Wednesday, August 12, 2009

”შევროლე კორვეტ C7” 2012 წელს გამოჩნდება

Chevrolet Corvette C7

12 აგვისტო


ოთხი წლის წინ, როგორც კი ბაზარზე ”შევროლე კორვეტ C6” გამოჩნდა, საავტომობილო პრესამ მაშინვე დაიწყო მარჩიელობა იმაზე, თუ რამდენ ხანს დარჩებოდა წარმოებაში ეს ავტომობილი, როდის დაიწყებოდა მომდევნო თაობის ”კორვეტის” წარმოება, როგორი შეთანწყობა ექნებოდა მას და ა.შ. მაშინ ბევრი ვარაუდობდა, რომ C7 შუაძრავიანი სუპერავტომობილი იქნებოდა.

ბოლო ხანს, ”ჯენერალ მოტორსის” პრობლემების გამო, ინტერნეტში გაჩნდა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ მომდევნო ”კორვეტის” გამოჩენა 2014 წლამდე მოსალოდნელი არ იყო. მაგრამ ორშაბათს ამ მითქმა-მოთქმას წერტილი თვით ”ჯენერალ მოტორსის” მთავარმა აღმასრულებელმა ფრიც ჰენდერსონმა დაუსვა, რომელმაც დეტროიტში სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე, საავტომობილო სამყაროს თავისი კომპანიის უახლოესი გეგმები გააცნო.

თავისი გამოსვლისას, ჰენდერსონმა განაცხადა, რომ ახალი ”კორვეტის” გაყიდვებს ”შევროლე” 2012 წელს დაიწყებს. მაგრამ ამ ავტომობილზე ამის მეტი მას ბევრი არაფერი უთქვამს. ის კი დაადასტურა, რომ ახალ ”კორვეტსაც” ძრავი წინ ექნება, ისევე როგორც მისი წარმოების 57 წლის განმავლობაში ჰქონდა. და, რა თქმა უნდა, C6-ის მსგავსად, ახალ ”კორვეტზეც” უხვად გამოიყენებენ ალუმინს, კარბონის კომპოზიტსა და მაგნეზიუმს.

დანარჩენი კი სამარჩიელოა. მაგალითად, როგორი გარეგნობა ექნება ”შევროლე კორვეტ C7-ს”? შესაძლოა, ამის პასუხი ჩიკაგოს წლევანდელი ავტო შოუს კონცეპტუალური ექსპონატი ”შევროლე სტინგრეი” იყოს, რომელიც მტაცებლური გარეგნობით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, წარმოებამდე ეს ავტომობილი უფრო ”დამშვიდდება”, მაგრამ კონცეპტუალურ ვერსიაზე გამოყენებული არაერთი გადაწყვეტა ალბათ მაინც დარჩება.

”ჯენერალ მოტორსის” ახლებური ხედვიდან გამომდინარე, რომელიც აქცენტს ეკონომიურსა და გარემოსადმი მეგობრულ ავტომობილებზე აკეთებს, ახალი ”კორვეტი” შედარებით მცირე ძრავით აღიჭურვება, რომელსაც აუცილებლად მოემსახურება დამჭირხნი. ოღონდ, ეს ტურბო იქნება, თუ მექანიკური, ამაზე ჯერ რაიმეს თქმა ძნელია. იმისათვის, რომ თავის უშუალო მეტოქეებს - ”პორშე 911-სა” და ”ნისან GT-R-ს” კონკურენცია გაუწიოს, C7-ის ძრავი და გადაცემათა კოლოფი ერთმანთთან ორდისკოიანმა ქურომ უნდა დააკავშიროს.

სავარაუდოა, რომ ახალი ავტომობილი მისი წინამორბედის ევოლუციური განვითარება იქნება. ასევე იყო C6-ის შემთხვევაშიც, რომელიც რეალურად, C5-ის გაუმჯობესებული ვარიანტია. C7-ის ბაზისად კი C6-ის მეტად წარმატებული პლატფორმის მოდერნიზებულ ვერსიას გამოიყენებენ.

ჯერ სულ ეს არის, დანარჩენს კი თქვენთან ერთად დაველოდებით...

No comments:

Post a Comment