Saturday, October 20, 2012

როგორ გაექცა ქართველ მრბოლს ფრანგი ჩემპიონი

20 ოქტომბერი

ევროპულ არენაზე დათა ქაჯაიას გამარჯვებამ, ავტოსპორტის მოყვარულები ძალიან გაგვახარა. ეს ყველაზე დიდი მიღწევაა, რისთვისაც კი ოდესმე ქართველ მრბოლებს (საქართველოს მოქალაქეებს) უცხოეთში მიუღწევიათ. მაგრამ ვინც ჩვენი რეპორტაჟებით თუნდაც მწირი ინფორმაციის მიღებას ახერხებდა, ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ ლეჯენდსის კლასში ევროპის ეროვნებათა სერიას, მისი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ძლიერი მონაწილე, ფრანგი რუდი სერვოლი დროზე ადრე გამოეთიშა...


სერიის მესამე ეტაპის ენდურენს რბოლაში, რომელიც საფრანგეთის ავტოდრომ დიჟონზე გაიმართა, ქაჯაიამ სერვოლთან დაძაბულ პაექრობაში, ბოლო მეტრებზე მოიპოვა გამარჯვება. ამ ეტაპის შემდეგ, სერვოლი სერიას აღარც გაჰკარებია... თავიდან ითქვა, რომ ეს სერვოლის პირადი პრობლემების გამო მოხდა. მაშინ იყო ვარაუდი რომ ფრანგი მრბოლი დარჩენილ ეტაპებზე მაინც მიიღებდა მონაწილეობას. მაგრამ ასე არ მოხდა.

რა თქმა უნდა სჯობდა, ჩვენებურს ბოლომდე საუკეთესოსთან პაექრობაში მოეპოვებინა ჩემპიონის წოდება. სხვათა შორის, ეს თავად დათასაც უთქვამს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ბელგიელი კლოდ ვატეინი, ვისთან ბრძლაშიც ქაჯაიამ დამსახურებულად მოიპოვა სერიის მთავარი თასი, სერვოლზე არანაკლებ გამოცდილი და სწრაფი მრბოლია.
ჩვენებმა სერვოლის მოულოდნელი გაუჩინარების ამბავი, თავად ფრანგებისგან, ბოლო ეტაპის შემდეგ შეიტყვეს: თურმე მთავარი ის ყოფილა, რომ სერვოლს წაგება არც სჩვევია და არც ჰყვარებია... სადაც უასპარეზია, ყველა სერიას იგებდა. და აი, ერთ-ერთ სერიაში, რომელიც საფრანგეთში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, მზარდი პოპულარობით სარგებლობს, აღმოსავლური ქვეყნიდან ჩამოსული მრბოლი ამარცხებს. და სწორედ ამიტომაც მიატოვა ჩემპიონატი.

მოკლედ, ქართული „ვენი, ვიდი, ვიცი“ შედგა. ახლა საჭიროა მიღწეულის შენარჩუნება და პარალელურად, წინსვლაც! ქაჯაიასთვის ეს ეტაპი გადალახულია და კარგი იქნება, თუ მას უფრო მაღალი კლასის შეჯიბრშიც თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა. ამ სეზონში მოპოვებული გამარჯვებები, მისთვის კარგი სარეკომენდაციო წერილია.

ლეჯენდსის კლასის ეროვნებათა თასზე კი (ჩავთვალოთ, რომ ეს სამომავლო წინსვლისთვის საჭირო პლაცდარმია) ქართველებმა ყოველთვის უნდა იასპარეზონ. და მეორე გამოსვლა რომ პირველზე არანაკლებ წარმატებული იქნება, ამაზე თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ დათას საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე ძალიან ძლიერი კონკურენტი ჰყავს.

და რაც უფრო მეტი ქართველი მრბოლი მიაღწევს საზღვარგარეთ წარმატებას, მით უფრო მაღლა აიწევს საქართველოს ჩემპიონატის დონე, რომელიც, თუ თუნდაც ერთ ეტაპს ნახავთ, დარწმუნდებით, რომ ისედაც საკმაოდ მაღალია (ნიჭიერ პილოტების რაოდენობის მიხედვით). და სხვების წარმატების გამეორების ხიბლი, სპორტის ამ სახეობით კიდევ უფრო მეტ ადამიანს დააინტერესებს...

ასევე წაიკითხეთ:

დათა ქაჯაიას პირველი გამარჯვება ევროპაში!

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/05/blog-post_19.html

ქაჯაიას ჰეთ-თრიკი ნოგაროზე

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/09/blog-post_2506.html

დათა ქაჯაია ევროპის ჩემპიონია

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/10/blog-post_4150.html

No comments:

Post a Comment