Saturday, May 19, 2012

დათა ქაჯაიას პირველი გამარჯვება ევროპაში!

19 მაისი
ქართველმა მრბოლმა დათა ქაჯაიამ კლას ლეგენდის თასის (ლეჯენდ ქარ კაპ) ევროპის ეროვნებათა სერიის მესამე ეტაპის პირველი რბოლა მოიგო. მესამე ეტაპს საფრანგეთის დიჟონის ავტოდრომი მასპინძლობს, სადაც ერთ დროს ფორმულა ერთის რბოლები ტარდებოდა.
ორი ეტაპის შემდეგ, ქაჯაიას კლასიფიკაციაში მეორე ადგილი ეკავა და ლიდერ რუდი სერვოლს 8.5 ქულით ჩამორჩებოდა. მაგრამ აქ ისიც უნდა ითქვას, რომ სერვოლს რამდენიმე სეზონი ლეჯენდსის და სხვა კლასების რბოლებში აქვს გატარებული, ქაჯაია კი ამ კლასის მანქანის საჭეს პირველად აპრილში მიუჯდა და ევროპის ეროვნებათა სერიის პირველივე რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა. მეორე ეტაპზე, რომელიც მანი კურზე (ასევე ფ1-ის ტრასა) ჩატარდა, მეორე ადგილი დაიკავა, მესამე ეტაპის პირველი რბოლა კი მოიგო.
მეორე რბოლაში გამარჯვების შემთხვევაში, ქაჯაიას დიდი შანსი აქვს იმისა, რომ კლასიფიკაციას სათავეში ჩაუდგეს. ნებისმიერ შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ მისი დებიუტი ევროპულ არენაზე ძალიან წარმატებულია.
ცნობისათვის, ლეჯენდსის თასის ევროპის ეროვნებათა სერიის კალენდარში სულ 7 ეტაპი შედის. შემდეგ ეტაპს 8-10 ივნისს ბელგიის სპა ფრანკორშანი მასპინძლობს, რომელიც სერიის ტრასებიდან, ფ1-ის ერთადერთი მოქმედი ტრასაა. მას ჰოლანდიის ცანდფოორტი (24-26 აგვისტო, ასევე ფ1-ის ყოფილი ტრასა), საფრანგეთის ნოგარო (7-9 სექტემბერი, ტულუზასა და ბორდოს სიახლოვეს) და ბოლოს, საფრანგეთის ლედენონი (12-14 ოქტომბერი, მარსელის და მონპელიეს მახლობლად) მოჰყვება.

No comments:

Post a Comment