”ჯენერალ მოტორსი” ”ტოიოტას” ეწევა
GM vs
10 აგვისტო
არაა გამორიცხული, რომ ”ჯენერალ მოტორსმა” გაყიდვების მოცულობით კვლავ გადაასწროს ”ტოიოტას” და მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის სტატუსი დაიბრუნოს. წლის პირველი ექვსი თვის შემდეგ, მათ შორის სხვაობა 12 000-ზე ნაკლებია, ორივეს კი სწრაფად ეწევა ”ფოლკსვაგენი”, რომელმაც მესამე პოზიცია გაიმყარა. მეოთხეზე კორეულმა ”ჰიუნდაი-კიამ” გადაინაცვლა, რომელმაც ”ფორდს” გადაასწრო.
საინტერესოა, რომ ყოველივე გლობალური ბაზრის მნიშვნელოვანი კლების ფონზე ხდება. იმ დროს, როდესაც მოწინვე ათეულში შემავალ 9 კომპანიას გაყიდვები შეუმცირდა, კორეული საავტომობილო ჯგუფი ”ჰიუნდაი-კია” ზრდას განაგრძობს, თუმცა ქვემოთ მოყვანილ ცხრილში, რომელიც ინტერნეტ გამოცემა ”ავტომოტივ ნიუსმა” გამოაქვეყნა, მისი ზრდის მონაცემები შეტანილი არაა.
შარშანდელი პირველი ექვსი თვის მონაცემებთან შედარებით, ”ტოიოტას” გაყიდვები 26 პროცენტითაა შემცირებული, ”ჯენერალ მოტორსისა” კი - 21.8 პროცენტით. თუ შარშან ამ პერიოდში იაპონურ კომპანიას თავის ამერიკელ კონკურენტზე დაახლოებით 274 000 ავტომობილით მეტი ჰქონდა გაყიდული, ახლა მათ შორის სხვაობა 12 000-ზე ნაკლებია.
”ტოიოტას” გაცილებით სწრაფად ”ფოლკსვაგენი” ეწევა, რომელმაც ჩამორჩენა მილიონზე მეტით შეამცირა. ამასთან, გერმანული კონცერნის გაყიდვები 5.1 პროცენტით არის შემცირებული.
მოწინავე ათეულში შემავალი კომპანიებიდან, გაყიდვების ყველაზე დიდი, 30.6-პროცენტიანი ვარდნა ”ფორდს” აქვს. სამაგიეროდ, ის დიდი ამერიკული სამეულის ერთადერთი წევრია, რომელმაც გაკოტრების სიმწარე არ იწვნია. სვათა შორის, ივლისში ”ცისფერმა ოვალმა” გაყიდვები 19 პროცენტით გაზარდა, თუმცა გასაგები მიზეზის გამო, ეს მაჩვენებელი ”ავტომოტივ ნიუსის” ანგარიშში არ შესულა.
გლობალური გაყიდვები (6 თვე 2009)
6 თვე 2009 6 თვე 2008 % სხვაობა
1. ტოიოტა 3 564 105 4 815 442 -26.0%
2. ჯენერალ მოტორსი 3 552 722 4 541 125 -21.8%
3. ფოლკსვაგენი 3 100 300 3 265 200 -5.1%
4. ჰიუნდაი-კია 2 153 000 -
5. ფორდი 2 145 000 3 093 000 -30.6%
6. PSA პეჟო-სიტროენი 1 586 900 1 844 700 -14.0%
7. ჰონდა 1 586 000 2 022 000 -21.6%
8. ნისანი 1 545 976 2 013 611 -23.2%
9. სუზუკი 1 152 000 1 283 000 -10.2%
10. რენო 1 106 989 1 326 164 -16.5%
No comments:
Post a Comment