Friday, November 5, 2010

„ლამბორგინი ჯოტა“ პრემიერისთვის ემზადება

Lamborghini Jota Specs Leaked

5 ნოემბერი

პარიზის საავტომობილო შოუს დაწყებამდე ერთი თვით ადრე, „ლამბორგინიმ“ იმ ავტომობილის ფოტო ტიზერების გამოქვეყნება დაიწყო, რომელიც საზოგადოებას პირველად სწორედ პარიზში უნდა ენახა. მაშინ ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ავტომობილი „მურსიელაგოს“ შემცვლელი „ჯოტა“ (ახალ ავტომობილს ჯერჯერობით სწორედ ამ სახელით მოიხსენიებენ) იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. გამოფენაზე არანაკლებ საინტერესო ექსპონატი, კონცეპტუალური „სესტო ელემენტო“ (მეექვსე ელემენტი) ვიხილეთ. ავტომობილი, რომლის შესაქმნელადაც იტალიურმა კომპანიამ არაერთი უახლესი ტექნოლოგია შექმნა და გამოიყენა. თუმცა ეს „ჯოტა“ მაინც არ იყო.

გავიდა ცოტა ხანი და „ჯოტაზე“ მედია ისევ ალაპარაკდა. ამჯერად ინტერნეტით ამ ავტომობილის ის ფოტოები გავრცელდა, რომლებზეც ის შენიღბულ ფორმაში, ტესტირების დროსაა (ფოტოებზე) ასახული. ახლახანს კი, ინტერნეტითვე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის წყაროც ის ინკოგნიტო პირია, რომელიც ირწმუნება, რომ სინგაპურში „ჯოტას“ წინასაპრემიერო პრეზენტაციას დაესწრო, რომელზეც ახალი ავტომობილის ტექნიკური ინფორმაცია გამჟღავნდა.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ახალი „გამძვინვარებული ხარი“ (ლამბორგინის ემბლემა) 6.5-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი რომელიც მინიმუმ 700 ცხენის ძალას და 680 ნიუტონმეტრს იძლევა. ამასთან, ძრავის ბრუნთა რიცხვების მაქსიმალური მაჩვენებელი 8 250 ბრუნია წუთში. ძრავთან ერთდსკოიანი ქუროს მეშვეობით, 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია შეწყვილებული, რომელშიც საფეხურების შეცვლა 50 მილიწამში ხორციელდება.

რა თქმა უნდა, ამ ავტომობილზე „ლამბო“ იმ ტექნოლოგიების უმეტესობასაც გამოიყენებს, რომლებითაც „სესტო ელემენტო“ შექმნა. მათ შორის მთავარი კი კარბონის კომპოზიტის ფორმირებაა, რაც ამ შესანიშნავი მასალის ფართოდ გამოყენების საშუალებას იძლევა. კერძოდ, კარბონისგანაა დამზადებული მონოკოკური შასი, რისი წყალობითაც, ის „მურსიელაგოს“ შასიზე 229 კილოგრამით მსუბუქი და დაახლოებით 70 პროცენტით მტკიცეა.

იმავე წყაროს ინფორმაციით, ავტომობილს ბრწყინვალე დინამიკური მახასიათებლები აქვს: ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა „ჯოტას“ 2.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ია.

სავარაუდოდ, ამ ახალი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ჟენევის საავტომობილო შოუზე გაიმართება.

ადიო ”მურსიელაგო”

Addio Murciélago: Lamborghini Celebrates End of V12 Supercar's Production

5 ნოემბერი

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ავტომობილი, რომლის შეძენასაც ძლიერნი ამა ქვეყნისა კვლავაც ცდილობენ, აღარ გამოვა - ”ლამბორგინიმ” გადაწყვიტა, რომ თავისი ფლაგმანის, სუპერ ავტომობილ ”მურსიელაგოს წარმოება შეწყვიტოს. და ამის მიზეზი ისაა, რომ ავტომობილი უკვე საკმაოდ მოძველდა.

ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იტალიურმა კომპანიამ ”მურსიელაგოს” წარმოება დაიწყო. და აი, ამ სახელის მატარებელი ბოლო ავტომობილი, რიგითი ნომრით 4099, საზეიმოდ გააცილეს სანტ’აგატა ბოლონეზეში მდებარე ფაბრიკიდან. მის შემცვლელს (სახელად ჯოტას) მერმისს, ჟენევის ავტო შოუზე ვიხილავთ და ალბათ, ”გამძვინვარებული ხარები” მასზე შეკვეთების მიღებასაც ჟენევაში დაიწყებენ. ”მურსიელაგოს” წარმოების შეწყვეტიდან, ”ჯოტას” წარმოების დაწყებამდე პერიოდში კი კომპანია თავისი საწარმოს გადაიარაღებას ჩაატარებს - სხვა თუ არაფერი, ამ ავტომობილი აწყობისას, არაერთი ახალი ტექნოლოგიის გამოყენება მოუწევთ...

ავტომობილს, რომლის რიგითი ნომერიც არის 4099, შვეიცარელ მყიდველს ეკუთვნის, რომელსაც სამუდამოდ შეუძლია იამაყოს იმით, რომ ამ შესანიშნავი მოდელის ბოლო მესაკუთრე გახდა, მოდელისა, რომელიც თუნდაც ათი წლის შემდეგაც ბევრ თავის კონკურენტს მისცემს ფორას.

ბოლო ”მურსიელაგო” არის ამ ავტომობილის მოდიფიკაცია ”LP 670-4 სუპერველოჩე”, რომელიც სტანდარტულ ვერსიაზე 100 კილოგრამით მსუბუქია და რომელსაც V12 ძრავი 670 ცხენის ძალით ამარაგებს. ავტომობილი ფორთოხლის ფერშია გაწყობილი, რომელსაც კომპანიაში ”არანჩო ატლასი” უწოდეს. ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე კატაპულტირებისთვის, მას 3.2 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 342 კმ/სთ-ია.

”მურსიელაგო” ”ლამბორგინის” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. შედარებისთვის, იტალიური კომპანია პოპულარულ მოდლ ”დიაბლოს” 11 წელი აწარმოებდა და სულ 2900 ცალი დაამზადა. ისე კი, ”მურსიელაგოზე” პოპულარული მასზე პატარა მოდელი ”გალიარდოა”, რომელსაც ”ლამბო” 2003 წლიდან აწარმოებს და უკვე 10 000 ცალზე მეტი აქვს გაყიდული.

”თითქმის ათი წელია, მოდელი ”მურსიელაგო” ჩვენი ბრენდის გვირგვინია და მას ბაზარზე უზარმაზარი წარმატება ჰქონდა. ეს ავტომობილი ჩვენი კომპანიის უბერებელი ფასეულობების განსახიერებაა და მას წარმოუდგენელი წარმატება ჰქონდა”, - ბოლო ”მურსიელაგოს” გამოშვებასთან დაკავშირებულ საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა კომპანიის შეფმა მარტინ ვინკელმანმა.

”ბეემვემ” კონცეპტუალური ”ვიჟნ ეფიციენტდაინემიქსის” წარმოება გადაწყვიტა

BMW Vision Efficient Dynamics Concept Headed for Production

5 ნოემბერი

”ბეემვემ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ კონცეპტუალურ ჰიბრიდულ მოდელ ”ვიჟნ ეფიციენტდაინემიქსის” სერიული წარმოება გადაწყვიტა. ბავარიულმა კომპანიამ ეს ავტომოვილი პირველად შარშან, ფრანკფურტის საერთაშორისო შოუზე წარადგინა.

ლაიპციგში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე, ეს ინფორმაცია ”ბეემვეს” დირექტორთა საბჭოს წევრმა, კლაუს დრეგერმა გააკეთა, ვინც ახალი პროექტების განყოფილებას ხელმძღვანელობს. მისი განცხადბით, ახალ ავტომობილს ”ბეემვეს” ევროპელი დილერები 2013 წლის ოქტომბერში მიიღებენ.

”ამ ეტაპზე, ამ ჰიბრიდული სპორტული ავტომობილის შემუშავების ადრეულ სტადიაზე ვართ. ჯერ საბოლოოდ დადგენილი არ გვაქვს, მას რა ტიპის ძალური დანადგარით აღვჭურვავთ. რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ძრავს შორის ვარჩევთ. გვინდა, არჩევანი იმაზე შევაჩეროთ, რომელიც ბევრი ბაზრისთვის ყველაზე მისაღები იქნება. არაა გამორიცხული, რომ ჰიბრიდულ სისტემაში, დიზელის აგრეგატი ბენზინისამ შეცვალოს”, - ამბობს დრეგერი.

ის განმარტავს, რომ ბენზინის ძრავი უფრო მისაღები ამერიკის და აზიის ქვეყნების ბაზრებისთვის იქნება, სადაც დიზელზე მეტად, სეორედ ბენზინის აგრეგატებს აფასებენ. მისივე თქმით, ახალი ავტომობილი ”ბეემვეს” სამოდელო გამის უმაღლეს საფეხურს დაიკავებს. ტექნოლოგიური თვალსაზრისით კი ყველაზე ინოვაციური იქნება - ახალი ჰიბრიდული დანადგარის გარდა, მას აეროდინამიკაც წვრილმანებამდე დახვეწილი ექნება.

დრეგერის ამ განცხადების მიუხედავად, ”ვიჟნ ეფიციენტდაინემიქსის” პირველი საცდელი ეგზემპლარი მაინც ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება, რომლითაც ის ფრანკფურტში გაგვაცნეს. მასში დიზელის 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავი, რომლის სიმძლავრეც 163 ცხენის ძალაა, დამხმარე როლს შეასრულებს. მასთან უნისონში ორი ელექტროძრავი მუშაობს, რომლებიც წინა და უკანა ღერძებს ცალ-ცალკე ემსახურებიან. თითოეულის სიმძლავრე 93 ცხენის ძალაა. ავტომობილი სრულამძრავიანი კი იქნება, თუმცა ბავარიელები მის ისეთ ვერსიასაც გამოუშვებენ, რომელსაც წამყვანი მხოლოდ უკანა ბორბლები ექნება. ამ შემთხვევაში, ჰიბრიდულ სისტემაში მხოლოდ ერთი ელექტროძრავი შევა.

”ბეემვეს” მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ავტომობილს, რომლის შასისა და ძარის წარმოებაშიც ფართოდ გამოიყენებენ კარბონის კომპოზიტს, შესანიშნავი დინამიკური მონაცემები ექნება. კერძოდ, სამძრავიანი ვერსია ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას დაახლოებით 4 წამში შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ხელოვნურად შეიზღუდება და 250 კმ/სთ იქნება.

ჰიბრიდულ ავტომობილში წამყვანი ელექტროძრავებია, შიდაწვის ძრავი კი დამხმარე ფუნქციას ასრულებს და მისი დანიშნულება მხოლოდ მასთან დაკავშირებული ელექტრო გენერატორის მოძრაობაში მოყვანაა. ლითიუმ-იონურ აკუმულატორებში დაგროვილი ენრგია მხოლოდ 50 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი, კომბინირებული ციკლით მუშაობისას კი სვლის სიშორე 700 კილომეტრამდე იზრდება. ამ დროს, ყოველი 100 კილომეტრის გასავლელად, ჰიბრიდული აგრეგატი დაახლოებით 4 ლიტრ საწვავს მოიხმარს (საწვავის ავზის მოცულობა 24 ლიტრია). ამ დროს, ყოველ კილომეტრზე, ავტომობილი ატმოსფეროს მხოლოდ 99 გრამი ნაშირორჟანგით დააბინძურებს. სახლის საყოფაცხოვრებო ქსელიდან აკუმულატორების სრული დამუხტვისთვის კი ორსაათნახევარიც საკმრისია.

დრეგერს ჰიბრიდული სპორტული ავტომობილის ფასი არ დაუსახელებია. სამაგიეროდ, მან განაცხადა, რომ ახალი ტექნოლოგიები ძალიან ძვირი ჯდება, რაც მის ფასში აუცილებლად აისახება. ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში ახალი ავტომობილის ფასი 125-175 ათასი ევროს ფარგლებში მოექცევა.

”მაზდა” როტორულძრავიან RX-9-ს გამოუშვებს

Mazda to Make Rotary-Engined RX-9

5 ნოემბერი

იაპონური კომპანია ”მაზდა” მსოფლიოში ერთადერთი დიდი ავტომწარმოებელია, რომელიც როტორულ (ვანკელის ტიპის) ძრავებს სერიულად ამზადებს. მაგრამ ამჟამად, ასეთი ძრავით ის არცერთ ავტომობილს არ უშვებს. სამაგიეროდ, მისი საინჟინრო შტაბი ამთავრებს მუშაობას ახალ როტორულ აგრეგატზე, რომლითაც მალე სრულიად ახალი მოდელი - RX-9 (ფოტოზე) აღიჭურვება.

ინგლისურ გამოცემა ”ავტოქართან” საუბრისას, ”მაზდას” ინკოგნიტო წარმომადგენელი ამბობს, რომ ”მაზდა” აღარ აპირებს იმ შეცდომის გამეორებას, რომელიც RX-8-სთან დაკავშირებით დაუშვა, როცა არჩევანი ოთხკარიან ძარაზე შეაჩერა. უკვე გადაწყვეტილია, რომ ახალი კუპე ორკარიანი იქნება.

RX-9-ს შასის ბევრ ელემენტს გაცილებით პატარა როდსტერი MX-5 გაუზიარებს, რისი წყალობითაც, ახალი ავტომობილის წონა 1250 კილოგრამი იქნება. ეს საკმაოდ ცოტაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალი ძრავის სიმძლავრე 300 ცხენის ძალაზე მეტი იქნება. ძრავს, სახელად 16X, ელექტროძრავიანი დამჭირხნი მოემსახურება. მისი მუშა მოცულობა, RX-8-ს ძრავზე გაცილებით მეტია, თუმცა მასზე ეკონომიური უნდა იყოს და გაცილებით სუფთა გამონაბოლქვიც უნდა ჰქონდეს.

სხვათა შორის, RX-8-ს წარმოება იმიტომაც შეწყდა, რომ მისი ორროტორიანი ძრავი გაზრდილი აპეტიტით გამოირჩევა და ვერც გამონაბოლქვზე ევროპულ მკაცრ სტანდარტებს (ევრო5) შეესაბამება. სხვათა შორის, ”მაზდა” ახალი სპორტული ავტომობილის წყალბადზე მომუშავე ვერსიის წარმოების შესაძლებლობასაც განიხილავს, ასეთ ავტომობილს კი ნულოვანი გამონაბოლქვი ექნება.