Sunday, October 14, 2012

დათა ქაჯაია ევროპის ჩემპიონია

Legends Cars Cup, Championat Europeen 2012
14 ოქტომბერი
პირველ რიგში, იმ ინფორმაციას მშრალად გაგიზიარებთ, რომელიც „მია ფორსის“ გუნდის უფროსმა მამუკა ჟორჟოლაძემ მოგვაწოდა. ისევე როგორც წინა ეტაპები, ბოლო ეტაპიც, რომელიც საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ლედენონის ტრეკზე ჩატარდა, სამი რბოლისგან შედგებოდა - ორი სპრინტი (20-20-წუთიანი რბოლები) და ერთიც ენდურენსი, ანუ გრძელი რბოლა, რომელიც ორი 20-წუთიანი რბოლისგან შედგება, რომელთა შორისაც სავალდებულო პიტსტოპი სრულდება.
 ორივე სპრინტზე ადგილები საკვალიფიკაციო რბოლებისას განაწილდა. დათა ქაჯაიამ პირველზე მეოთხე დრო აჩვენა, მეორეზე კი - მეორე. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო ეტაპის წინ, კლასიფიკაციაში უახლოეს მდევარს, ბელგიელ კლოდ ვატეინს ქაჯაია 23 ქულით (687-664-ზე) უსწრებდა. ვატეინს კი 12.5 ქულით ჩამორჩებოდა ფრანგი ფაბიან ბოერი. ჩვენი გუნდის მეორე მეორე მრბოლს, კონსტანტინე კოლიაშვილს 576 ქულით მეშვიდე ადგილი ეკავა.
პირველ სპრინტ რბოლაში, დათამ მეხუთე ადგილი დაიკავა. მის დასაწყისში, მეორე ადგილამდე დაწინაურება შესძლო, თუმცა ზედმეტ რისკს მოერიდა და ამის გამო, ორმა მეტოქემ გაასწრო. სამწუხაროდ, არ გაუმართლა კოლიაშვილს, რომლის მანქანასაც პრობლ;ემები შეექმნა და საბოლოოდ, მეათე ადგილს დასჯერდა.
მეორე რბოლაში ქაჯაია თავიდანვე დაწინაურდა, სოლიდურ უპირატესობას მიაღწია და ფინიშამდე ახლოსაც არავინ გაიკარა. მეორე და მესამე ადგილები ვატეინმა და ბოერიმ დაიკავეს. ჩემპიონის ვინაობა პრაქტიკულად ამ რბოლის შემდეგ გადაწყდა - ენდურენსში ქაჯაიას ბოლო ადგილის შემთხვევაშიც ვეღარავინ გაასწრებდა.
დათამ ენდურენსზე სტარტი პოულიდან აიღო და თავიდანვე სოლიდური ჰანდიკაპი შეიქმნა. თითქმის 20 წუთის განმავლობაში, მას ვერავინ მიუახლოვდა. პარალელურად, კოლიაშვილი მეხუთე ადგილამდე დაწინაურდა. უფრო მეტიც, ის წინ მიმავალსაც უტევდა, მაგრამ პიტსტოპზე შესვლისას, უკნიდან მეტოქე დაეჯახა. კოტემ რბოლის გაგრძელება მაინც შეძლო, თუმცა ფინიშთან მეშვიდე მივიდა.


რაც შეეხება ქაჯაიას, რბოლის მეორე ნაწილი მან ბოერისთან ბრძოლაში გაატარა. თუმცა, ეს ბრძოლა, ქართველის მხრიდან უფრო კატა-თაგვობანას თამაშს ჰგავდა. რამდენჯერაც ბოერიმ გასწრება შესძლო, დათამ იმდენჯერ ლიდერობა დაიბრუნა. ფინიშამდე 3 წრით ადრე კი საბოლოოდ დაწინაურდა და მეტოქეს მცირე შანსიც აღარ დაუტოვა.


აღსანიშნავია, რომ ბოლო რბოლაში, ქაჯაიას ერთი საბურავი ძალიან გაუცვდა და იყო იმის რეალური საშიშროება, რომ ფინიშამდე ვერ გაეძლო. მაგრამ პიტ სტოპზე მისი გამოცვლისგან თავი შეიკავეს, რადგან ახალი საბურავით, მაღალი ტემპის შენარჩუნებას ვერ შეძლებდა. საბოლოოდ, იღბალმა უძლიერესს ზურგი არ აქცია და ქაჯაიამაც გამარჯვების წერტილი დაუსვა ქართველთა პირველ ევროპულ „გასეირნებას“...





ასევე წაიკითხეთ
ქართული ავტოსპორტი



ქაჯაიას ჰეთ-თრიკი ნოგაროზე


No comments:

Post a Comment