”ტოიოტა” ”პრიუსზე” იაფსა და ეკონომიურ ჰიბრიდს გამოუშვებს
Yaris-Based Hybrid
14 აგვისტო
”ტოიოტა” ერთ-ერთი პირველია იმ კომპანიებს შორის, რომელმაც მიზნად გარემოსადმი მეგობრული ავტომობილების წარმოება დაისახა და ამ კუთხითაც (გარდა იმისა, რომ მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელია), დღეისათვის მსოფლიოს ბაზარზე ლიდერობა მის ხელთაა.
თუმცა, შორს არაა ის დრო, როდესაც მის ჰიბრიდულ ”პრიუსს”, რომელიც ამ ეტაპზე, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების ბაზრის გამოკვეთილი ლიდერი და იაპონიის ბაზრის ბესტსელერია, კონკურენტები შეავიწროებენ. ასეთთა შორის პირველი მერცხალი ელექტრომობილი ”ნისან ლიფია”, რომელიც უკვე გაეცნო საავტომობილო სამყაროს და რომლის გაყიდვებიც მერმის უნდა დაიწყოს. მერმისვე ბაზარზე ჰიბრიდულ ელექტრომობილ ”შევროლე ვოლტის” გამოჩენაა მოსალოდნელი. და როცა ამ ორი ავტომობილის გაყიდვები დაიწყება, ”პრიუსის” გაყიდვებიც უნდა შემცირდეს.
მაგრამ ”ტოიოტას” თადარიგი უკვე დაჭერილი აქვს - წარმოებისთვის ”პრიუსზე” პატარა ჰიბრიდულ ავტომობილს ამზადებს, რომელიც უფრო ეკონომიურიც იქნება და უფრო იაფიც ეღირება. ამ ავტომობილის ბაზისად კი, იაპონური კომპანია თავის სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ ”იარისს” იყენებს.
ახალი ჰიბრიდული ავტომობილის მთავარი ღირსება მისი სიიაფე იქნება. გაზეთ ”იომიურის” ცნობით, ”იარისის” ბაზაზე წარმოებული ჰიბრიდი იაპონიაში 1.5 მილიონი იენი (დაახლოებით 15 700 დოლარი) ეღირება. ეს ავტომობილი 100 კილომეტრის გასავლელად 2.5 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, რაც მესამე თაობის ”პრიუსის” ხარჯზე თითქმის ორჯერ ნაკლებია.
”ახლა ჩვენ დაბალფასიან ჰიბრიდულ ავტომობილს ვქმნით, როგორიც ”ჰონდა ინსაითია”. იმისათვის კი, რომ ბაზარზე კონკურენტუნარიანობა შევინარჩუნოთ, ჩვენი ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა უნდა გავზარდოთ და აქცენტი პატარა ჰიბრიდებზე გადავიტანოთ, ისეთებზე, როგორიც ”იარისია” (სურათზე)”, - ჯერ კიდევ ჟენევის ავტო შოუზე განაცხადა მესამე თაობის ”პრიუსის” მთავარმა ინჟინერმა აკიჰიკო ოცუკამ.
ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ”ტოიოტა” სრულიად ელექტრული ავტომობილების წარმოებას.
No comments:
Post a Comment