Sunday, November 7, 2010

”გუგლი” თვითმავალ ავტომობილებს ცდის

Google Developing a Self-Driving Car, And It Works

7 ნოემბერი

კომპანია ”გუგლი” საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებს - მისმა სპეციალისტებმა, ”ტოიოტას” ჰიბრიდული ”პრიუსის” ბაზაზე, 7 ისეთი ავტომობილი მოამზადეს, რომლებსაც დამოუკიდებლად, მძღოლის გარეშე გადაადგილება შეუძლია. კალიფორნიაში, სან ფრანცისკოს გარეუბნებში, საცდელ რეჟიმში, ავტომობილებმა 140 000 მილზე მეტი გაიარეს და ამ დროს, ერთადერთი ინციდენტი შემმთხვათ. თანაც, ეს ინციდენტიც შუქნიშანზე, სხვისი მიზეზით მოხდა - ”გუგლის” ავტომობილს უკნიდან მძღოლიანი მანქანა დაეჯახა.

უნდა ითქვას, რომ საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ბევრი ავტო მწარმოებელი არაერთ საინტერესო სისტემას ქმნის, რომლებიც მძღოლს დახმარებას უწევენ. შექმნილია ავტომატური პარკირების სისტემა, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია ავტომობილის სადგომზე დაყენება. არსებობს სპეციალური კონკურსიც, რომელზეც ერთმანეთს ისეთ ავტომობილებს აჯიბრებენ, რომლებსაც ელექტრონიკა მართავს. მაგრამ ასეთი შეჯიბრები საერთო სარგებლობის გზებზე არ ტარდება.

ექსპერიმენტულ ”პრიუსებზე” ვიდეოკამერები, რადარები, ლაზერული სენსორები დაამონტაჟეს, რომელთა მიერ შეკრებილი მონაცემების დახმარებითაც, კომპიუტერს გზაზე არსებული სიტუაციის შეფასება და, რა თქმა უნდა, საკუთარი ავარიების თავიდან აცილება შეუძლია.

ექსპერიმენტის დაწყებამდე, ”გუგლმა” პოლიციასთან მარშრუტი წინასწარ შეათანხმა. გარდა ამისა, ავტომობილში მძღოლიც იჯდა, თუმცა ის მხოლოდ კომპიუტერის დამზღვევის როლს ასრულებდა იმ შემთხვევისთვის, თუ ელექტრონიკა შეცდომას დაუშვებდა. ექსპერიმენტების დაწყებამდე, მძღოლმა გასავლელი მარშრუტი წინასწარ გაიარა, რათა გზა კარგად შეესწავლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონცემებით, ყოველწლიურად, მთელს მსოფლიოში, საგზაო შემთხვევებს 1.2 მილიონზე მეტი ადამიანი ეწირება. ”გუგლის” მიზანი კი, ამ რიცხვის მნიშვნელოვნად შემცირებაა და მის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის მიზანიც სწორედ ესაა.

სხვათა შორის, ბრიტანეთში საგზაო სიკვდლიანობას სხვაგვარად ებრძვიან. მაგალითად, ორი წლის წინ, ქვეყნის მთავრობამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ავტომობილების მფლობელები ვალდებულნი იქნებიან, თავიანთ მანქანებზე დააყენონ სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც კონკრეტულ მონაკვეთზე არსებული შეზღუდვების შესაბამისად, ავტომობილის შეზღუდვას უზრუნველყოფენ. ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ასეთი მოწყობილობა გზებზე მომხდარი შემთხვევების რაოდენობას შეამცირებს და შესაბამისად, დაახლოებით 29 პროცენტით შემცირდება ამ შემთხვევების დროს სიკვდილიანობა.

ასევე შექმნილია სისტემა, რომლის დახმარებითაც, გზებზე მოძრავ ავტომობილებს ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა შეუძლიათ. მაგალითად, ისინი ერთმანეთს აცნობენ გზის მდგომარეობას, გზის გადაკვეთაზე ფეხით მოსიარულის არსებობას და სხვა ინფორმაციას. ამ სისტემის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მათი ქმნილების გამოყენება, მალე ყველა ავტომობილზე სავალდებულო იქნება.

No comments:

Post a Comment