Saturday, September 17, 2011

”სიტროენის” კონცეპტუალური მინივენი ”ტუბიკი”

თუ ”სიტროენის” ისტორიასა და ავტომობილებზე ძალიან ზოგადი წარმოდგენა გაქვთ, მაშინ ამ კონცეპტუალურ ნამუშევარს შორეული მომავლის ავტომობილად ჩათვლით. მაგრამ რეალურად, ისევე როგორც ბევრი სხვა კომპანია, ”სიტროენიც” წარსულის დიდებას გამოეტირა და საგამოფენოდ, წარსულში პოპულარულ მინივენ ”ტუბ-ის” რეტრო-ვერსია, სახელად ”ტუბიკი” მოამზადა.
ალბათ გახსოვთ ეს ფურგონი - ფრანგულ ფილმებში ის ხშირად მონაწილეობდა. ”სიცილიურ კლანში” ალენ დელონის გმირი სწორედ საპოლიციო ”ტუბით” გადაყვანისას გაიქცევა... ეს ავტომობილი ბაზარზე პირველად 1939 წელს გამოჩნდა, 9 წლის შემდეგ კი შეიცვალა და 1980-იან წლებამდე კონვეიერზე დარჩა. და მან ”ორმაგი შევრონის” ისტორიაში ერთ-ერთი წამყვანი როლი შეასრულა.
არავინ იცის, კონცეპტუალურ ”ტუბიკს” მწვანე შუქს აუნთებენ, თუ ის უბრალოდ, დიზაინერების სავარჯიშო იყო, რომლითაც ისინი კომპანიის კორპორატიულ სტილს ხვეწენ და მასში სიახლეების შეტანას ცდილობენ. მაგრამ ფრანკფურტში ნაჩვენები ავტომობილის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მათ ორიგინალური და ძალიან ეფექტური გარეგნობის მქონე მინივენი შექმნეს.
თუ ამ მანქანას წარმოება ეღირსება, ის სატვირთოს მოვალეობასაც შეასრულებს და სამგზავროსაც. მეორე შემთხვევაში, ის 9 მგზავრს დაიტევს. ალბათ კითხვა დაგებადათ - და რა გაბარიტები აქვს, ამდენის გადაყვანა რომ შეუძლიაო. სიგრძე 4.8 მეტრი, სიგანე 2.08 მეტრი, სიმაღლე კი - 2.05 მეტრი. მისი შემქმნელები ამბობენ, რომ ”ტუბიკი” აღმასრულებლებისთვის განკუთვნილი მაღალტექნოლოგიური მანქანაა. და საგამოფენო ექსპონატი მართლაც ასეთია - მასში ყველაფერია იმისათვის, რომ მაღალჩინოსანმა გზაში დრო არ დაკარგოს და საქმეს მიხედოს.
სალონში სავარძლები სამ რიგადაა განლაგებული. ამასთან, ისინი შეიძლება დაიკეცოს, მოტრიალდეს, ან გაიშალოს და ამ დროს, ან საბარგულის მოცულობა იზრდება, ან სალონი მინი-ოფისად და საძინებლადაც კი გადაკეთდება. ოფისის შემთხვევაში, სავარძლების შუა რიგი იკეცება და მაგიდას ქმნის. რაც შეეხება აღჭურვილობას, მის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავტომობილს მამოძრავებელ ძალას, ”პეჟო-სიტროენის” დიზელ-ელექტრული ჰიბრიდული სისტემა (ჰაიბრიდ4) ანიჭებს.

No comments:

Post a Comment