Thursday, November 17, 2011

„სუბარუ BRZ კონცეპტი“ – გამჭვირვალობის გარეშე

Subaru BRZ Concept STI: Live Photos from LA Auto Show
17 ნოემბერი
„სუბარუმ“ დიდხანს გვაწვალა. წელიწადნახევარი ამ ავტომობილს გამჭვირვალე ძარით გვიჩვენებდა და ყოველთვის ერთ გამოცანას გვიტოვებდა – როგორი იქნებოდა მისი ახალი სპორტული ავტომობილი, რომელსაც „ტოიოტასთან“ ერთად ქმნიდა. და აი, როგორც იქნა, ამ გამოცანს პასუხი გაეცა. ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, იაპონურმა კომპანიამ კუპე BRZ–ის ჯერაც კონცეპტუალური ვერსია გვიჩვენა. თუმცა, იმასაც შეგვპირდა, რომ მალე ამ ავტომობილის სერიულ ვერსიასაც წარმოგვიდგენს და ეს ტოკიოს მოტორ შოუზე, დეკემბრის დასაწყისში მოხდება.
როგორც ითქვა, BRZ ორი იაპონური კომპანიის ერთობლივი მუშაობის ნაყოფია. ამ ავტომობილის ტყუპისცალების წარმოებას „ტოიოტა“ FT–86–ის სახელით, მისი შვილობილი „საიონი“ კი FR-S–ის სახელით აპირებენ. სამივე ავტომობილს წამყვანი უკანა ბორბლები აქვს. ისინი ერთსადაიმავე პლატფორმაზეა ბაზირებული და „სუბარუს“ წარმოების 2.0–ლიტრიანი ოპოზიტური ძრავითა აღჭურვილი, რომელსაც „ტოიოტას“ წარმოების უშუალო შეფრქვევის სისტემა (D-4S) ემსახურება.
სამაგიეროდ, ძრავს არ აქვს ტურბოდამჭირხნი, რაც „სუბარუსთვის“ ცოტა უცნაურია. მაგრამ მის გარეშეც, ის 260 ცხენის ძალას ავითარებს. ამ აგრეგატში ცილინდრების ოპოზიტური განლაგების წყალობით, ავტომობილის სიმძიმის ცენტრმა (იმასთან შედარებით, რაც ჩვეულებრივი ძრავის შემთხვევაში იქნებოდა) 120 მილიმეტრით დაიწია. „სუბარუს“ კუპესთვის 6–საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფია განკუთვნილი. არადა, „ტოიოტამ“ FT–86–ისთვის 6–საფეხურიანი ავტომატი ამჯობინა.
ეს ორი ავტომობილი გარეგნობითაც ჰგავს ერთმანეთს, თუმცა განმასხვავებელი ნიშნებიც აქვთ. BRZ–ის ლოს ანჯელესური კონცეპცია კი სერია STI–ს კიტ კომპლექტითაა აღჭურვილი, რომელიც მას უფრო აგრესიულ იერს ანიჭებს. ამ კომპლექტში შედის დაბლა განლაგებული წინა სპოილერი და ზორბა უკანა ფრთა. ამასთან, ამ ავტომობილის სახურავი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული.
კონცეპტუალური კუპე „სუბარუსთვის“ ტრადიციულ, ზღვისფერშია გამოწყობილი. ის ალუმინის შენადნობისგან ჩამოსხმულ 18–დუიმიან, მრავალწკირიან ბორბლებზე დგას, რომლებზეც 215/45R18 (წინ) და 225/45R18 (უკან) ზომის სპორტული საბურავებია ჩაცმული. რა თქმა უნდა, დაკიდების სისტემა ხისტია (როგორც კუპეს შეეფერება), ავტომობილის დამუხრუჭებას კი „ბრემბოს“ სისტემა ემსახურება.
ლოს ანჯელესში „სუბარუმ“ BRZ–ის შესახებ მწირი ინფორმაცია მოგვაწოდა. თუმცა, არსადაც არ ეჩქარებოდა – ტოკიოსთვისაც ხომ უნდა შემოენახა სიახლეები?

No comments:

Post a Comment