Sunday, November 20, 2011

„ფერარის“ ფ1–ის ტექნოლოგიების საგზაო ავტომობილებზე გადატანა სურს

Ferrari wants more F1 technology transfer to its production cars
20 ნოემბერი
სუპერ ავტომობილების მწარმოებელ იტალიურ კომპანიას სურს, რომ ფორმულა ერთში გამოყენებული ტექნიკური სიახლეების დიდი ნაწილი, საგზაო ავტომობილების წარმოებაშიც დანერგოს. თუმცა, არსებობს გარკვეული სარეგლამენტო შეზღუდვები, რომლებიც ფ1–ის გუნდებს ტექნოლოგიების ტრანსფერებს უკრძალავს.


„წარსულში, ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ფ1–დან საგზაო ავტომობილებში ავტომატიზებული მექანიკური ტრანსმისიები გადმოვიტანეთ, დავიწყეთ მანქანის ძირის მთლიანი პანელის, ელექტრონიკით კონტროლირებადი დიფერენციალის გამოყენება. მალე კი ჩვენს მანქანებზე კერს–საც (ამ სისტემას ფ1–ში სიმძლავრის მყისიერად გასაზრდელად იყენებენ, საგზაო ავტომობილებზე კი მას საწვავის ეკონომიის დანიშნულება აქვს) დავაყენებთ“, – გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას განაცხადა „ფერარის“ პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომ (ფოტოზე).
თუმცა ის თავადვე დასძენს, რომ ფეხმავალთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნის გამო, ფ1–ის აეროდინამიკური სიახლეების საგზაო ავტომობილებზე დანერგვა პრაქტიკულად შეუძლებელია. არადა, თანამედროვე ფორმულა ერთში, მანქანების კონკურენტუნარიანობა, 90 პროცენტით სწორედ აეროდინამიკაზეა დამოკიდებული.
ცნობისათვის, დღეისათვის „ფერარის“ აეროდინამიკის მილს იმდენი სპეციალისტი ემსახურება, რამდენიც საშუალო ზომის კომპანიებში მუშაობს. ამ შტატში შედიან უმაღლესი კვალიფიკაციის პროგრამისტები, აეროდინამიკის სპეციალისტები, ტელემეტრისტები, გამოცდილი ინჟინრები და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სხვა პერსონალი.
ხარჯების შესამცირებლად, ფორმულა ერთმა რიგი ნაბიჯები გადადგა. 2007 წლიდან აიკრძალა ძრავების სრულყოფა, 2008 წლიდან კი ყველა საჯინიბო ვალდებულია, ძრავის მართვის უნიფიცირებული ელექტრონული სისტემით ისარგებლოს. მაგრამ მალე ახალი რეგლამენტი ამოქმედდება, რომელიც ძრავების მწარმოებლებს ახალი აგრეგატების შემუშავების უფლებას მისცემს.
ახალი რეგლამენტით, ახალი ძრავები იქნება 1.6–ლიტრიანი V6 ტურბოკომპრესორიანი და მათი მაქსიმალური ბრუნთა რიცხვი 15 000 ბრ/წთ–ით შეიზღუდება. ამჟამად მოქმედი რეგლამენტით, ნებადართულია 2.4–ლიტრიანი V8 ატმოსფერული ძრავებით სარგებლობა. „ფერარიმ“ დაიანგარიშა, რომ ახალ ძრავებზე გადასვლა დაახლოებით 50 მილიონი ევრო დაჯდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ახლანდელ V8 ძრავებს, სრულყოფის სოლიდური რესურსი ჯერაც აქვს. ახალ ძრავებზე გადასვლა კი, ფასის შემცირების კუთხით, ვერ იქნება ეფექტური“, – ამბობს დი მონტეძემოლო.
ამასთან, ის დასძენს, რომ ფ1 ავტოსპორტის ერთადერთი სახეობაა, რომელშიც მანქანების ტესტირება შეზღუდულია – სეზონზე მხოლოდ 15 დღეა სატესტო, რაც ახალი მანქანების მზადების პროცესში ბევრ ბრობლემას წარმოქმნის. ამის გამო, ძლიერმა საჯინიბოებმა ულტრათანამედროვე კომპიუტერული სიმულატორები შექმნეს, რომლებზეც თავიანთ მრბოლებსაც ავარჯიშებენ და მანქანების გარკვეულ კვანძებსაც ამოწმებენ.

No comments:

Post a Comment