Monday, August 17, 2009

”ჰიუნდაი ix35” - ჯერ მხოლოდ ფოტო ტისერები

Hyundai ix35

17 აგვისტო



ფრანკფურტის მოტორ შოუზე, კორეული ”ჰიუნდაი” თავისი უგზოობის პოპულარული მოდელის, ”ტუსანის” შემცვლელს, ix35-ს გამოფენს, რომლის ფოტო ტისერებიც კომპანიის ვებსაიტზე უკვე გამოჩნდა. თუმცა, ამ ფოტოების გარდა, ”ჰიუნდაი” თავისი სიახლის შესახებ თითქმის არაფერს გვიყვება.

ინტერნეში გავრცელებული ინფორმაციით, კორეაში ეს ავტომობილი ”ტუსან ix-ის” სახელით გაიყიდება, ევროპაში კი მას ix35-ს დაარქმევენ. ჯერჯერობით უცნობია, რა სახელით წარდგება ის აშშ-ის ბაზარზე.

მართალია, ტისერების მიხედვით შეუძლებელია იმის წარმოდგენა, თუ როგორი გარეგნობა ექნება ახალ ავტომობილს, თუმცა უფრო ადრე გავრცელებული მსტოვრული ფოტოების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ”ჰიუნდაი ix35” ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე წარმოდგენილი კონცეპტუალური ”ix-ონიკის” სტილშია შესრულებული.

”ჰიუნდაი” აცხადებს, რომ ix35 თავიდან ბოლომდე ევროპაში, კომპანიის ფრანკფურტულ ტექნიკურ ცენტრშია შემუშავებული და მასში არაერთი ახალი ტექნოლოგიაა გამოყენებული. საერთო ჯამში, ”ჰიუნდაისთვის” ის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

”ჰიუნდაი ix35” ევროპულ ბაზარზე კონკურენციას ისეთ სერიოზულ მეტოქეებს გაუწევს, როგორებიც ”ფოლკსვაგენ ტიგუანი” და ”ტოიოტა RAV-4-ია”. ამ ავტომობილის გარდა, კორეული კომპანია ფრანკფურტში ასევე განახლებულ ”სანტა ფეს” წარადგენს. ორივე ავტომობილის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია კი შოუს დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდება.

No comments:

Post a Comment