Monday, September 19, 2011

”რენოს” მომავალი სეზონის იმედი აქვს

Renault confident of 2012 resurgence after mid-season progress
19 სექტემბერი
”რენომ” ეს სეზონი არცთუ ურიგოდ დაიწყო. მართალია, სეზონის სტარტამდე, რობერტ კუბიცა სერიოზულად დაშავდა, მაგრამ პირველ ორ რბოლაში, გუნდის პილოტები კვარცხლბეკზე ორჯერ ავიდნენ. მაგრამ შემდეგ ყველაფერი აირია და გუნდმა მოწინავეებიდან სტატისტების რანგში გადაინაცვლა. თუმცა, ამის მიუხედავად, გუნდის შეფ ერიკ ბულიეს ოპტიმიზმი არ აკლია.
ამის მიზეზი კი, მისივე განმარტებით ისაა, რომ გუნდმა ვარდნის შეჩერება შეძლო და ბოლო რბოლებში, მანქანის კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების წყალობით, მისი პილოტები კვალიფიკაციის მესამე სეგმენტში გასვლას ახერხებენ. გუნდმა შუა სეზონში აეროდინამიკური მილის სრულყოფა შეძლო, რამაც მანქანის ახალი ელემენტების შემუშავების საშუალება მისცა. სწორედ ამ ელემენტებით მოხერხდა შედეგების გაუმჯობესება.
”რენოს” სინგაპურისთვისაც რამდენიმე სიახლე აქვს მომზადებული და ბულიე იმედოვნებს, რომ მისი პილოტები მოწინავეებს კიდევ უფრო მიუახლოვდებიან:
”სიმართლე გითხრათ, ამ სეზონში პირველად კმაყოფილება მაშინ ვიგრძენი, როცა დავინახე, რომ ჩვენს მანქანას კვარცხლბეკისთვის ბრძოლის პოტენციალი აღმოაჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საკმაო საინჟინრო შესაძლებლობები გაგვაჩნია. დღეს ჩვენ ისიც ვიცით, თუ რა მიზეზების გამო ჩამოვრჩით, რატომ ვვითარდებით სხვებზე ნელა. სწორედ ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და მჯერა, რომ მომავალ სეზონში, კარგი მანქანა გვექნება. ჩვენ ის პარამეტრები გამოვყავით, რომლებიც კარგი მანქანის შემუშავებაში დაგვეხმარება. მასშტაბური მოდელის აეროდინამიკურ მილში გამოცდამ დაგვანახა, რომ ის ახლანდელ მანქანაზე 60 პროცენტით უკეთესია. სწორედ ეს გარემოებაა ჩემი ოპტიმიზმის წყარო”.
ფრანგულმა საჯინიბომ, გერმანიის ეტაპის შემდეგ, განვითარების აგრესიული პროგრამა აირჩია და ამის რეალური შედეგი ბელგიასა და იტალიაში გამოჩნდა. ბულიე ამბობს, რომ სინგაპურში მანქანა რამდენიმე სიახლეს მიიღებს, რომელტაგან ზოგიერთი მონცასთვის მზადდებოდა, თუმცა მათი დამზადება ვერ მოესწრო. ბულიე ვარაუდობს, რომ ამ სიახლეების წყალობით, მანქანა წრეზე დაახლოებით 0.2 წამს მოიგებს. ამასთან, მათი წყალობით, მანქანის სხვადასხვა ტრასისადმი მორგებაც გაადვილდება, რაც უფრო მეტი ეფექტის მიღების იმედს იძლევა.

No comments:

Post a Comment