Alfa Romeo is not for sale, Marchionne says
2 ოქტომბერი
სერჯო მარკიონე |
პარიზის მოტორ შოუს დაწყებამდე, „ფიატის“ მთავარმა
აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი კონცერნი „ალფა
რომეოს“ გაყიდვას არ აპირებს. ეს განცხადება მოჰყვა გერმანულ გამოცემა „ფოკუსის“
მიერ მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ფოლკსვაგენის“ წარმომადგენლებმა,
ტურინელთა რამდენიმე (მირაფიორის, კასინოს, მელფის და პომილიანოს) ქარხანა დაათვალიერეს.
ჯერ კიდევ ორი წლის წინ, „ფოლკსვაგენის“ დირექტორთა
საბჭოს თავმჯდომარე ფერდინანდ პიხმა პარიზის მოტორ შოუზე განაცხადა, რომ „ფიატმა“
წამგებიანი „ალფა რომეო“ უნდა გაჰყიდოს და რომ სპორტული ავტომობილების მწარმოებელ
მილანურ ფირმას, ვოლფსბურგულ დიდ ოჯახში „იღბლიან მეცამეტე“ წევრად სიამოვნებით
მიიღებდა.
მაგრამ ამის პასუხად, „ფიატმა“ გამოაცხადა, რომ „ალფას“
გაყიდვების გაორმაგებას ისახავდა მიზნად. თვალსაჩინოებისთვის, შარშან „ალფა
რომეომ“ 150 000 ავტომობილი გაჰყიდა, ორ წელიწადი კი გაყიდვებმა 400 000-ს უნდა
მიაღწიოს. ამ მიზნის მიღწევაში, კომპანიას რამდენიმე ახალი მოდელის წარმოების
დაწყება უნდა დაეხმაროს. ამ მოდელთაგან, ბაზარი უკვე დიდი ხანია, ელის პატარა
სპორტქარ 4C-ს და სედან „ჯულიას“.
ფერდინანდ პიხი |
საინტერესოა ისიც, რომ ახლახანს, „ფოლკსვაგენმა“
გამოაცხადა, რომ აღარ აპირებს სხვა კომპანიების შეძენას და იმ 12 ბრენდით (რომლებსაც
ახლახანს პორშე და მოტოციკლების მწარმოებელი იტალიური დუკატი შეემატა) შემოიფარგლება,
რომლებიც ამ ეტაპზე მის ჯგუფშია გაერთიანებული.
იტალიის პროფკავშირული გაერთიანებები, ქვეყნის
მთავრობას მოუწოდებენ, რომ ადგილობრივ ავტოინდუსტრიაში უცხოურ ინვესტიციებს ხელი
შეუწყონ. ამის პასუხად მარკიონე აცხადებს, რომ მიესალმება იტალიაში
„ფოლკსვაგენის“, როგორც ავტომწარმოებლის შემოსვლას, მაგრამ დასძენს, რომ სისულელეა
იმაზე ფიქრიც კი, რომ უცხოური კომპანიები, გაჭირვებაში მყოფი იტალიური
ავტოინდუსტრიის გადასარჩენად თავს შეიწუხებენ.
„მე მივესალმები „ფოლკსვაგენს“, როგორც ავტომწარმოებელს
და ყველაფერს გავაკეთებ მათს დასახმარებლად. მაგრამ ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ
ისინი აქ ჩვენს გადასარჩენად შემოვლენ. ეს ყველაზე დიდი სისულელეა, რაც კი ოდესმე
მომისმენია“, - განაცხადა მარკიონემ.
P.S.
„ფოლკსვაგენს“ „ალფა რომეო“ ისევ აინტერესებს! - პარიზის მოტორ შოუზე ეს თავად
პიხმა განაცხადა. იქ მას რეპორტიორებმა ჰკითხეს, აქვს თუ არა „ფოლკსვაგენს“ დრო
იმისათვის, რომ „ალფა რომეოს“ შეძენის ხელსაყრელ დროს დაელოდოს, პიხმა მოკლედ უპასუხა:
„ჩვენ დრო გვაქვს“. კითხვაზე, როგორ ფიქრობს, „ფიატი“ სწორ ნაბიჯებს დგამს, თუ არა
„ალფა რომეოს“ შესანარჩუნებლად, პიხმა ისევ მოკლედ მოჭრა: „ეს კითხვა მარკიონეს
უნდა დაუსვათ“...
No comments:
Post a Comment