Wednesday, December 2, 2009

”ფოლკსვაგენი” პიკაპის წარმოებას იწყებს
VW Amarok
2 დეკემბერი”ფოლკსვაგენმა” თავისი ახალი ავტომობილის, პიკაპ ”ამაროკის” შესახებ ოფიციალური ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა. ავტომობილი, რომელმაც სახელი კანადის ინდიელთა ერთ-ერთ ლეგენდაში არსებული პოლარული მხეცისგან მიიღო, ბოლო 29 წელიწადში, გერმანული კომპანიის სამოდელო გამაში პირველი პიკაპი იქნება.
თავდაპირველად, ამ ავტომობილის ოფიციალური დებიუტი დეკემბრის შუა რიცხვებში იგეგმებოდა, თუმცა მას ალბათ პირველად ახალი წლის პირველ დღეს ვიხილავთ, როდესაც რალი დაკარ 2010-ის ოფიციალური ავტომობილის მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
ავტომობილი, რომლის სიგრძეც 5.25 მეტრია, ”ფოლკსვაგენის” ახალ საფირმო სტილშია შესრულებული და ის ძლიერ ჰგავს კონცეპტუალურ პიკაპს, რომელიც გერმანულმა კონცერნმა პირველად შარშან, ჰანოვერის ავტო შოუზე წარადგინა. გერმანულ ჟურნალ ”ავტო მოტორ უნდ შპორტის” მონაცემებით, ”ამაროკის” საბარგულის სეგმენტის ფართობი 2.52 კვადრატული მეტრია. პიკაპის ტვირთამწეობა კი 1.15 ტონას აღწევს.
ახალი ავტომობილისთვის ვოლფსბურგელებმა სრულიად ახალი პლატფორმა შექმნეს, რომლის საფუძველსაც მტკიცე ფოლადისგან შეკრული ჩარჩო წარმოადგენს. ჩარჩოს ძირითადი ელემენტები გრძივი ლონჟერონებია, რომლებსაც ერთმანეთტან რამდენიმე განივი ტიხარი აკავშირებს. მთლიანობაში კი ისინი მეტად მყარ სტრუქტურას ქმნიან.
ამ მზიდ სტრუქტურაზე დგას 2.0-ლიტრიანი დიზელის ძრავი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 163 ცხენის ძალას, მაქსომალური მაბრუნი მომენტი კი 400 ნიუტონმეტრს აღწევს. მოგვიანებით, ”ამროკი” უფრო სუსტ, 122-ცხენისძალიან დიზელსაც მიიღებს. რაც შეეხება ტრანსმისიას, ამ მხრივ შესაძლებელია როგორც უკანა წამყვანბორბლიანი, ასევე სრულამძრავიანი ვერსიის არჩევა. ამასთან, მეორე შეიძლება იყოს მუდმივი, ან ჩერთვადი მოდებით.
”ამაროკის” ყველაზე მძლავრი ვერსია 100 კილომეტრზე 7.8 ლიტრ საწვავს მოიხმარს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მას 80-ლიტრიანი ავზი აქვს, გამოდის, რომ ამ ავტომობილს სრულად ავსებული ავზით, 1 000 კილომეტრზე მეტის გავლა შეუძლია.
”ფოლკსვაგენი” თავის უახლეს პიკაპს არგენტინაში დაამზადებს. ავტომობილი ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში და ორივე ამერიკაში გაიყიდება. მერმის გაზაფხულიდან კი ის ევროპელი დილერების შოურუმებშიც გამოჩნდება. მისი ფასიც სწორედ გაყიდვების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაზუსტდება.

No comments:

Post a Comment