Sunday, October 21, 2012

ჰირვონენმა იტალიის რალი მოიგო

Hirvonen wins in Italy with Loeb absent
21 ოქტომბერი

„სიტროენის“ ფინელი მიკო ჰირვონენის გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მე-12 ეტაპი, იტალიის რალი, რომელიც კუნძულ სარდინიაზე ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ჰირვონენმა თავისი ტიტულოვანი თანაგუნდელის, ფრანგი სებასტიან ლოების არყოფნისას გაიმარჯვა - მსოფლიოს აწ უკვე ცხრაგზის ჩემპიონი ასპარეზობას პირველივე დღეს გამოეთიშა.


ეს იყო პირველი რბოლა მას შემდეგ, რაც ლოებმა მეცხრე ტიტული გაინაღდა. სპეცმონაკვეთი მან ჰირვონენთან ერთწამიანი უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ფინიშამდე ხუთიოდე კილომეტრით ადრე, ქვების გროვას შეეჯახა და საჭის მექანიზმი დაუზიანდა.


ჰირვონენთან მხოლოდ 20 წამი დათმო რუსმა ევგენი ნოვიკოვმა, ვინც საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა. მესამეზე კი ესტონელი ოტ ტაენაკი გავიდა. ორივე „ფორდით“ (კერძო გუნდში) ასპარეზობს. ჰირვონენისთვის ეს პირველი გამარჯვებაა მას შემდეგ, რაც „სიტროენში“ გადავიდა. სულ კი მას რალის მსოფლიო ჩემპიონატზე 15 ეტაპი აქვს მოგებული. იტალიაში გამარჯვებით, მან ვიცე ჩემპიონის წოდება გაინაღდა.
„ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ცხოვრებაში პირველი გამარჯვება მომეპოვებინოს. შესაძლოა, ეს ძნელ ბრძოლაში არ მოხდა, თუმცა მალე არც ეს მომაკლდება“, - განაცხადა ფინელმა მრბოლმა, ვინც მომავალ სეზონში „სიტროენის“ ლიდერი გახდება, რადგან ლოები მხოლოდ ცალკეულ ეტაპებზე აპირებს გამოსვლას.
უხეიროდ იასპარეზეს „ფორდის“ საქარხნო გუნდის წევრებმა - ნორვეგიელმა პეტერ სოლბერგმა და ფინელმა იარი-მატი ლატვალამ, რომლებმაც შესაბამისად, მე-9 და მე-12 ადგილები დაიკავეს. მათაც რბოლის პირველ დღეს ავარიები მოუვიდათ, თუმცა საჯარიმო დროის დარიცხვის შემდეგ, რბოლის გაგრძელების უფლება მიიღეს. სამაგიეროდ, მათ ეგრეთ წოდებულ „ძალურ“ სპეცმონაკვეთზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს და ამისათვის ბონუს ქულები დაიმსახურეს.
სეზონის ბოლო ეტაპი 8-11 ნოემბრეს ესპანეთში ჩატარდება.

იტალიის რალი
1. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი)           3:23:54.900
2. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)              +01:20.600
3. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი)                   02:21.100
4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი)              03:42.900
5. საებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, შკოდა)         04:27.500
6. კრის ეტკინსონი (ავსტრალია, მინი)               05:22.200
7. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, შკოდა)        06:12.500
8. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)               09:29.300
9. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)           09:52.300
10. ლუკა პედერსოლი (იტალია, სიტროენი)     20:35.600

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) - 244 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი - 198; 3. მადს ოსტბერგი - 137; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) - 133; 5. პეტერ სოლბერგი - 124; 6. ევგენი ნოვიკოვი - 87; 7. ტიერი ნოივილი (ბელგია, სიტროენი) - 53; 8. ოტ ტაენაკი - 52; 9. მარტინ პროკოპი - 46; 10. სებასტიან ოჟიე - 41...

კონსტრუქტორთა თასი
1. სიტროენ ტოტალ WRT - 413 ქულა; 2. ფორდ WRT - 281; 3. M-სპორტ ფორდ WRT - 170; 4. სიტროენ ჯუნიორ WRT - 72; 5. კატარ WRT - 71; 6. ადაპტა WRT - 71; 7. მინი WRC ტიმ - 26; 8. ბრაზილ WRT - 20

No comments:

Post a Comment