Friday, November 25, 2011

„აუდი“ კორპორატიულ სტილს გაამრავალფეროვნებს

Audi 'deeply' into design revamp
25 ნოემბერი
„აუდი“ თავისი ავტომობილების დიზაინის შეცვლას აპირებს, რის შემდეგაც, მის სხვადასხვა კლასის ავტომობილებს, რიგი განმასხვავებელი ნიშნები ექნება. ახალი პროექტის განხორციელები შემდეგ, გერმანული კომპანიის სედანებს/ჰეჩბეკებს, უგზოობის და სპორტულ ავტომობილებს, დიზაინის მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ელემენტები ექნება.

ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, „აუდის“ დიზაინის განყოფილების დირექტორმა შტეფან ზილაფმა განცხადა, რომ ინგოლშტადტში უკვე დაწყებულია ახალ პროექტზე მუშაობა და ახლა ეს პროცესი იმ ეტაპზეა, როდესაც ცალკეული ტიპის ძარებისთვის, მათთვის დამახასიათებელი გარეგნული ელემენტები უნდა შეირჩეს.
ახალ პროექტს კოდურ სახელწოდებად AQR დაარქვეს. ამ აბრევიატურაში, A საკუთრივ „აუდის“ აღნიშნავს და ის სედანებს და ჰეჩბეკებს აერთიანებს, Q კვატროა და მასში უგზოობის ავტომობილები მოიაზრება, R კი სპორტული ავტომობილების ნიშანია. ზილაფის ქვეშევრდომები ამ სამი ტიპის ძარის მქონე ავტომობილებს ძირითადად რადიატორით, წინა ფარებით და ძარის ცალკეულ დეტალებზე ამონატვიფრებით განასხვავებენ.
„კარგად ვიცით, ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენი სედანები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ეს პროექტი სწორედ იმისათვის წამოვიწყეთ, რომ ამ სტერეოტიპს წერტილი დავუსვათ. მისი განხორციელების შემდეგ, ჩვენს სხვადასხვა კლასის ავტომობილებს თავიანთი დამახასიათებელი ნიშნები ექნება. მაგალითად, წინა ფარებსა და რადიატორის შორის სივრცე ის ადგილია, რომლის ცვლილებითაც, მანქანას საერთო იერს შევუცვლით და ინდივიდუალობას მივანიჭებთ“, – ამბობს ზილაფი და დასძენს, რომ განმასხვავებელ სტილისტურ ნიშნებს ელექტრომობილებიც მიიღებენ.
ერთადერთი, რის შეცვლასაც ინგოლშტადტელები არ აპირებენ, ეს ბრენდის ღირებულებებია. „ლუქსის სეგმენტში ყველაზე მეტად ბრენდის ავტორიტეტი ფასობს და ამის შეცვლას ჩვენ არ ვაპირებთ“, – ამბობს ზილაფი, რომელიც არც იმას გამორიცხავს, რომ დიზელის და ბენზინის საწვავზე მომუშავე ძრავებით აღჭურვილ მოდელებსაც ჰქონდეს განმასხვავებელი ნიშნები. მას მაგალითად მოჰყავს ის ფაქტი, რომ ორთქმავლების, დიზელისძრავიანი ლოკომოტივების და ელმავლების გარეგნობა ძირეულად განსხვავდება ერთმანეთისგან. და ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ არ უნდა იყოს განსხვავება სხვადასხვა ტიპის ძრავებით აღჭურვილი ავტომობილების გარეგნობაში. თუმცა, ამ ყველაფერს კარგად შესწავლა სჭირდება.

No comments:

Post a Comment