Wednesday, October 3, 2012

ამერიკაში „დეფენდერი“ ახალი თაობის მოდელით დაბრუნდება

Land Rover Defender will return to U.S. in next generation
3 ოქტომბერი
ამერიკის ბაზარზე განსაკუთრებული პოპულარობით პიკაპები და უგზოობის ატომობილები სარგებლობს. მაგრამ უკვე 14 წელია, ამერიკელებს ლეგენდარული „ლენდ როვერ დეფენდერის“ შეძენის საშუალება არ აქვთ. თუმცა, მალე ალბათ ამის შესაძლებლობა მიეცემათ - გამოცემა „ქარკონექშნ“ იუწყება, რომ „ლენდ როვერი“ ამერიკაში თავის ლეგენდარულ მოდელს დააბრუნებს. ოღონდ, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ახალი თაობის „დეფენდერის“ წარმოებას დაიწყებს.
ოღონდ, ამისათვის აუცილებელია, რომ ავტომობილს ამერიკული ბაზრის შესაბამისი მოდიფიცირება ჩაუტარდეს. კერძოდ, ის საწვავის ხარჯისა და უსაფრთხოების ამერიკულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. ოღონდ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ უსაშველოდ არ გაიზარდოს ფასი და ავტომობილმა უგზოობის თვისებები არ უნდა დაკარგოს.
რაც „იაგუართან“ ერთად, ინდური „ტატას“ ხელში გადავიდა, „ლენდ როვერმა“ გამოცოცხლება დაიწყო. პირველ რიგში, „რეინჯ როვერ ევოკი“ გამოუშვა, რომელიც მაშინვე ჰიტი გახდა და კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გამოასწორა. ახლახანს კი ახალი „რეინჯ როვერის“ წარმოებაც დაიწყო. შემდეგი „დისქავერი“ და „დეფენდერი“ უნდა იყოს, რომლებიც გლობალური მოდელები გახდება და მთელს მსოფლიოში, მათ შორის, ამერიკაშიც აუცილებლად გაიყიდება.
მთავარი პრიორიტეტი კი „დეფენდერია“, რის შესახებაც, კომპანიამ პარიზის მოტორ შოუზე გამოაცხადა. გარდა ამისა, ბრიტანული კომპანია ოკეანისგაღმელ მყიდველს მთელს თავის გამას შესთავაზებს. ცნობისათვის, ამ ეტაპზე, ამერიკაში მისი ავტომობილებიდან ყველაზე მეტი პოპულარობით, „რეინჯ როვერის“ ავტომობილები სარგებლობს.
შეგახსენებთ, რომ ფრანკფურტის შარშანდელ მოტორ შოუზე, „ლენდ როვერმა“ კონცეპტუალური DC100 წარადგინა, რომელიც დიდი ალბათობით, მომავალი „დეფენდერის“ მაცნეა. ამასთან, შოუს დამთვალიერებელს ამ ავტომობილის ღია ვერსიაც უჩვენა. მაშინ გამოითქვა ვარაუდი, რომ ახალი „დეფენდერი“ ბაზარზე 2015 წელს გამოვა, თუმცა დიდი ალბათობით, პრემიერა ორი წლით გადაიდება.

No comments:

Post a Comment