Monday, October 22, 2012

მარიო ანდრეტი ოსტინის ტრეკს აქებს (ვიდეო)

Mario Andretti lauds 'phenomenal' Circuit of the Americas
22 ოქტომბერი
მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ამერიკელმა მარიო ანდრეტიმ ოსტინის ტრეკი „ცირკვიტ ოფ ამერიკას“ პირველმა დააგემოვნა და მას ფენომენური უწოდა. ტრეკი პრაქტიკულად მზადაა რბოლების მისაღებად. ამჟამად მასზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. იმავდროულად, უკვე ჩატარდა ეგრეთ წოდებული „პირველი წრის ცერემონია“, რომეშიც ანდრეტის გარდა, „ლოტუსის“ სარეზერვო პილოტი ჯერომ დ’ამბროზიოც მონაწილეობდა.
ტრასაზე პირველი ანდრეტი გამოვიდა, რომელმაც პირველი წრე თავისი საჩემპიონო „ლოტუს 79-ით“ შეასრულა, რომლითაც ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 1978 წელს მოიპოვა. ამის შემდეგ, მან სხვა სარბოლი ავტომობილებითაც რამდენჯერმე შემოუარა ახალ ტრასას. ბოლოს ის „ლოტუს R30-ის“ საჭესთანაც უნდა დამჯდარიყო, მაგრამ მანქანა გაჭირვეულდა და ანდრეტის მისი პილოტირების საშუალება აღარ მიეცა.
„რასაც ველოდი, იმაზე გაცილებით უკეთესია. ტრეკი ფენომენურია. მას ბევრი ისეთი თვისება აქვს, რითაც ყველას მოეწონება. ის გასწრების შესაძლებლობასაც იძლევა. ამის საშუალება რამდენიმე მოსახვევში არსებობს. ამ ტრასაზე ძალიან ბევრი დადებითის თქმა შეიძლება“, - ამბობს ანდრეტი.
როგორც კი „ლოტუს R30“ ჭკუაზე მოიყვანეს, მის საჭეს დ’ამბროზიო მიუჯდა. ბელგიელმა ახალ ტრეკს გემო კი გაუგო, მაგრამ მანქანამ დიდხანს ტკბობის საშუალება არ მისცა. რამდენიმე წრე საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ ოსტინის ტრეკისთვის საქებარი სიტყვები დ’ამბროზიოსაც გაემეტებინა:
„შესანიშნავი დღე მქონდა. შესანიშნავი ტრეკია. მიხარია, რომ R30-ით მისი ტესტირების საშუალება მომეცა. გზის საფარი ძალიან სწორი და ხარისხიანია. მასზე რამდენიმე კარგი ადგილია გასასწრებად. რამდენიმე S-მოსახვევი ერთმანეთს ენაცვლება. არის სწრაფი მოსახვევებიც. საწყენია რომ ძრავმა მხოლოდ რამდენიმე წრის გავლის საშუალება მომცა. თუმცა, რაც გავიარე, იმითაც ძალიან ვისიამოვნე და ტრასაზე შთაბეჭდილება შემექმნა“.
დ’ამბროზიო დასძენს, რომ განსაკუთრებით საინტერესო პირველი მოსახვევი ჩანს, სადაც სტარტზე საინტერესო ბატალიებია მოსალოდნელი. ბელგიელს ქალაქი ოსტინიც მოეწონა და მან იმედი გამოთქვა, რომ რბოლის დღეებში, მთელი ქალაქი ფ1-ით იცხოვრბს.
ამერიკის შეერთებული შტატების დიდი პრიზი 18 ნოემბერს ჩატარდება.


ვიდეო

No comments:

Post a Comment