Friday, January 21, 2011

”მაკლარენმა” თავისი სუპერ ავტომობილის ფასი გამოაცხადა

McLaren MP4-12C Supercar to Cost $229,000

21 იანვარი

როგორც იქნა, ”მაკლარენმა” თავისი ახალი სუპერ ავტომობილის, ”მაკლარენ MP4-12C-ს” ფასი გამოაქვეყნა. ავტომობილი, რომელიც ინგლისურმა კომპანიამ საზოგადოებას შარშან წარუდგინა, 229 000 დოლარი ეღირება.

ფასიდანაც ანს, რომ ამ ავტომობილით ”მაკლარენი” კონკურენციას ”ფერარის” და ”ლამბორგინის” შესაბამისი კლასის ავტომობილებს გაუწევს - ამათგან ”458 იტალია” 225 000 დოლარი, ”გალიარდო LP-570-4” კი 237 000 დოლარი ღირს (სამივე ფასი აშშ-ის ბაზრისაა).

რა თქმა უნდა, ”მაკლარენის” მიერ გამოცხადებული ფასი გაიზრდება, თუ მყიდველი საბაზო ავტომობილს არ დასჯერდება და მის საკუთარი გემოვნების შესაბამისად გაწყობას ისურვებს. კერძოდ, ინგლისური კომპანია თავის კლიენტებს განსხვავებულ ბორბლებს, სხვა ფერში შეღებვას და პროფესიონალური კამერების დაყენებას სთავაზობს, რომლებითაც სატრეკო დღეების დროს, საკუთარი რბოლის ვიდეოგადაღება იქნება შესაძლებელი.

სხვათა შორის, ”მაკლარენ MP4-12C-ს” ფასის გაგება და შესაბამისი თანხის ქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ავტომოილის შეძენას შეძლებთ, რადგან მასზე უკვე რიგები დგას. არადა, ”მაკლარენს” მისი წარმოება ჯერ არ დაუწყია. დაკიდევ, ”მაკლარენ MP4-12C” ბოლო ათ წელიწადში პირველი საგზაო ავტომობილია, რომელსაც ”მაკლარენი” გამოუშვებს.

MP4-12C ”მაკლარენის” წარმოების 3.8-ლიტრიანი V8 აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელსაც წყვილი ტურბოკომპრესორი ემსახურება. ძრავი 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მასთან კი ორდისკოიანი ქურის მეშვეობით, 7-საფეხურიანი კოლოფი (SSG) უწყვილდება. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან სტანდარტული აჩქარება (100 კმ/სთ-მდე) დაახლოებით 3 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 321 კმ/სთ-ს აღწევს.

მყიდველს შეუძლია, არჩევანი სალონის 14 გაფორმებას შორის გააკეთოს. გარდა ამისა, შესაძლებელია სპორტული გამოსაბოლქვი სისტემის და კარბონ კერამიკული მუხრუჭების დაყენება. მყიდველს ასევე ძრავის კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული დეტალებით გაფორმებას შესთავაზებენ.

”ფერარი FF” - პირველი სრულამძრავიანი მარანელოელი

Ferrari's Revolutionary Breadvan: The Four-Seater, All-Wheel Drive FF

21 იანვარი

”ფერარი” თავისი ოთხადგილიანი კუპე ”სკალიეტის” მსოფლიო პრემიერას ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე გეგმავს, მანამდე კი ინტერნეტით ახალი ავტომობილის რამდენიმე ფოტო და ზოგიერთი ტექნიკური მახასიათებელი ინტერნეტით გაავრცელა.

”სკალიეტის” შემცვლელს ”ფერარი FF” უწოდეს, რაშიც აბრევიატურა ”ფერარი ფორს” აღნიშნავს, ანუ სრულამძრავიან ფერარის. ეს მარანელოელთა ისტორიაში პირველი ავტომობილია, რომელსაც ოთხივე ბორბალი წამყვანი აქვს. ამასთან, ავტომობილი იტალიური მარკისთვის უცნაური გარეგნობითაც გამოირჩევა, რომელიც მისთვის ატელიე ”პინინფარინამ” შეიმუშავა. ესაა ეგრეთ წოდებული ”შუტინგ ბრეიკ” ძარა, ან, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სამკარიანი კუპე მოჭრილი კუდით.

”ფერარი FF-ის” გაბარიტებია: სიგრძე 4 907 მილიმეტრი, სიგანე 1 953 მილიმეტრი და სიმაღლე 1 379 მილიმეტრი. მას გრძელი კაპოტი და დაგრძელებული სახურავი გამოარჩევს, რითაც შეიძლება ”ბეემვეს” კუპე Z3 მოგაგონოთ. ჰეჩბეკის სტილის უკანა ნაწილი, ავტომობილის საბარგულის მოცულობას ზრდის, რაც ამ ტიპის სუპერ ავტომობილებისათვის საკმაოდ უცნაური რამაა. ”ფერარის” ახალი ავტომობილის ინტერიერის ფოტოები არ გამოუქვეყნებია, თუმცა გვპირდება, რომ სალონში კომფორტულად თავსდება ოთხი ზრდასრული ადამიანი და მათი ბარგი. საბარგულის მოცულობა 450 ლიტრია, მაგრამ თუ უკანა სავარძლებს დაკეცავთ 800 ლიტრამდე გაიზრდება.


”ფერარიმ” პირველად შეიმუშავა სრულამძრავიანი ტრანსმისია, რომლისთვისაც თანამედროვე ტექნოლოგიები შეიმუშავა. ამგვარად, სისტემა, რომელსაც 4RM უწოდეს, სხვა კომპანიების მსგავს სისტემებთან შედარებით, 50 პროცენტით ნაკლებს იწონის. იმავდროულად, ინჟინრებმა ავტომობილის წონის (1790 კგ) ღერძებს შორის თითქმის იდეალურად განაწილება შეძლეს (47:53). მარანელოელთა განცხადებით, 4RM ტრანსმისია ნებისმიერ ამინდში და საგზაო პირობებში, ავტომობილის იდეალურ მანევრულობას უზრუნველყოფს, რაც ბორბლებს შორის მაბრუნი მომენტის ოპერატიულად, საჭიროების მიხედვით განაწილების მეშვეობით ხდება.

რაც შეეხება ძრავს, ესაა 6.3-ლიტრიანი V12, რომელსაც საწვავის პირდაპირ წვის კამერაში მიწოდების სისტემა ემსახურება. ძრავი წინაა განლაგებული. მის მიერ გამომუშავებული 660 ცხენის ძალა (8 000 ბრ/წთ-ზე) 683 ნიუტონმეტრი (6 000 ბრ/წთ-ზე) ორდისკოიანი ქუროს გავლით, ფ1-ის ტიპის გადაცემათა კოლოფს მიეწოდება. ავტომობილის წონისა და სიმძლავრის ფარდობა, 2.7 კილოგრამზე ერთი ცხენის ძალაა.

”ფერარი FF” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 3.7 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 335 კმ/სთ-ია. იმის მიუხედავად, რომ ”სკალიეტისთან” შედარებით, ძრავის ლიტრაჟი და სიმძლავრე გაიზარდა, ამით ეკონომიურობა არ გაუარესებულა - ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად 15.4 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის. ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროს 360 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

ავტომობილი ასევე აღჭურვილია სისტემა სტოპ/სტარტით, ეგრეთ წოდებული მაგნეტორეოლოგიკური ამორტიზატორებით, ”ბრემბოს” კარბონ-კერამიკული მუხრუჭებით და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით.

”ფერარი FF-ს” შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია ჟენევის ავტო შოუზე გამოქვეყნდება.