”შევროლე ვოლტი” – 1 ლიტრით 100 კილომეტრი
Chevrolet Volt
12 აგვისტო
”ჯენერალ მოტორსს” ფართოდ რეკლამირებული ”შევროლე ვოლტის” წარმოება ჯერ არ დაუწყია, მაგრამ ამ ჰიბრიდულ ავტომობილს უკვე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და ისინი მოუთმენლად ელიან სასურველი ავტომობილის დილერთა შოურუმებში გამოჩენას. მაგრამ მათგან ალბათ ბევრი არავინ ელოდა ისეთ მახასიათებლებს, როგორებიც ახლახანს საზოგადოებას ამერიკული კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ფრიც ჰენდერსონმა გააცნო.
აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მიერ შედგენილი მეთოდოლოგიით ჩატარებულმა ტესტებმა დაადგინა, რომ ”ვოლტს” 230 მილის (დაახლოებით 270 კმ) გასავლელად, ერთი გალონი (3.78 ლ) საწვავი ჰყოფნის.
საერთოდ, EPA-ს მეთოდლოგია ისეა შემუშავებული, რომ ყველა ტიპის ავტომობილი თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენს. რამდენად სამართლიანად მიესადაგება ეს მეთოდოლოგია გაზრდლი სვლის ელექტრომობილებს (როგორიცაა შევროლე ვოლტი), ძნელი სათქმელია. თუმცა ფაქტია, რომ ჰენდერსონის მიერ გამოქვეყნებული მონაცემი (230 მილი ერთი გალონით) შესანიშნავი მაჩვენებელია. EPA-ს ახალი მეთოდოლოგია დამუშავების სტადიაშია და ჰენდერსონი ამბობს, რომ მის მიხედვით, ”ვოლტის” ეკონომიურობა 100 მილზე (დაახლოებით 160 კმ) 25 კილოვატსაათი (100 კილომეტრზე 15 კვტ.სთ) იქნება.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სრულად დამუხტული აკუმულატორებით, ”ვოლტს” 65 კილომეტრის გავლა შეუძლია. ეს კი ის მანძილია, რასაც ქალაქის მცხოვრებნი დღის განმავლობაში გადიან. ასე რომ, ავტომობილმა შეიძლება 230 მილი ისეც გაიაროს, რომ საქმეში შიდაწვისძრავი არც ჩაერთოს. ესე იგი, მას საწვავის ნულოვანი ხარჯი ექნება. ახალი მეთოდოლოგიით დადგენილი 25 კილოვატსაათი 100 მილზე კი იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის ჩვენებური ტარიფით (კილოვატი 16 თეთრი), 100 ”ვოლტით” კილომეტრის გავლა 2.4 ლარი დაგვიჯდება.
ჰენდერსონის თქმით, ”შევროლე ვოლტის” წარმოება მერმის დაიწყება და ის ორი მოდიფიკაციის სახით დამზადდება. მათგან ერთი ჩვეულებრივი ელექტრომობილი იქნება, მეორე კი გაზრდლი სვლის (ჰიბრიდული) ელექტრომობილი, რომელშიც ავტომობილის მოძრაობის დროს, მის აკუმულატორებს შიდაწვის ძრავთან დაკავშირებული გენერატორი დამუხტავს.
ამ ეტაპზე, ”შევროლე ვოლტის” მინიმალური ფასი დაახლოებით 40 000 დოლარია. ამასთან, ამერიკაში ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებზე შემოღებული შეღავათები, ამ ფასს დაახოებით 7 500 დოლარით ამცირებს. მაგრამ ჰენდერსონი აცხადებს, რომ მისი კომპანია ”ვოლტის” ფასის შესამცირებლად მუშაობას აგრძელებს და სავარაუდოდ, წარმოების დაწყების წინ, ფასი კიდევ უფრო შემცირდება.
No comments:
Post a Comment