”აუტო უნიონი” თავიდან იბადება
Auto Union
12 აგვისტო
არაა გამორიცხული, რომ ავტოსამყაროში კვლავ დაბრუნდეს ლეგენდარული სახელი ”აუტო უნიონი”. ამ მარკის ხელახლა დაბადება კი ორი გერმანული კომპანიის - ”პორშესა” და ”ფოლკსვაგენის” გაერთიანებას უკავშირდება. ეს კი, მას შემდეგ რაც ”პორშეს” სამეთვალყურეო საბჭომ გადადგომა აიძულა ამ გაერთაინების მთავარ მოწინააღმდეგეს, ”პორშეს” მთავარ აღმასრულებელ ვენდელინ ვედეკინგს, პრაქტიკულად გადაწყვეტილი საკითხია.
”ფოლკსვაგენის” მიერ გამოქვეყნებულ რელიზში სწერია, რომ ორი კომპანიის შერწყმის შედეგად წარმოქმნილ კომპანიაში მხარეებს თანაბარი წილი ექნებათ. ამასთან, ამის შემდეგაც, ”პორშე” თავის საქმიანობას დამოუკიდებლად წარმართავს, მისი შტაბ-ბინა კი ისევ შტუტგარტში დარჩება.
იმისათვის კი, რომ ”პორშეს” მესვეურებს არ დარჩეთ იმის შეგრძნება, რომ სპორტული ავტომობილების მწარმოებელ კომპანიას ”ფოლკსვაგენი” მართავს, გაერთიანებულ კომპანიას ”აუტო უნიონი” დაერქმევა. ოღონდ, ეს ბოლო ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არაა.
თავის დროზეც, სახელი ”აუტო უნიონი” ოთხი გერმანული კომპანიის - ”ჰორხის”, ”აუდის”, DKW-ს და ”ვანდერერის” გაერთიანების შედეგად წარმოიქმნა. ეს დდ გაერთიანბა 1932 წელს ჩატარდა. სწორედ მასში მუშაობით გაითქვა სახელი ლეგენდარულმა ავსტრიელმა კონსტრუქტორმა ფერდინანდ პორშემ, რომელმაც მოგვიანებით, თავის შვილთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, დასაბამი ორ ახალ საავტომობილო კომპანიას - ”ფოლკსვაგენს” და ”პორშეს” დაუდო დასაბამი.
”აუტო უნიონმა” სახელი უპირველესად, ავტორბოლებით გაითქვა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფეხზე ხეირიანად ვეღარ დადგა. ის რამდენჯერმე აღადგინეს, 1964 წელს მთლიანდ ”ფოლკსვაგენმა” გამოისყიდა, 1985 წელს კი საბოლოოდ, ”აუდის” სახელით დამკვიდრდა.
დღეისათვის, ”პორშეს” ვოლფსბურგული გიგანტის აქციების 50 პროცენტი ეკუთვნის, მაგრამ ფინანსურ კრიზისში იმყოფება და ახლა იძულებულია, თავისივე აქციების 49 პროცენტი ”ფოლკსვაგენს” დაუთმოს. პარალელურად, ორივე კომპანიის მსხვილი აქციონერია ყატარის სახელმწიფო საინვესტიციო ჯგუფი.
ინტერნეტ გამოცემა ”აუტომოტივ ნიუსის” ინფორმაციით, ორი კომპანიის შერწყმის შესახებ ახალი ინფორმაციის გამოქვეყნება ხვალაა მოსალოდნელი.
No comments:
Post a Comment