Monday, October 1, 2012

ლუქსის სეგმენტი გაყიდვების კლების მოლოდინშია


Luxury Carmakers Lower 2013 Projections due to the Eurozone Debt Crisis
1 ოქტომბერი
პრემიუმ ავტომობილების ბაზარზე ბოლო წლებში გაყიდვების საგრძნობი ზრდა ფიქსირდება. პარალელურად, ამ სეგმენტში მომუშავე კომპანიები, მყიდველს ახალ-ახალ პროდუქციას სთავაზობენ, რაც რაც გაყიდვების კიდევ უფრო წახალისებას იწვევს. მაგალითად, „პორშემ“ სრულიად ახალი 911-ის და მისი ოთხი ვერსიის წარმოება დაიწყო და მალე ამ ლეგენდარული ავტომობილის ოჯახს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს. „ბენტლიმ“ ღია GTC გამოუშვა, „ფერარიმ“ თავის ისტორიაში ყველაზე სწრაფი საგზაო ავტომობილი (F12 ბერლინეტა)...

კონკურენცია მძაფრდება ჰიპერ ავტომობილების კლასში, სადაც მალე „ფერარი“ ლეგენდარული „ენცოს“ შემცვლელს (თანაც ჰიბრიდულს) გამოუშვებს, „პორშეს“ უკვე პრაქტიკულად მზად აქვს ასევე ჰიბრიდული „918 სპაიდერი“, „მაკლარენმა“ კი ახლახანს, პარიზში გვიჩვენა, თუ როგორი იქნება ლეგენდარული F1-ის შემცვლელი, რომელსაც P1 უწოდა. „ლამბორგინი“ უგზოობის ავტომობილს ამზადებს...
პარალელურად, ევროპის ეკონომიკური კრიზისი, ავტომობილების გაყიდვებზე თავის კვალს ტოვებს. მაგრამ ეს გარემოება აზარალებს არა მდიდრული ავტომობილების მწარმოებლებს, რომლებსაც კლიენტი არ აკლიათ, არამედ მასობრივ მწარმოებლებს, როგორებიცაა „პეჟო“, „ფიატი“ და „რენო“. თუმცა პარიზის მოტორ შოუზე, ლუქს სეგმენტისთვისაც საგანგაშო ინფორმაცია გაისმა - მომავალ წელს ევროპაში შემცირდება ისეთი ავტომობილების გაყიდვები, რომელთა ფასიც 100 000 ევროზე მეტია.
„ჩვენ ძალიან თავისებურ პროდუქციას ვაწარმოებთ. ჩვენი კლიენტები ასეთ ავტომობილებს იმისთვის კი არ ყიდულობენ, რომ მათ გადაასგილების საშუალება სჭირდებათ, არამედ იმისთვის, რომ ოცნებები აისრულონ“, - პარიზის მოტორ შოუზე, სააგენტო ბლუმბერგთან საუბრისას განაცხადა „ლამბორგინის“ მთავარმა აღმასრულებელმა შტეფან ვინკელმანმა.
ის დასძენს, რომ მდიდარ ადამიანებს ყოველთვის აქვთ იმის ფული, რომ ძვირფასი ავტომობილები შეიძინონ, მაგრამ იმავდროულად, ისინი პრაგმატულობითაც გამოირჩევიან, რის გამოც, გაგანია კრიზისში, ანუ შეუფერებელ დროს, ფულს ყოველთვის უფრთხილდებიან. ასეც რომ არ იყოს, მდიდარი ხალხი ძვირფასი ავტომობილებით არ ივლის ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც (საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია) უმუშევრობის დონე სულ უფრო მატულობს.
თუმცა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ სუპერ ავტომობილების მწარმოებლებმა თავიანთი საქმიანობა უნდა შეკვეცონ, სადილერო პუნქტები შეამცირონ. უბრალოდ, მათ ბიზნეს სტრატეგიების შეცვლა და საინვესტიციო პროგრამების გადახედვა მოუწევთ. ისინი ამისთვის მზად არიან.
მაგალითად, „პორშეს“ მთავარმა აღმასრულებელმა შტეფან მიულერმა უკვე განაცხადა, რომ მის კომპანიას მომავალ წელს გაყიდვები ევროპაში 5-10 პროცენტით შეუმცირდება. მართალია, გლობალური მასშტაბით, ლუქსის კლასის ბაზარი უფრო კრიზისმედეგია, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციებში, ისიც ზარალდება. და მაინც, „კრედიტ სუისის“ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სუპერ ავტომობილების მწარმოებლებს გლობალური მასშტაბით ჯერ კრიზისი არ ემუქრებათ. ამის გარანტიას კი განვითარებადი ბაზრების ზრდა იძლევა. მაგალითად, „ფერარის“ შეფი ლუკა დი მონტეძემოლო წელს რეკორდულ გაყიდვებს მოელის და ამის გარანტიას მას ჩინეთის ბაზარზე, „ფერარის“ ავტომობილების პოპულარობა აძლევს.

ასევე წაიკითხეთ

ელექტრული „მერსედეს SLS AMG“ – AMG-ს ყველაზე მძლავრი ქმნილება

და

„ენცოს“ შემცვლელის კარბონის შასი (ვიდეო)
და

„მაკლარენ P1“ - კარგი, ცუდი ბიჭი ფორთოხლისფერში


No comments:

Post a Comment