Friday, October 5, 2012

„ფორდ ეკოსპორტის“ ევროპული დებიუტი პარიზში


Ford EcoSport Small SUV Makes its European Debut at the Paris Motor Show
5 ოქტომბერი
B-სეგმენტის უგზოობის ავტომობილები სწრაფად მზარდი ბაზარია და ბუნებრივია, დიდი ავტოკომპანიები მას სათანადო ყურადღებას აქცევენ. მათ შორისაა „ფორდიც“, რომელმაც რომელმაც პარიზის მოტორ შოუზე, სწორედ ამ სეგმენტის „ეკოსპორტი“ წარმოადგინა, ავტომობილი, რომელიც „ფორდს“ ბრაზილიურმა ცენტრმა შეიმუშავა.

სხვათა შორის, ეს ამერიკული კომპანიის პირველი გლობალური ავტომობილია, რომელიც სამხრეთ ამერიკაში შეიმუშავეს. და გასაკვირი არაა, რომ პარიზამდე მისი პრემიერა სწორედ ბრაზილიაში შედგა. უფრო მეტიც, მას პირველ რიგში სწორედ იქაურ მყიდველს შესთავაზებენ, შემდგომში კი „ეკოსპორტს“ ევროპაში, ინდოეთში და სხვა ბაზრებზეც შეიტანენ.
„ეკოსპორტი“ ევროპასა და მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარულ, B-სეგმენტის ჰეჩბეკ „ფიესტას“ მოდიფიცირებულ პლატფორმაზეა ბაზირებული. უგზოობის პატარა ავტომობილის სიგრძე 4.240 მეტრია, ბორბლებს შორის ბაზა კი - 2.52 მეტრი. მისი საბარგულის მოცულობა მხოლოდ 320 ლიტრია, თუმცა როცა უკანა სავარძლები იკეცება, მოცულობა 705 ლიტრამდე იზრდება.
პარიზში წარდგენილი ავტომობილი წინაამძრავიანია, თუმცა მომავალში მყიდველს სრულამძრავიან „ეკოსპორტსაც“ შესთავაზებენ. ამ ავტომობილის ევროპული ვერსიის აღჭურვილობაში შევა სერია „ეკობუსტის“ სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი (ბენზინის) ძრავი, რომლის სიმძლავრე 118 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 160 ნიუტონმეტრია. გარდა ამისა, ეს ავტომობილი სხვა ძრავებიტაც აღიჭურვება.
ამ ავტომობილით „ფორდი“ კონკურენციას „ოპელ მოკას“ და „ნისან ჯუკს“ გაუწევს, თუმცა ანალიტიკოსები თვლიან, რომ მას „მერსედეს-ბენცის“ უახლესი B-კლასის ღირსეული მეტოქეობაც შეუძლია.
საინტერესოა, რომ „ეკოსპორტი“ აღიჭურვება „ფორდის“ საფირმო კავშირის სისტემა SYNC-ით, რომელიც ხმოვანი სიგნალებით, რამდენიმე ფუნქციის შესრულების საშუალებას იძლევა. მისი დახმარებით შესაძლებელია როგორც ტელეფონის გამოყენება, ასევე მულტიმედიური სისტემის მართვაც. ეკიპირებაში ასევე შედის ელექტრონული სტაბილურობის პროგრამა და აღმართზე დაძვრის დამხმარე სისტემა.

No comments:

Post a Comment