Friday, August 14, 2009

”ფოლკსვაგენი” და ”პორშე” გაერთიანებაზე შეთანხმდნენ

VW-Porsche

14 აგვისტო

როგორც მოსალოდნელი იყო, ”ფოლკსვაგენმა” და ”პორშემ” შერწყმის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის შესაბამისადაც, ვოლფსბურგული გიგანტი წელსვე ”პორშეს” აქციების 42 პროცენტს გამოისყიდის, რაც მას 3.3 მილიარდი ევრო (4.7 მლრდ დოლარი) დაუჯდება. მერმის კი ”ფოლკსვაგენი” ფერდინანდ პიხისა და ვოლფგანგ პორშეს ოჯახებისგან, სპორტული ავტმობილების მწარმოებლის და მისი სადილერო ქსელის აქციებსაც გამოისყიდის, რაშიც დამატებით 3.55 მლრდ ევროს (დაახლოებით 5 მლრდ დოლარს) გადაიხდის.

”ფოლკსვაგენის” ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ორი კომპანიის გაერთიანების პროცესი 2011 წელს დასრულდება. ამასთან, პორშეს და პიხის ოჯახები ”პორშეს” უმსხვილეს აქციონერებად დარჩებიან, ქვემო საქსონიის მთავრობას კი, რომელსაც ”ფოლკსვაგენის” აქციების 20 პროცენტი ეკუთვნის, ვოლფსბურგულ კომპანიასთან დაკავშირებული ნებისმიერი (მისთვის მიუღებელი) საკითხვის დაბლოკვის უფლება კვლავაც დარჩება.

გაგრძელდება მოლაპარაკება ყატარის სამთავრობო საინვესტიციო კომპანიასთან, რომელიც ამ წლის ბლოს ”ფოლკსვაგენის” 17 პროცენტის მფლობელი გახდება. ამ აქციებს არაბული სახელმწიფო ”პორშესგან” გამოისყიდის, რომელსაც გერმანული გიგანტის 51 პროცენტი ეკუთვნის.

სწორედ ამ აქციების შეძენის პროცესში დაუგროვდა ”პორშეს” უზარმაზარი ვალი, რომელიც დღეისათვის 10 მილიარდ ევროს აღწევს. ამ ვალის ნაწილს კომპანია ყატარელებისთვის ”ფოლკსვაგენის” აქციების მიყიდვით მიღებული ფულით დაფარავს, ნაწილს კი ”ფოლკსვაგენისთვის” საკუთარი აქციების მიყიდვის შედეგად მიღებული თანხით. ასევე, ვალების გასტუმრებას მოხმარდება იმ თანხის ნაწილიც, რომელსაც შტუტგარტელები საკუთარი კაპიტალის 5 მილიარდი ევროთი გაზრდის გზით მიიღებენ.

დაბოლოს, 15 სექტემბრიდან ”პორშეს” ”ფოლკსვაგენის” მთავარი აღმასრულებელი მარტინ ვინტერკორნი უხელმძღვანელებს, ”პორშეს” ახლანდელი მთავარი აღმასრულებელი მიხაელ მახტი კი ”ფოლკსვაგენის” დირექტორთა საბჭოში შევა.

No comments:

Post a Comment