Saturday, September 29, 2012

ელექტრული „მერსედეს SLS AMG“ – AMG-ს ყველაზე მძლავრი ქმნილება

Mercedes SLS AMG Electric Drive Shines in Paris, is the Most Powerful AMG Model Ever
29 სექტემბერი
პარიზის ავტოგამოფენაზე, „მერსედეს-ბენცმა“ ყველა გააკვირვა, როდესაც გამოაცხადა, რომ მის პავილიონში მდგარი ელექტრომობილი, სახელად „მერსედეს SLS AMG“, ყველაზე მძლავრი ავტომობილია, რომელიც კი ოდესმე სპორტული და სარბოლი ავტომობილების მწარმოებელ ბრენდ AMG-ს შეუქმნია.
სუპერ ავტომობილი ოტხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც თავ-თავიანთი ბორბლების სიახლოვეს განალაგეს. მათი ჯამური სიმძლავრე 740 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 1000 ნიუტონმეტრია. შტუტგარტულ კომპანიას არ დაუკონკრეტებია, ძრავებს ბორბლებთან რედუქტორი აკავშირებს, თუ ამძრავი ძალის პირდაპირი გადაცემა ხდება. სამაგიეროდ, სიამაყით აცხადებს, რომ ელექტრულ SLS AMG-ს ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.9 წამი ჰყოფნის. მაქსიმალური სიჩქარე კი შეზღუდულია (ენერგიის ხარჯის შესამცირებლად) და „მხოლოდ“ 250 კმ/სთ-ს შეადგენს.
ელექტროძრავებს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომელსაც სითხით გაგრილების სისტემა ემსახურება. ამ სისტემის შექმნაში, AMG-ს პარტნიორობას ბრიტანული კომპანია „ჰაი პერფორმენს ინჯაინსი“ უწევდა. ეს კომპანია იმითაა ცნობილი, რომ მის მიერ არის შემუშავებული სისტემა კერს-ი, რომელსაც ფორმულა ერთში, „მერსედესის“ გარდა, „მაკლარენი“ და „ფორს ინდიაც“ იყენებენ.
ელემენტების ბლოკის ტევადბა 60 კილოვატსაათია და ის სატრანსმისიო გვირაბში და სავარძლების უკან არსებულ სივრცეშია (სადაც შიდაწვისძრავიან ვერსიას ბენზინის ავზი აქვს) ჩატეული. ამგვარად, ელემენტების ბლოკისთვის დამატებითი ადგილის გამოყოფა საჭირო აღარ გახდა. ბლოკის წონა 548 კილოგრამს აღწევს. ჩვეულებრივი შტეპსელიდან ელემენტების სრულ დამუხტვას 20 საათი სჭირდება, სწრაფად დამმუხტავი მოწყობილობისთვის კი სამი საათიც საკმარისია. ავტომობილი ასევე მუხრუჭების კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემითაცაა (კერს-ით) აღჭურვილი, რომელიც მოძრაობისას, ელემენტების ენერგიით (ნაწილობრივ) შევსებას ემსახურება. ამასთან, ფ1-ის მსგავსად, მძღოლს ამ სისტემის მუშაობის რეჟიმის შერჩევის საშუალება აქვს.

იმისათვის, რომ მანქანის წინა ნაწილში ძრავები განელაგებინათ, AMG-ს ინჟინრებმა მისი წინა საკიდარი გადააკეთეს. შეიცვალა საჭის ელექტრო-ჰიდრავლიკური გამაძლიერებელი. ელემენტების ბლოკის წონის დასაბალანსებლად, შასის სტრუქტურაში, ალუმინის და კარბონის კომპოზიტის წილი გაიზარდა. ამასთან, ელექტრომობილი მძლავრი მუხრუჭებითაც აღჭურვეს (ესეც გაზრდილი წონის გამო). წინა მუხრუჭებში 402 მილიმეტრი დიამეტრის დისკოები გამოიყენეს, უკან კი - 360-მილიმეტრიანი. დისკოები კარბონკერამიკულია. მანქანის წინა ნაწილი 19-დუიმიან ბორბლებზე დგას (რეზინის ზომებია 265/35), უკანა კი - 20-დუიმიანზე (295/30).
„ჩვენი ელექტრული SLS „მერსედეს-ბენცის“ დინამიურობის მაჩვენებელია. და ეს ჩვენი ეს შესაძლებლობა, განსაცვიფრებელი სახით წარმოგიდგინეთ“, - ავტომობილის წარდგენისას განაცხადა „დაიმლერის“ მთავარმა აღმასრულებელმა და „მერსედეს-ბენცის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დიტერ ცეტშემ.
„მერსედეს SLS AMG-ს“ ფასი 416 500 ევროა, რაც თითქმის ორჯერ მეტია შიდაწვისძრავიანი „SLS AMG GT კუპეს“ ფასზე.




ასევე წაიკითხეთ

„მაკლარენ P1“ – F1-ის შემცვლელის პირველი გამოცხადება

No comments:

Post a Comment