New Lincoln MKZ Concept Previews Production Model and New Design Language
11 იანვარი
წლების განმავლობაში, „ფორდის“ ლუქს ბრენდი „ლინკოლნი“ ერთგვარად მიძინებულ მდგომარეობაში იყო. მისი ავტომობილები ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევდნენ ვერც გერმანელ და ვერც იაპონელსა, თუ ამერიკელ კონკურენტებს. მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება და ცისფერმა ოვალმაც გამოფხიზლება დაიწყო. ამის პირველი ნიშანი კი დეტროიტის კობო სენტერში გამოჩნდა, სადაც დირბორნელებმა კონცეპტუალური სედანი MKZ გამოფინეს.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამ კონცეპტუალური ავტომობილით, „ლინკოლნმა“ თავისი მომავალი სტილი გვიჩვენა. მართალია, ბოლო წლებში კომპანიამ თავისი სტილის შეცვლა არაერთხელ სცადა, მაგრამ როგორც ჩანს, თავისი დიზაინერული ენა საბოლოოდ დახვეწა და მას აღარ შეცვლის.
„MKZ უბრალოდ ახალი ავტომობილი არაა. მისი მეშვეობით, თქვენ ახალი „ლინკოლნის“ დაბადების მოწმენი ხდებით. რეალურად, დღეს ჩვენ ამ მიმართულებით პირველი სერიოზული ნაბიჯი გადავდგით, რისთვისაც ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით“, – ამბობს „ფორდის“ ვიცე პრეზიდენტი დერიკ კიუზაკი, ვინც გლობალური პროდუქციის განვითარებას კურირებს.
„ლინკოლნ MKZ“ არამხოლოდ დახვეწილი გარეგნობით, სადა და ელეგანტური ინტერიერითაც გამოირჩევა. რაც მთავარია, სალონში ვერ ნახავთ კონცეპტულური ავტომობილებისათვის დამახასიათებელ ექსტრავაგანტურ დეტალებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ავტომობილი წარმოებისთვის მზადაა. „ლინკოლნის“ დიზაინის დირექტორი მაქს ვოლფი MKZ–ის დიზაინს „ელეგანტურ სიმარტივეს“ უწოდებს. მისი თქმით, ახალი სტილი თავშეკავებული ფორმებით გამოირჩევა, მასში ვერ შეხვდებით რთულ ფორმებს და კონსტრუქციებს და ტრადიციულ მდიდრულობას.
ავტომობილის დიზაინში ფაქტობრივად ყველაფერი ახალია. გამონაკლისია მხოლოდ მისი წინა ნაწილი, რომელიც ახლანდელი „ლინკოლნების“ სტილშია შესრულებული. თუმცა, რადიატორის ბადე მაინც სახეშეცვლილია – მასში თითქმის აღარაა ის მონუმენტურობა, რომელიც ახლანდელ „ლინკოლნებს“ უხეშ შესახედაობას სძენს. ამასთან, მნიშვნელოვნადაა დაპატარავებული და დავიწროებული წინა ფარები.
ინტერიერში ოთხი კომფორტული სავარძელია მოთავსებული, სალონი ეგრეთ წოდებული შამპანის ფერის ტყავითაა გაწყობილი. სახურავი კი მთლიანად გამჭვირვალეა. მისი შემინულობა საქარე მინიდან იწყება და უკანა შუშაში გადადის. სავარაუდოდ, სერიულ ავტომობილს ასეთი სახურავი არ ექნება, თუმცა შეკვეთით მისი დაყენება შესაძლებელი უნდა იყოს.
დეტროიტის მოტორ შოუზე, „ლინკოლნს“ MKZ–ის ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. სავარაუდოდ, ამას ნიუ იორკის შოუზე გააკეთებს.
No comments:
Post a Comment