Saturday, October 6, 2012

ფეტელის ზედზედ მეოთხე პოული სუძუკაზე

Vettel back on pole in Japanese Bull run
6 ოქტომბერი

იაპონიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე ახალი არაფერი მოხდარა - ყველაზე სწრაფი, ისევე როგორც წინა სამ შემთხვევაში, ისევ სებასტიან ფეტელი იყო, რომელსაც სტარტზე გვერდს თანაგუნდელი მარკ უებერი დაუმშვენებს. სხვათა შორის, რბოლის შემდეგ ფეტელი სტიუარდებმა გამოიძახეს, რომლებმაც კვალიფიკაციის მიწურულს, მასა და ალონსოს შორის მომხდარი მცირე ინციდენტი განიხილეს. ესპანელის აზრით, მეტოქემ მას ხელი შეუშალა. ფეტელი გადარჩა, მას მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება აკმარეს...
ადგილობრივი მაყურებლისთვის განსაკუთრებით სასიხარული ის იყო, რომ მეოთხე შედეგი კამუი კობაიაშიმ აჩვენა, რომელიც სტარტზე მესამე დადგება, რადგან კვალიფიკავიაში მესამეზე გასულ ჯენსონ ბატონს ხუთი ადგილით უკან დაწევა მოუწევს - იაპონიამდე მას კოლოფი შეუცვალეს.
რბოლას მესამე რიგიდან დაიწყებს ჩემპიონატის ლიდერი ფერნანდო ალონსო, რომელიც თვალსა და ხელს შუა კარგავს უპირატესობას და თუ „ფერარიმ“ მანქანის აეროდინამიკას დროზე ვერ მიხედა, ესპანელი ვერც ამჯერად შეძლებს მესამედ გაჩემპიონებას. არადა, ის 29 ქულა, რომელიც მას ფეტელისგან აშორებს, საკმაოდ დამაჯერებლად მოჩანს. მასა და კობაიაშის შორის კი ორი პილოტი - რომენ გროჟანი და სერხიო პერესი დადგება.

მოკლედ, ფეტელმა კვალიფიკაციებში „მაკლარენის“ ბიჭების დომინაციას წერტილი დაუსვა. ბატონმა და ჰამილტონმა ზედიზედ მეხუთე პოულის მოპოვებისთვის იბრძოლეს, მაგრამ შესაბამისად, მეოთხე და მეხუთე რიგში დადგებიან. როგორც პრაქტიკების რეპორტაჟშიც გითხარით, ბოლოს „მაკლარენის“ მანქანით ზედიზედ ხუთი პოული მიკა ჰაკინენმა მოიგო.
„თითქმის იდეალური საკვალიფიკაციო სესია მქონდა. უფრო მეტზე ვერც ვინატრებდი. მანქანა დასაწყისიდანვე შესანიშნავად მუშაობდა“, - განაცხადა 25 წლის ფეტელმა, ვინც კარიერაში 34-ე კვალიფიკაცია მოიგო და ამ მაჩვენებლით, ყველა დროის მესამე საუკეთესო გახდა. მასზე მეტი პოული მხოლოდ მიხაელ შუმახერის და აირტონ სენას აქვთ, შესაბამისად 68 და 65.
ფეტელს გამარჯვებაში შესაძლოა ხელი კიმი რაიკონენის ინციდენტმა შეუწყო - ფინელმა ბოლო სწრაფ წრეზე შეცდომა დაუშვა და გრუნტის ზოლში გაჩერდა, რის გამოც, ტრასის იმ მომაკვეთში ყვითელი შუქები აანთეს. ეს კი ნიშნავს, რომ ტრასის ამ მონაკვეთის სრული ტემპით გავლა არავის შეეძლო. დაზარალებულთა შორის ალონსოც აღმოჩნდა.
„რა შეიძლება ვთქვა გარდა იმისა, რომ არ გამიმართლა? ყვითელი დროშები მაშინ გამოფინეს, როდესაც მე-14 მოსახვევში ვიყავი. ამ შემთხვევამდე, კარგი ტემპი მქონდა და შესაძლოა, მეოთხე დროც მეჩვენებინა. და ამ შემთხვევაში, სტარტზე მესამე ადგილს დავიკავებდი“, - განაცხადა ალონსომ.

იაპონიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:30.839
2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:31.090
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:31.290
4. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         1:31.700
5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   1:31.898
6. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           1:32.022
7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:32.114
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:32.208
9. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:32.327
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          დროის გარეშე
- - - - - - - - - -
11. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:32.293
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:32.327
13. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                1:32.469
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1:32.512
15. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:32.625
16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:32.954
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:33.368
- - - - - - - - - -
18. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                        1:33.405
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:34.657
20. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                            1:35.213
21. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:35.385
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1:35.429
23. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:35.432
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)     1:36.734

No comments:

Post a Comment