Sunday, September 9, 2012

ქაჯაიას ჰეთ-თრიკი ნოგაროზე

9 სექტემბერი
დათა ქაჯაიამ ფრანგებს ქართული ჰიმნი კარგად ასწავლა (მამუკა ჟორჟოლაძის ფოტო)

ამ უქმეებზე, საფრანგეთის სამხრეთის ქალაქ ნოგაროსთან არსებულ ავტოდრომზე, საქართველოს ჰიმნი სამჯერ დაუკრეს. ამაში „დამნაშავე“ კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კლუბ „მია ფორსის“ მრბოლი დათა ქაჯაიაა, რომელმაც კლას ლეჯენდსში, ევროპის ეროვნებათა სერიის მე-6, ბოლოსწინა ეტაპის სამივე რბოლა მოიგო და გარდა იმისა, რომ სერიის ლიდერობა დაიბრუნა, დიდი უპირატესობითაც დაწინაურდა.


ასეთი ნისლის მიუხედავად, ქაჯაიას ტემპი არ შეუმცირებია...  (მამუკა ჟორჟოლაძის ფოტო)

პირველი სპრინტი რომ დათამ მოიგო, ეს გუშინვე გაცნობეთ. არ ვიცოდით მხოლოდ, რომ ჩვენებურს ორივე კვალიფიკაციაზეც საუკეთესო დრო ჰქონდა. მეორე სპრინტი ურთულეს მეტეო პირობებში ჩატარდა. ფოტოზეც ჩანს, როგორი სქელი ნისლი ჩამოწვა ტრასაზე, მაგრამ ორგანიზატორებმა რბოლის ჩატარება მაინც გადაწყვიტეს.

თავიდან დათას 226 ნომრით მოასპარეზე მეტოქემ გაასწრო, მაგრამ როგორც კი ქართველმა ნისლში რბოლას ალღო აუღო, მაშინვე წამოეწია მეტოქეს და გასწრების პირველივე შანსი გამოიყენა, რის შემდეგაც, მის ლიდერობას საფრთხე აღარ შექმნია. როგორც „მია ფორსის“ გუნდის უფროსი მამუკა ჟორჟოლაძე ამბობს, ტრიბუნიდან მანქანების დანახვაც კი პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნებოდა ასეთ დაბალ ხილვადობაში რბოლა. თუმცა, ქაჯაია მეორედაც დაიმსახურა ქართული ჰიმნის დაკვრა...
დათა ქაჯაია და მამუკა ჟორჟოლაძე
მესამე, დიდ (ოფიციალურად ენდურენს, გამძლეობაზე რბოლა ეწოდება) რბოლაში, დათა თავიდანვე წინ გაიჭრა და ახლოს აღარც არავინ გაიკარა. ენდურენსი მეშვიდე ადგილზე დაასრულა „მია ფორსის“ კიდევ ერთმა მრბოლმა კონსტანტინე კოლიაშვილმა, ვინც საერთო კლასიფიკაციაში (ჯერ არ გამოქვეყნებულა) ალბათ მე-5 ადგილზე გადაინაცვლებს.
კონსტანტინე კოლიაშვილი და დათა ქაჯაია  (მამუკა ჟორჟოლაძის ფოტო)
დათა ქაჯაია ამ სამი გამარჯვებით აუცილებლად ლიდერი გახდება. უფრო მეტიც, მისი უპირატესობა უახლოეს მდევართან 25 ქულაზე მეტი იქნება. საქმე ისაა, რომ ენდურენსის დასრულება ვერ შეძლო მისმა მთავარმა მეტოქემ ბელგიიდან კლოდ ვატეინმა. მას ჯერ კიდევ კვალიფიკაციაზე დაეწვა ძრავი. მართალია ახალი დაუყენეს, მაგრამ მისთვის ჩვეული ტემპი ვერ განავითარა. ბოლოს კი ისევ მანქანამ უმტყუნა და ფინიშსაც ვერ მიაღწია.
ქაჯაიას მანქანა პირველი ნომრით  (მამუკა ჟორჟოლაძის ფოტო)
შეგახსენებთ, რომ ნოგაროს ეტაპამდე, ქაჯაია ვატეინს 5.5 ქულით ჩამორჩებოდა, მესამეზე მყოფ ფრანგ ფაბიან ბოერის კი 24.5 ქულას უგებდა. ნოგაროს შემდეგ ვატეინი საჩემპიონო ბრძოლას გამოეთიშა, ბოერისთან უპირატესობა კი აუცილებლად გაიზრდება. რამდნდ, ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ, როდესაც სერიის ორგანიზატორები ოფიციალურ კლასიფიკაციას გამოაქვეყნებენ.




ასევე წაიკითხეთ:
ქართული ავტოსპორტი

1 comment:

  1. ///გილოცავ დათა! ნამდვილად ყველაზე მაგარი ხარ!

    ReplyDelete