Saturday, September 29, 2012

„ენცოს“ შემცვლელის კარბონის შასი (ვიდეო)

Ferrari Reveals Enzo’s Successor Carbon Fiber Chassis at the Paris Motor Show
28 სექტემბერი
პარიზის მოტორ შოუზე, „ფერარიმ“ თავისი მომავალი ფლაგმანის, ლეგენდარულ „ენცოს“ შემცვლელის მონოკოკური კაპსულა წარადგინა, რომელიც მთლიანად კარბონის კომპოზიტისგანაა შექმნილი. ამ ავტომობილზე მარანელოელთა ისტორიაში პირველი ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი დაემყნობა, რომელსაც პირველად ალბათ დეტროიტში, ან ჟენევაში ვიხილავთ.
წინა ორ წელიწადში „ფერარიმ“ მთელი თავისი სამოდელო გამა განაახლა. დაიწყო „458 იტალიას“ კუპე და სპაიდერ ვერსიების წარმოება, პირველად გამოუშვა სრულამძრავიანი FF, რომელიც ეგრეთ წოდებულ შუტინგ ბრეიკ სტილშია შესრულებული, დაიწყო „F12 ბერლინეტას“ წარმოება, რომლითაც პოპულარული 599 შეცვალა და განაახლა კუპე-კაბრიოლეტი „კალიფორნია“. ეს უკვე საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ „ფერარის“ მესვეურებს ფეხი ფეხზე შემოედოთ და მოგების დათვლაზე გადასულიყცნენ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა...
როგორც კი „ენცოს“ ბოლო, მე-400 ეგზემპლარი გამოუშვა (2004 წელს), „ფერარის“ გამა ფლაგმანს მოისაკლისებს. „ენცოს“ შემცვლელს ბაზარი ამ წლების განმავლობაში მოუთმენლად ელის, მაგრამ ჯერჯერობით, ეს ნიშა შეუვსებელია. თუმცა, ეს ნაკლი მალე გამოსწორდება, ამის პირველი უტყუარი ნიშანი კი მარანელოელებმა პარიზის მოტორ შოუზე, ზემოთ ნახსენები მონოკოკის სახით გვაჩვენეს.

„ფერარის“ მთავარმა აღმასრულებელმა ამედეო ფელისამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ენცოს“ შემცვლელი, რომელიც ამ ეტაპზე, F70-ის სახელითაა ცნობილი, ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება, რომელშიც V12 ძრავი (ბაზაში განლაგებული) და პატარა ელექტრო ძრავი შევა. ეს უკანასკნელი, ენერგიას მანქანის ძირში მოთავსებული ელემენტების ბლოკისგან მიიღებს.
ამ ეტაპზე, აღნიშნული აგრეგატის მახასიათებლებზე მხოლოდ მსჯელობა თუ შეიძლება. თუმცა, არც ეს იქნება ურიგო. მაშ ასე, „F12 ბერლინეტას“ V12 ძრავი 730 ცხენის ძალას და შესაძლოა, F70-ისთვის გაიზარდოს კიდეც. ამასთან, ფელისას ნათქვამი აქვს, რომ ელექროძრავის სიმძლავრე მინიმუმ 100 ცხენის ძალაა. ეს კი ნიშნავს, რომ „ენცოს“ შემცვლელის სამსახურში აუარებელი ცხენის რემა ჩადგება. ფელისას ისიც აქვს ნათქვამი, რომ ელექტროძრავის დახმარებით, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა 35 პროცენტით არის შემცირებული (F12 ბერლინეტასთან შედარებით).
რაც შეეხება შასის, რომელიც მარანელოელებმა პარიზში გამოფინეს. მისი შემუშავებისას ფორმულა ერთის ტექნოლოგია გამოიყენეს, სადაც მათ უზარმაზარი გამოციდლება აქვთ დაგროვილი. ტექნოლოგიის გარდა, კომპანიას ფ1-ის საჯინიბოს თანამშრომლებიც გამოადგა, რომლებსაც გამოცდილება სახელოვან სამხრეთაფრიკელ ინჟინერ რორი ბირნთან მუშაობისას აქვთ მიღებული. ცნობისათვის, ამ კაცს „ფერარის“ მიერ 11 ტიტულის (როგორც მრბოლთა, ასევე გუნდური) მოპოვებაში მიუძღვის წვლილი!
შასიზე მუშაობისას, „ფერარიმ“ უარი თქვა კარბონის კომპოზიტის ინდუსტრიულ მეთოდზე, რადგან ჩაითვალა (ეს ექსპერიმენტებით დადასტურდა), რომ ამ გზით, საჭირო სიმტკიცის და სიხისტის სტრუქტურის მიღება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ შეჩერდა არჩევანი ფ1-ში აპრობირებულ ტექნოლოგიაზე, რაც საკმაოდ ძვირია.
შასის სტრუქტურაში, კარბონის ბოჭკოს ოთხი სხვადასხვა ქსოვილია გამოყენებული. ყველაფერი ხელით კეთდება. არავითარი ავტომატიზაცია. სპეციალური ეპოქსიდის ფისით გაჟღენთილი ქსოვილი ხელით იკვრება მატრიცებში, რის შემდეგაც, ფორმირება სპეციალურ ავტოკლავებში, მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ მიმდინარეობს. ავტოკლავამდე, მონოკოკის სტრუქტურაში ხდება იმ დეტალების ინტეგრირება, რომლებსაც შემდგომში, სხვადასხვა ნაწილის დასამაგრებლად იყენებენ.
ამ ოთხი ქსოვილიდან, ერთის მარკაა T800, რომელსაც ძირითადი სტრუქტურის დასამზადებლად იყენებენ. გასაძლიერებელი დანიშნულება აქვს T800UD მარკის კარბონის ქსოვილს. კონსტრუქციის წონის კონტროლისთვის, მონოკოკის ძირის ფორმირებისას M46J მარკის კარბონს იყენებენ. დაბოლოს, მარკა T1000. ესაა ყველაზე ენერგოშთანმთქმელი მასალა, რომელსაც მაგალითად, ფ1-ის ბოლიდის ცხვირის კონსტრუქციაში იყენებენ. მისგან დამზადებული დეტალების დანიშნულება, შეჯახებისას, ძირითადი სტრუქტურის დაცვაა. ძირზე გარე ფენად ასევე იყენებენ კევლარის ბოჭკოსგან ფორმირებულ შრეს, რომელიც კონსტრუქციას გარე სხეულებთან კონტაქტისას იცავს.
„ენცოსთან“ შედარებით (ამასაც კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული შასი აქვს), ახალი შასის გრეხვითი დატვირთვებისადმი მედეგობა 27 პროცენტით არის გაზრდილი. მთლიანი სიმტკიცე 22 პროცენტით გაიზარდა. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდული სისტემა შიდაწვის ძრავზე მძიმეა, კარბონის უხვად გამოყენების წყალობით, ავტომობილის შასის წონა მაინც 20 პროცენტით არის შემცირებული.

ვიდეო





ასევე წაიკითხეთ

„მაკლარენ P1“ – F1-ის შემცვლელის პირველი გამოცხადება

No comments:

Post a Comment