”ჰიუნდაიმ” ”ფორდს” გადაასწრო
Hyundai World's 4th Automaker
12 აგვისტო
წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, კორეულმა ”ჰიუნდაი-კიას” ჯგუფმა გაყიდვებით უკან ჩამოიტოვა ”ფორდი” და მსოფლიოს მეოთხე უდიდესი ავტომწარმოებელი გახდა. ორი ავტოგიგანტის გაყიდვებს შორის სხვაობა სულ რაღაც 8 000 ავტომობილია.
კორეული კომპანიის წარმატება, როგორც თავად ”ჰიუნდაისა” და ”კიას” გაყიდვების ზრდამ, ასევე ”ფორდის” გაყიდვების შემცირებამ განაპირობა. კერძოდ, ამერიკული კომპანიის მიერ გაყიდული ავტომობილების რაოდენობა წინა წლის შესაბამის მონაცემებთან შედარებით, 30 პროცენტით, 2.145 მილიონამდე არის შემცირებული.
”ჰიუნდაი” და ”კია” ათი წლის წინ გაერთიანდნენ და მაშინ კორეულ საავტომობილო ჯგუფს მსოფლიოს ბაზარზე მე-11 ადგილი ეკავა. შარშან კორეელებმა ”ჰონდას” გადაასწრეს და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლეს და არაა გამორიცხული, რომ წელსაც ერთი საფეხურით წინ წაიწიონ (მთელი წლის მონაცემებით).
აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი მიმომხილველი ”ჰიუნდაის” და ”კიას” ცალკე კომპანიებად განიხილავს, რისი მიზეზიც ისაა, რომ პირველმა მეორეში თავისი წილი 51-დან 38.67 პროცენტამდე შეამცირა, თუმცა მაინც მის უმსხვილეს აქციონერად რჩება. ამასთან, ორი კომპანია ავტომობილების უმეტესობისთვის ერთსადაიმავე პლატფორმას იყენებს.
No comments:
Post a Comment