Thursday, August 13, 2009

”ტრაბანტი” ახალ ცხოვრებას ფრანკფურტში დაიწყებს

Trabant

13 აგვისტო

ყოფილი კომუნისტური გერმანიის საავტომობილო მრეწველობის სიამაყე - ”ტრაბანტი” მალე შეიძლება ევროპის გზებს, ელექტრომობილის სახით დაუბრუნდეს. ავტომობილების მასშტაბური მოდელების გერმანულმა ფირმა ”ჰერპამ” ფრანკფურტის ავტო შოუზე გამოსაფენად ”ახალი ტრაბი” მოამზადა და იმედი აქვს, რომ გამოფენის მეშვეობით, ინვესტორებს მიიზიდავს, რომლებიც გარემოსადმი მეგობრულ ამ ავტომობილის წარმოების დაწყებაში დაეხმარებიან.

”ჰერპას” მიერ შემუშავებულ ”ტრაბისაც” ისეთივე დაკუთხული მოყვანილობა აქვს, როგორიც ძველს ჰქონდა, რომელიც 1957-1991 წლებში 3 მილიონი ცალი გაიყიდა. მაგრამ კომპანიის წარმომადგენელი დანიელ შტიგლერი ამბობს, რომ ახალი ”ტრაბი” რეტროავტომობილი არ იქნება.

”ახალი ”ტრაბი” კოხტა მანქანა იქნება, რომელსაც თავისი წარსული აქვს. რაც მთავარია, მას ელექტროამძრავი ამოძრავებს, რადგან ამას თანამედროვე ბაზრის ტენდენცია მოითხოვს”, - გამოცემა ”აუტომოტივ ნიუსთან” საუბრისას განაცხადა შტიგლერმა.

”ჰერპამ” ახალი ავტომობილის შესახებ ჯერ მხოლოდ მინიმალური ინფორმაცია გამოაქვეყნა. მაგალითად, ავტომობილის წონა 1000 კილოგრამზე ნაკლები უნდა იყოს, მის სახურავზე კი ფოტოელემენტები ჩამონტაჯდება, რომლებიც დამატებით ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. რაც მთავარია, ავტომობილის სვლის მარაგი 250 კილომეტრი უნდა იყოს, რაც, ცოტა არ იყოს, გაზვიადებულად ისმის, რადგან სუფთა ელექტრომობილებისთვის ეს ფანტასტიური მაჩვენებელია.

შტიგლერი ამბობს, რომ ”ახალი ტრაბისთვის” ელექტროძრავებს ბერლინური კომპანია ”IAV აუტომოტივ ენჯინირინგი” დაამზადებს, რომელსაც საავტომობილო გენერატორებისა და სტარტერების წარმოების დიდი გამოცდილება აქვს.

”ჰერპა” ცვიკაუში, იმავე მხარეში მდებარეობს, სადაც ”ტრაბანტის” ქარხანა მდებარეობდა. ეს კომპანია მანქანების და თვითმფრინავების მასშტაბური მოდელების წარმოებითაა ცნობილი, ”ტრაბანტის” მარკით სარგებლობის უფლება კი ორი წლის წინ, ამ მარკის აღდგენის მიზნით გამოისყიდა.

”ტრაბანტის” აღდგენის საქმეში, ”ჰერპას” კიდევ ერთი პარტნიორი კომპანია ”ინდიკარია”, რომელიც სპეციალური მანქანების, ავტომობილების კომპონენტებისა და ავტომობილების პროტოტიპების წარმოებითაა ცნობილი. ეს კომპანიაც ქალაქ ცვიკაუშია ბაზირებული.

დაბოლოს, თუ ”ჰერპა” და მისი პარტნიორები ფრანკფურტში ინვესტორს მიიზიდავენ, ”ახალი ტრაბის” წარმოება 2012 წელს დაიწყება.

No comments:

Post a Comment