Volvo to Develop Three Range Extender Technical Concepts
12 ივლისი
დავა არ ღირს იმაზე, რომ მალე მთელი მსოფლიოს გზებზე, ელექტრომობილები შიდაწვისძრავიან ავტომობილებს ჩაანაცვლებს. თუმცა რა დრო დასჭირდება ამ ჩანაცვლებას, ეს ზოგიერთი პრობლემის მოგვარებაზეა დამოკიდებული, რადგან ეს პრობლემები ელექტრომობილების პარამეტრებს მნიშვნელოვნად აუარესებს. პრობლემებიდან კი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სვლის შეზღუდული სიშორეა.
„შევროლემ“ ეს პრობლემა ისევ შიდაწვის ძრავის დახმარებით გადაჭრა, რომელიც გენერატორთან დააკავშირა და მასთან ერთად, ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად იყენებს. ამერიკული კომპანიის მაგალითს მალე ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდება და მათ შორის, „ვოლვოც“ იქნება, რომელმაც ახლახანს, სვლის სიშორის გასაზრდელად, სამი კონცეპცია შეიმუშავა და საზოგადოებას წარუდგინა.
ამ კონცეპციების შემუშავებასა და დანერგვაში, შვედურ კომპანიას პარტნიორობას შვედეთის ენერგიის სააგენტო და ევროკავშირი უწევენ. მათი დახმარებით, „ვოლვო“ სამივე კონცეპციის შესაბამისად, საცდელ ავტომობილებს მოამზადებს და მათს ტესტირებას მერმისს, პირველ კვარტალში შეუდგება.
სამივე კონცეპციაში, დამხმარე აგრეგატად, სამცილინდრიანი შიდაწვის ძრავია გამოყენებული, სამივეს სვლის სიშორე 1000 კილომეტრის ფარგლებშია და სამივე გარემოში ყოველ კილომეტრზე, დაახლოებით 50 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. მათ შორის ძირიტადი განსხვავება კი ფიბრიდულ სისტემაში შემავალი აგრეგატების განლაგებაშია.
პირველი კონცეპცია ელექქტომობილ C30-ის პლატფორმას დაეყრდნობა. მასში ბენზინის ძრავი (60 ცხ.ძ) უკან, საბარგულის ქვეშ განთავსდება, ელექტროძრავი კი (111 ცხ.ძ) - წინ. შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი ელექტროენერგიას ან აკუმულატორებს მიაწვდის, ან ელექტროძრავს. მხოლოდ აკუმულატორების ენერგია ავტომობილს 110 კილომეტრს გაატარებს, 40-ლიტრიანი ავზით კი სვლის სიშორე 1000 კილომეტრამდე იზრდება.
მეორე კონცეპციაც C30-ზე არის ბაზირებული. აგრეგატების განლაგება პირველი ანალოგიურია. ოღონდ, შიდაწვის ძრავთან ტრანსმისიაცაა დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, შიდაწვის ძრავს ტურბოკომპრესორი ემსახურება და მისი სიმძლავრე 190 ცხენის ძალამდე არის გაზრდილი. და, გენერატორის გარდა, ის უკანა ბორბლებსაც ატრიალებს (6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფის მოშველიებით). ამ შემთხვევაშიც, სვლის კომბინირებული სიშორე 1000 კილომეტრია. ამასთან, ავტომობილი უფრო ტემპერამენტიანიცაა.
მესამე კონცეპციის ბაზისად უნივერსალ V60-ს გამოიყენებენ. ამასთან, შიდაწვის და ელექტროძრავები წინ მოთავსდება, ექვსსაფეხურიან კოლოფს კი ორსაფეხურიანი შეცვლის. ორივე ძრავის პარამეტრები იგივეა, რაც მეორე კონცეპციაში. გენერატორის გარდა, შიდაწვის ძრავი წინა ბორბლებსაც ატრიალებს. თუმცა, 50 კმ/სთ-მდე ავტომობილი მხოლოდ ელექტროძრავის მეშვეობით გადაადგილდება. შიდაწვის ძრავი კი უფრო მაღალ სიჩქარეზე აქტიურდება. აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიით, ავტომობილს მხოლოდ 50 კილომეტრის გავლა შეუძლია. კომბინირებულ რეჟიმში კი სვლის სიშორე 1000 კილომეტრზე მეტია.
„ჩვენი ყურადღება ელექტრიფიკაციისკენაა მიპყრობილი და ეს კონცეპციები ნათლად ასახავს ამ მიმართულებით ჩვენს განვითარებას. ელემენტების დიდი ზომები და ღირებულება ელექტრომობილების შეზღუდულ საექსპლუატაციო შესაძლებლობებს განაპირობებს. სვლის სიშორის გაზრდის საშუალებებით, ელექტრომობილები უფრო მიმზიდველი ხდება მყიდველისთვის. ამასთან, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კილომეტრზე 50 გრამის ფარგლებშია“, - ამბობს „ვოლვოს“ ძრავების ინჟინერიის შტოს ვიცე პრეზიდენტი დერეკ კრაბი.
No comments:
Post a Comment