმა, რის შემდეგაც, კომპანიას წარმოება მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვნად შეუმცირდა. ამით კი, ყველაზე მეტად „ჰიუნდა“ და მისი „სონატა“ ხეირობს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ კორეულმა სედანმა მაისის გაყიდვების შედეგების მიხედვით, იაპონელი კონკურენტი უკან მოიტოვა.
თუმცა, „ტოიოტა“ შეგუებას არ აპირებს და პრემიერისთვის სრულიად ახალ „ქემრის“ ამზადებს, რომლის გაყიდვებიც ამ წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. „ტოიოტას“ პრეზიდენტი აკიო ტოიოდა ახლახანს ამერიკაში იმყოფებოდა, სადაც თავისი კომპანიის დილერებს შეხვდა. ამ შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ ახალ „ქემრის“ უფრო თანამედროვე დიზაინი და გვარიანად გაუმჯობესებული ინტერიერი ექნება...
No comments:
Post a Comment