Tuesday, October 2, 2012

„ბლადჰაუნდი“ სარეკორდო ავტომობილის ძრავის ტესტირებას იწყებს (ვიდეო)

BLOODHOUND car's rocket system to be tested
2 ოქტომბერი
მარცხნიდან: პილოტი ენდი გრინი, დენიელ ჯაბი და რიჩარდ ნოუბლი
ბრიტანული გუნდი „ბლადჰაუნდი“, რომელიც ლეგენდარული რიჩარდ ნოუბლის მიერაა ჩამოყალიბებული და რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობს, სახმელეთო სიჩქარის მორიგი რეკორდისთვის ემზადება. ამ ეტაპზე, სარაკეტო ძრავის ტესტირების დრო დადგა, რომელსაც ნიუქვეი კორნუელის აეროპორტში ჩაატარებენ. ტესტი სტატიკური იქნება, რომლის წარმატებულობის შემთხვევაშიც, ძრავს უკვე სარეკორდო ავტომობილ „ბლადჰაუნდ SSC-ზე“ დააყენებენ.
ძრავი უდიდესი ჰიბრიდული სარაკეტო აგრეგატია, რომელიც კი ევროპელებს ოდესმე გამოუყენებიათ. ამასთან, ესაა ყველაზე დიდი სარაკეტო სისტემა, რომელიც კი ბრიტანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში დაუქოქავთ. ამ ძრავის მეშვეობით, რეკორდულმა ავტომობილმა, რომელიც უფრო სამხედრო თვითმფრინავს ჰგავს, 1.4 მახი (1 600 კმ/სთ) სიჩქარე უნდა განავითაროს.
ნოუბლი (მარცხნივ) და გრინი ბლადჰაუნდ SSC-ს მაკეტთან
ნოუბლის „ბლადჰაუნდს“ რეკორდისთვის გარჯა მარტოს არ უწევს. გუნდს ისეთი ძლიერი მხარდამჭერი ჰყავს, როგორიცაა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, რომელმაც გამოაცხადა, რომ ამ საქმეში ბრიტანეთის სამეფო არმიის „ელექტრული და მექანიკური ინჟინერიის“ შტოს ხუთი ინჟინერიც მიიღებს მონაწილეობას. ისინი სარეკორდო ავტომობილის შექმნასა და მომსახურებაში მიიღებენ მონაწილეობას. ეს ჯგუფი „ბლადჰაუნდთან“ ორი წლის განმავლობაში ითანამშრომლებს და რეკორდული გარბენების (რომლებიც სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთის კონცხზეა დაგეგმილი) დროსაც მასთან ერთად იქნება.
რა თქმა უნდა, ისეთი რაკეტა-ავტომობილის შექმნა, რომელსაც ბგერაზე თითქმის 1.5-ჯერ მეტი სიჩქარის აკრეფა შეუძლია, ძალიან ძნელი საქმეა. ეს არ ნიშნავს, რომ საბაზისო ავტომობილად რომელიმე არსებული, ვთქვათ „მუსტანგი“ აიღო, ძრავი ამოაცალო და სუპერ ძრავი ჩაუდგა, როგორც ჰოთროდებზე აკეთებენ. თუმცა ნოუბლს და მის გუნდს ამის დიდი გამოცდლება აქვთ. წინა რეკორდ მათ ასეთივე რაკეტა-ავტომობილ „ტრასტით“ დაამყარეს, რისთვისაც სპეციალურად შეიმუშავეს შასი და ავიაგამანადგურებლის რეაქტიული ძრავი გამოიყენეს.
ამჯერად, ძრავი ფაქტობრივად ხელნაკეთია(!). რეკორდული ბოლიდი კი მის ირგვლივაა აგებული. ძრავი რაკეტების თვითნასწავლმა სპეციალისტმა, 28 წლის დენიელ ჯაბმა შეიმუშავა. ძრავს „ფალკონი“ (შევარდენი) უწოდეს. მისი სიგრძე 4.0 მეტრია, დამეტრი კი 45.7 სანტიმეტრი. „ფალკონის“ წონა 450 კილოგრამია, რაც საკმაოდ ბევრია. რეკორდულიგარბენის დროს, მისგან გამოტყორცნილი გავარვარებული ნამწვის ჭავლის სიგრძე 8 მეტრს მიაღწევს. ძრავის გამწევი ძალა 122 კილონიუტონი იქნება, რაც დაახლოებით 80 000 ცხენის ძალის ტოლფასია, ანუ დაახლოებით იმდენი, რამდენსაც ფორმულა ერთის 95 მანქანა გამოიმუშავებს...
ძრავი რომ ჰიბრიდულია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაახლოებით ისეთივე აგებულება აქვს, როგორიც ჩვეულებრივი ავტომობილების ჰიბრიდულ დანადგარებს. ამ შემთხვევაშიც, ჰიბრიდულობა ორი ენერგომატარებლის გამოყენებაში გამოიხატება. თუმცა, საგზაო ავტომობილებისგან განსხვავებით, „ფალკონში“ სხვა ტიპის ჰიბრიდული აგრეგატი გამოიყენეს. საქმე ისაა, რომ სარაკეტო ძრავებში ან მყარ საწვავს იყენებენ, ან თხევადს. ჯაბმა კი ერთდროულად ორივეს გამოყენება გადაწყვიტა!
სხვათა შორის, სარეკორდო ავტომობილში მყარი საწვავი ჯერ კიდევ 1920-იან წლებში, ფრიც ფონ ოპელმა გამოიყენა, რომელმაც თავისივე რაკეტა-მობილ „ოპელ RAK-ით“ სიჩქარის რეკორდის დამყარება სცადა. ასეთი კონსტრუქცია თითქოს მარტივია. საჭიროა მხოლოდ ჩართვა და დანარჩენს ძრავი თავისით აკეთებს. მაგრამ ასეთ ძრავს სერიოზული ნაკლი აქვს - ჩართავ და მანამ იმუშავებს, სანამ საწვავს ბოლომდე გამოიყენებს... ვერც გამორთავ და ვერც სიმძლავრეს დაარეგულირებ. ჰიბრიდული რაკეტა კი ამ პრობლემას გამორიცხავს.
ჯაბმა „ფალკონისთვის“ მყარ საწვავად ჰიდროქსილ-შემაკავებლიანი პოლიბუტანდიენი გამოიყენა, რაც სხვა არაფერია, თუ არა სინთეტური რეზინის სახელი. ამ ნივთიერებაში მეტალის ფხვნილი და დამჟანგავია გარეული. ეს ნარევი ძალიან მაღალი ხარისხის სარაკეტო საწვავს წარმოადგენს. იმდენად კარგს, რომ მას ათეული წლების განმავლობაში, რაკეტებზე - „პოლარისსა“ და „ტრაიდენტზე“ იყენებენ. მაგრამ საწვავში, რომელსაც „ფალკონისთვის“ გამოიყენებენ, დამჟანგავი შერეული არაა. ამის გამო, თუ ასეთ საწვავს ცეცხლს მოუკიდებთ, ის სქელ კვამლს აუშვებს და ისეთივე სუნს დააყენებს, როგორსაც დამწვარი რეზინი ტოვებს.
სწორედ ამის ტავიდან ასაცილებლად იყენებენ გარე დამჟანგავს და აგრეგატიც ამიტომაა ჰიბრიდული - როგორც წესი, გარე დამჟანგავი თხევადსაწვავიან რაკეტებშია საჭირო. ამ შემთხვევაში ამ მოვალეობას ძლიერ კონცენტრირებული წყალბადის ზეჟანგი ასრულებს, რომელიც მოვერცხლილ კატალიზატორში იტუმბება. იქ ზეჟანგი ორთქლად, ჟანგბადად და სითბოდ გარდაიქმნება. თავის მხრივ, ორთქლი იწვევს საწვავის და ჟანგბადის გადახურებას და აალებას. ამის შედეგად, წვის პროცესი 3000 გრადუს ტემპერატურაზე მიმდინარეობს. გამოიყოფა უზარმაზარი რაოდენობით ნამწვი აირი, რომელიც ძრავის საქშენიდან გიგანტური წნევით გამოიტყორცნება და ასე გამწევ ძალას წარმოქმნის. რაც მთავარია, ტრადიციული მყარსაწვავიანი ძრავებისგან განსხვავებით, ასეთი ძრავის პედალირება და გამორთვაც კი შესაძლებელია. ამას კი წვის კამერაში ზეჟანგის მიწოდების რეგულირებით აღწევენ.
მაგრამ ეს ყველაფერი არაა. საქმე ისაა, რომ „ფალკონი“ წარმოუდგენელი აპეტიტით გამოირჩევა. ოც წამზე ნაკლებში დაახლოებით 963 კილოგრამ პეროქსიდს წვავს. ამ რაოდენობით საწვავის მიწოდებას მძლავრი დანადგარი სჭირდება. ასეთად, 1960-იანი წლების ბირთვული რაკეტების ტუმბო გამოიყენეს. ეს ტუმბო მოქმედებაში „კოსუორტის“ წარმოების 750-ცხენისძალიან ძრავს მოჰყავს, რომელსაც ფორმულა ერთის რამდენიმე გუნდი იყენებს. მასთან საკუტარი წარმოების ტრანსმისია დააკავშირეს. ამ ძრავის წყალობით, ტუმბოს ხუთ წამში დაახლოებით საყოფაცხოვრებო აბაზანის მოცულობის საწვავის გადაქაჩვა შეუძლია.
ჰიბრიდული დანადგარის მესამე ნაწილია ავიაგამანადგურებელ „ტაიფუნის“ EJ200 რეაქტიული ძრავი. ამ ძრავის დანიშნულება ისაა, რომ „ბლადჰაუნდს“ მამოძრავებელი ძალა სტარტიდან პირველი 25 წამის განმავლობაში მიანიჭოს. მისი დახმარებით, ავტომობილ-რაკეტას სიჩქარე 563 კმ/სთ-ს აღწევს. სწორედ ამ დროს, სამეფო სამხედრო საჰაერო ძალების პილოტი ენდი გრინი, მთავარ ძრავს ჩართავს, რის შემდეგაც, მასზე მოქმედ გადატვირთვას 2.5G-მდე გაზრდის.
შეგახსენებთ, რომ გრინი სიჩქარის სახმელეთო რეკორდის მფლობელია. 1997 წლის 25 სექტემბერს, ამერიკის უდაბნო ბლექ როკში, მან 1149.30 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. სამი კვირის შემდეგ კი ის გახდა პირველი ადამიანი, ვინც ხმელეთზე ბგერის ბარიერი გადალახა - 1227.144 კ/სთ განავითარა. ორივე შემთხვევაში, ის რიჩარდ ნოუბლის მიერ შექმნილ „ტრასტ SSC-ს“ მართავდა.
პირველ ეტაპზე, სარაკეტო ძრავ „ფალკონს“ სტატიკური ტესტები ჩაუტარდება, რომლის დროსაც, აგრეგატის სისტემების ურთიერთქმედებას შეამოწმებენ. ყველაფერი ტელემეტრიულად ჩაიწერება და შემდეგ მათ ანალიზს ჩაატარებენ. პირველი ტესტი მხოლოდ ათ წამს გასტანს და მის განმავლობაში, ძრავი 30 000 ცხენის ძალას განავითარებს. ამ დროს ისეთი ხმაური წარმოიქმნება, რომ მასთან „ბოინგ 747-ის“ აფრენისას წარმოქმნილი ხმაური ჩურჩულად მოგეჩვენებათ.
ძრავის განივკვეთი
თუ ძრავის ტესტები წარმატებით ჩაივლის, მას უკვე შასიზე დააყენებენ და „ბლადჰაუნდ SSC“ პირველ ტესტს ბრიტანეთში მერმისს გაივლის. ახალი რეკორდის დამყარებას „ბლადჰაუნდი“ 2014 წელს ეცდება.


ვიდეო

No comments:

Post a Comment