Tuesday, August 11, 2009

”კადილაკის” ფლაგმანი ”ბიუიკ ლაქროსზე” დაემყნობა

Cadillac

11 აგვისტო

”ჯენერალ მოტორსის” პრემიუმ ბრენდ ”კადილაკს” ახალი სტრატეგია აქვს შერჩეული, რომელიც გერმანული ”ბეემვეს” ძველი სტრატეგიის მსგავსია. სამოდელო გამაში სამი ძირითადი ავტომობილი - მცირე, საშუალო და დიდი ზომის სედანი უნდა შედიოდეს. ამ სტრატეგიის განხორციელებას ამერიკული კომპანია მერმის შეუდგება, როდესაც საშუალო ზომის ბიზნეს კლასის სედანის გამოშვებას დაიწყებს.

კარგა ხანს, პრესაში მუსირებდა ვარაუდი, რომ საშუალო ზომის ფლაგმანის ბაზისად ”კადილაკი” მონათესავე ”პონტიაკის” ანალოგიური კლასის სედან G8-ს პლატფორმას გამოიყენებდა. მაგრამ ”კადილაკმა” ამ პლატფორმაზე უარი იმის გამო თქვა, რომ მას წამყვანი უკანა ბორბლები აქვს. უფრო მეტიც, პროექტი დროებით შეჩერდა კიდეც.

მაგრამ გავიდა დრო, ”ჯენერალ მოტორსმა” რამდენიმე დღე ხელოვნური გაკოტრების რეჟიმში იმუშავა, ახალ კომპანიად ჩამოყალიბდა და მისმა საკონსრუქტორო შტაბმაც ძველი პროექტების თაროებიდან ჩამოღება დაიწყო. და აი, სულ რამდენიმე დღეა, რაც კომპანიამ ახალ ფლაგმანზე მუშაობა განაახლა.

ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი ავტომობილი ”ბიუიკის” უახლესი სედანის, ”ლაქროსის” პლატფორმაზე დაამყნობს, რომელიც ”ოპელ ინსინიაზე” გამოყენებული ”ეპსილონ II-ის” მოდერნიზებული ვარიანტია. ოღონდ, ეს პლატფორმა შემდგომ მოდერნიზებას გაივლის - დაგრძელდება, გაგანიერდება და რაც მთავარია, სრულამძრავიანი გახდება.

საშუალო ზომის ”კადილაკის” (ალბათ CTS) ბაზარზე გამოჩენა მერმისაა მოსალოდნელი. ერთი წლის შემდგ მას პატარა ”კადილაკიც” (BLS) მოჰყვება. სავარაუდოდ, 2011 წელსვე დიდ ”კადილაკსაც” (ალბათ XTS) ვიხილავთ.

No comments:

Post a Comment