Sunday, October 7, 2012

იაპონიაში გამარჯვებით, ფეტელი ალონსოს დაეწია

Vettel wins in Japan after Alonso exit
7 ოქტომბერი
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სუძუკას შემდეგ, ტიტულისთვის ბრძოლა თავიდან დაიწყო. ოღონდ, ამ ბრძოლას რეალურად ორი პილოტიღა შემორჩა. დანარჩენებს, საჩემპიონო შანსი თეორიულად აქვთ, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, მათ ერთდროულად ორ მრბოლთან ასეთი ჩამორჩენის ამოქაჩვა შესძლონ.
მოკლედ, ლიდერი ისევ ფერნანდო ალონსოა, რომელმაც რბოლა პირველივე მოსახვევში დაასრულა. ოღონდ, თუ სტარტამდე ის სებასტიან ფეტელს 29 ქულას უგებდა, ახლა მათ შორის სხვაობა მხოლოდ 4 ქულაღაა, ანუ არაფერი! ფეტელს, ვინც იაპონური ეტაპი დამაჯერებლად მოიგო, 33 ქულით ჩამორჩება კიმი რაიკონენი, რომელსაც ამ სეზონში ჯერ რბოლა არ მოუგია და ძნელი წარმოსადგენია, დარჩენილ ხუთ ეტაპზე შეძლოს მოგება (ამის საშუალებას მანქანა არ აძლევს). ამის გარეშე კი ჩემპიონობაზე ოცნებაც წარმოუდგენელია. მერე მოდის ლუის ჰამილტონი, რომელსაც პრობლემები აღარ გამოელია. დანარჩენები ძალიან შორს არიან...
„დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით წინ, თუმცა სეზონის დასრულებამდე ჯერ ბევრი დროა. საერთოდ, ასეთი რამ ხდება ხოლმე და ყოველთვის იმედი გაქვს, რომ შენ არ შეგემთხვევა. წინ კიდევ რამდენიმე რბოლა გვაქვს და ვერავინ იტყვის, იმ რბოლებში რა შეიძლება მოხდეს“, - კვარცხლბეკზევე განაცხადა ფეტელმა, ვინც ზედიზედ მეორე, ამ სეზონში კი მესამე რბოლა მოიგო და ამით, ზედიზედ მესამე ტიტულის მოპოვების შანსების მნიშვნელოვნად გაეზარდა.
მან ალონსო იგულისხმა - ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ესპანელმა პირველი მოსახვევის გავლისას შეცდომა დაუშვა, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ინციდნტში კიმი რაიკონენიც ყოფილა გარეული. რაიკონენმა რბოლა გააგრძელა და ფინიშთან მეექვსე მივიდა, რიტაც საჩემპიონო შანსებს კიდევ უფრო დაშორდა. ალონსოსთვის კი ასპარეზობა გრუნტის ზოლში დასრულდა.
სამაგიეროდ, ალონსოს არყოფნაში, „ფერარის“ მარაგი ქულებით ფელიპე მასამ შეავსო, რომელმაც ფინიში მეორემ გადაკვეთა და 2010 წლის ოქომბრის შემდეგ პირველად ავიდა კვარცხლბეკზე. მესამე ადგილზე კი კამუი კობაიაში გავიდა, რითაც ძლიერ გაახარა იაპონელი მაყურებელი და რა თქმა უნდა, „ზაუბერის“ წევრები - შვეიცარიულმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ელიტისგან ერთ ნაბიჯშია და შესაძლოა, მომავალ სეზონში ეს ნაბიჯიც გადადგას...
აღსანიშნავია, რომ კობაიაში სულ მესამე იაპონელი მრბოლია, ვინც კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო. ამასთან, ის მეორე იაპონელია, რომელმაც სუძუკას კვარცხლბეკზე დაიკავა ადგილი. ცნობისათვის, 2004 წელს ინდიანაპოლისში მესამე ადგილი დაიკავა, 1990 წელს სუძუკაზე კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე აგური სუძუკი ავიდა. ისიც აღსანიშნავია, რომ სამივე იაპონელი კარიერაში კვარცხლბეკზე მხოლოდ თითოჯერ ავიდა.
თუ არ ჩავთვლით სტარტზე მომხდარ ორ ავარიას, რომელთა გამოც, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, რბოლა პოზიციურ ბრძოლაში წარიმართა. მართალია, იყო გასწრებებიც, მაგრამ ლიდერთა შორის საინტერესო არაფერო მომხდარა. მხოლოდ მასამ შეძლო მეორე ადგილისთვის ბრძოლაში კობაიაშის ძლევა. „ზაუბერის“ მეორე პილოტმა სერხიო პერესმა კი ფინიშს ვერ მიაღწია - ჰამილტონთან ბრძოლაში მან შეცდომა დაუშვა და ალონსოსავით, ტრასის მიღმა დაასრულა ასპარეზობა.
ფეტელმა კი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოსკენ რადიოთი ურჩიეს, ცოტა ტემპს უკელიო, პირიქით, სიჩქარე გაზარდა და ბოლოსწინა წრეზე უსწრაფესი წრეც დააფიქსირა. საბოლოოდ, მან ოცი წამით აჯობა მასას.

იაპონიის დიდი პრიზი
სუძუკა, დისტანცია 307.471 კმ (5.807 კმ, 53 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:28:56.242
2. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            +00:20.639
3. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         00:24.538
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 00:25.098
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            00:46.490
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         00:50.424
7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            00:51.159
8. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)         00:52.364
9. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      00:54.675
10. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      01:06.919
11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                01:07.769
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             01:23.460
13. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           01:28.645
14. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                        01:28.709
15. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1 წრე
16. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                            1 წრე
17. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1 წრე
18. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1 წრე
19გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)               2 წრე
გ. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                            16 წრე
გ. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)                 21 წრე
გ. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           35 წრე
გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   53 წრე
გ. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     53 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:35.774, 52-ე წრე


მრბოლების კლასიფიკაცია

1. ფერნანდო ალონსო - 194 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 190; 3. კიმი რაიკონენი - 157; 4. ლუის ჰამილტონი - 152; 5. მარკ უებერი - 134; 6. ჯენსონ ბატონი - 131; 7. ნიკო როსბერგი - 93; 8. რომენ გროჟანი - 82; 9. ფელიპე მასა - 69; 10. სერხიო პერესი - 66; 11. კამუი კობაიაში - 50; 12. პოლ დი რესტა - 44; 13. მიხაელ შუმახერი - 43; 14. ნიკო ჰულკენბერგი - 37; 15. პასტორ მალდონადო - 33; 16. ბრუნო სენა - 25; 17. ჟან-ერიკ ვერნი - 8; 18. დანიელ რიკიარდო - 7





კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ-რენო - 324 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 283; 3. ფერარი - 263; 4. ლოტუს-რენო - 239; 5. მერსედესი - 136; 6. ზაუბერ-ფერარი - 116; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 81; 8. უილიამს-რენო - 58; 9. ტორო როსო-ფერარი - 15

No comments:

Post a Comment