Saturday, September 24, 2011

მიეცით პოული ფეტელს სამუდამო მფლობელობაში

Vettel on pole in Singapore
24 სექტემბერი
რა თქმა უნდა, ფორმულა ერთში პოულ პოზიციას სამუდამოდ არავინ არავის მისცემს, მაგრამ ამ სეზონში სებასტიან ფეტელი კვალიფიკაციებს ისე ადვილად იგებს, გეგონება, რომც ვერ მოიგოს, პოულზე მაინც მას დააყენებენ და ამიტომ, მეტოქეები თავს არ იკლავენო. ამჯერადაც, მან უახლოეს მდევარს, ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ უებერს თითქმის ნახევარი წამით აჯობა...
მიმდინარე სეზონში ჩატარებული 14 კვალიფიკაციიდან, ამდენივე ”რედ ბულის” მრბოლთა გამარჯვებით დასრულდა. ფეტელზე კი, ვისაც მეორე ტიტულის სინგაპურშივე განაღდების რეალური შანსი აქვს, აქედან 11 პოულ პოზიცია მოდის.
კვალიფიკაციაზე მესამე საუკეთესო შედეგი ჯენსონ ბატონს ჰქონდა, ვინც ნარბოლევს ამით გაკვირვებული დარჩა - თავისუფალ პრაქტიკებზე მას გადაცემათა კოლოფი დაუზიანდა, რის რემონტზეც ბევრი დრო დაიკარგა და ამის გამო, ბრიტანელმა მრბოლმა, ტრასაზე ხანგრძლივი გასვლები ვერ მოახერხა. ამის გამო, ბატონს რბოლის სწორი სტრატეგიის არჩევაც გაუჭირდება. თუმცა, რა ტქმა უნდა, თავისი შედეგით მაინც კმაყოფილი დარჩა.
ჰამილტონის ”მაკლარენს” უკანა
საბურავი დაუზიანდა
სამაგიეროდ, ხელი მოეცარა ლუის ჰამილტონს, ვისაც ჯერ კვალიფიკაციის მეორე სექტორში, უკანა მარჯვენა საბურავი გაუსკდა და ბოქსებიდან მოუწია ამ სექტორის ყურება. მესამე სექტორში კი ბოლოს სწრაფი წრის გავლა ვერ შეძლო, რადგან საწვავი ვერაფრით ჩაუსხეს. და ამის მიუხედავად, მაინც მეოთხე შედეგი აჩვენა. თანაც, თანაგუნდელთან სულ რაღაც 0.005 წამი დათმო.

მესამე სასტარტო რიგში ”ფერარის” პილოტები დადგებიან. მეხუთე შედეგი ფერნანდო ალონსოს აქვს, რომელიც ჰამილტონს 0.065 წამით ჩამორჩა და თავის მხრივ, 0.026 წამით აჯობა თავის თანაგუნდელ ფელიპე მასას. მესამე სექტორში, ტრასაზე საერთოდ არ გამოსულან მიხაელ შუმახერი, ადრიან სუტილი და პოლ დი რესტა.
კობაიაშის ავარია
კვალიფიკაციის მეორე ნაწილი მცირე ხნით შეწყდა, რისი მიზეზიც, იაპონელი კამუი კობაიაშის ავარია გახდა. ის S-მოსახვევს გადიოდა, როდესაც მისი ”ზაუბერი” კერბზე ავარდა და უმართავი გახდა. ბედად, ამ მოსახვევს მე-2 გადაცემით გადიან და სიჩქარე დაბალია. ამიტომ, მანქანა ოდნავ დაზიანდა, პილოტი კი ინციდენტს ტრავმის გარეშე გადაურჩა.
დაბოლოს, თუ სინგაპურის რბოლის შემდეგ, ფეტელი უახლოეს მდევართან (ამჟამად ეს ალონსოა, ვისაც 112 ქულას უგებს) უპირატესობას კიდევ 13 ქულით გაზრდის, ის მეორე ტიტულს ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ეტაპით ადრე გაინაღდებს.


სინგაპურის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:44.381
2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:44.732
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:44.804
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:44.809
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:44.874
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:45.800
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:46.013
8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               დროის გარეშე
9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              დროის გარეშე
10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          დროის გარეშე
- - - - - - - - - -
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:47.616
12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:48.082
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:48.270
14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:48.634
15. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                1:48.662
16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:49.862
17. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       დროის გარეშე
- - - - - - - - - -
18. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:49.835
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:50.948
20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        1:51.012
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:52.154
22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:52.363
23. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            1:52.404
24. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:52.810

No comments:

Post a Comment