Wednesday, June 2, 2010

”სიტროენმა” ახალი C4 პარიზამდე გაგვაცნო

New Citroën C4 Breaks Cover

2 ივნისი

”სიტროენმა” ინტერნეტით თავისი სრულიად განახლებული ჰეჩბეკის, C4-ის შესახებ მწირი ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა. მსოფლიო პრემიერა ავტომობილისა, რომლითაც ფრანგულმა კომპანიამ კონკურენცია ”ფოლკსვაგენ გოლფს”, ”ფორდ ფოკუსს”, ”ოპელ ასტრას” და ”რენო მეგანს” უნდა გაუწიოს, პარიზის საავტომობილო შოუზე, სექტემბერში ჩატარდება.

შესაძლოა, ახალი ავტომობილის ფოტოებზე ეს ნაკლებად შეინიშნება, მაგრამ კომპანია აცხადებს, რომ ახალი C4, ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე ნაჩვენები კონცეპტუალური ”DS ჰაი რადერის” ხუთკარიანი ვერსიაა. ”სიტროენი” სახელ C4-ს მხოლოდ ხუთკარიანი ჰეჩბეკისთვის გამოიყენებს, მის სამკარიან ვერსიას კი რომლის დებიუტიც მერმისს გაიმართება, DS4-ს დაარქმევს.

ეს ორი ავტომობილი წინა ნაწილით ძლიერ ჰგავს ერთმანეთს. სამაგიეროდ, წინა საყრდენის უკან, მათ განსხვავებული ფორმები აქვთ. ამასთან, C4 უფრო კონსერვატიული ფორმებით გამოირჩევა, DS4 კი ნამდვილი სპორტსმენია. სალონში ამ ორ ავტომობილს შორის გაცილებით მეტი მსგავსებაა. გაწყობის დონით და ფორმებით კი, მათი ინტერიერი უფრო მაღალი კლასის C5-საც მოგაგონებთ.

წინამორბედთან შედარებით, ახალი C4 ოდნავ გაზრდილია. კერძოდ, მატება სიგრძეში 55 მილიმეტრი, სიგანეში 17 მილიმეტრი და სიმაღლეში 32 მილიმეტრია. სამაგიეროდ, პრაქტიკულად არ შეცვლილა ავტომობილის პლატფორმა. საბარგულის მოცულობა 408 ლიტრია, 82 ლიტრით მეტი, ვიდრე ახლანდელი C4-ისა.

სამაგიეროდ, წინა თაობის C4-დან ახალზე უცვლელად გადავა ძრავების გამა. ესენია ბენზინის 1.6-ლიტრიანი ატმოსფერული და ტურბოიანი აგრეგატები, ასევე ამავე ლიტრაჟის მქონე დიზელი. ასევე მოსალოდნელია, რომ ამ ავტომობილსვე ”PSA პეჟო სიტროენის” მიერ შემუშავებული, დიზელ-ელექტრული ჰიბრუდული სისტემით აღჭურვავენ. თავიდან, ამ ჰიბრიდული სისტემის გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობა 109 გრამი იქნება (ყოველ კილომეტრზე), დახვეწის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 99 გრამამდე შემცირდება.

დაკიდევ, C4-ის მყიდველს ფრანგული კომპანია ”მიშლენის” წარმოების უახლეს, ეკონომიურ საბურავებს შესთავაზებს, რომლებსაც ყოველ 100 კილომეტრზე 0.2 ლიტრი საწვავის დაზოგვა შეუძლიათ, თავიანთი ექსპლუატაციის პერიოდში კი ავტომობილის მფლობელს დაახლოებით 90 ლიტრ საწვავს დააზოგინებენ.

ევროპის ქვეყნებში ახალი C4-ის გაყიდვები პარიზის ავტო შოუს დასრულებისთანავე დაიწყება.

”სუბარუ იმპრეზა” ”კოსუორტისგან”

Subaru Cosworth Impreza STI CS400

2 ივნისი

ინგლისურმა კომპანია ”კოსუორტმა”, რომელიც წელს ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდა, ”სუბარუს” პოპულარულ სპორტულ ჰეჩბეკ ”იმპრეზა WRX STI-ს” კიდევ უფრო ტემპერამენტიანი ვერსია შექმნა, რომელსაც ძალიან შეზღუდული რაოდენობით - მხოლოდ 75 ცალს დაამზადებს. როგორც ”კოსუორტში” იქადნიან, მძღოლები ”კოსუორტ იმპრეზა STI CS400-ით” ისეთივე სიამოვნებას მიიღებენ, როგორსაც მათ სუპერ ავტომობილი მიანიჭებს.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ”კოსუორტის” ინჟინრების ხელი ძრავს შეეხო. მათ 2.5-ლიტრიან ოპოზიტურ აგრეგატს დგუშები, ბარბაცები, ცილინდრების ბლოკის თავაკი და მისი შუასადები, ასევე საკისრები შეუცვალეს. მოდერნიზაცია ასევე ჩაუტარდა ძრავის მართვის ელექტრონულ სისტემას, შეზეთვის სისტემას, გამოიცვალა ტურბოკომპრესორი.

ძრავის ასეთი საფუძვლიანი მოდერნიზაციის შედეგი კი ისაა, რომ მისი სიმძლავრე 400 ცხენის ძალამდე (5 750 ბრ/წთ-ზე), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 540 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა. ასეთი აგრეგატით, ”კოსუორტის” ”იმპრეზა” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 3.7 წამში აკრეფს. შედარებისთვის, 300-ცხენისძალიან ”იმპრეზა WRX STI-ს” იგივე აჩქარებისთვის 5.2 წამი სჭირდება.

ძრავის გარდა, მოდერნიზაცია ავტომობილის სხვა ნაწილებსაც ჩაუტარდა. კერძოდ, შეიცვალა საკიდარი, რომელსაც უფრო ხისტი და 10 მილიმეტრით დაბალი ზამბარა-ამორტიზატორის წყვილები დაუყენეს. შეიცვალა მუხრუჭების სისტემა - მანქანის შენელება ამიერიდან ”AP რეისინგის” წარმოების მუხრუჭებს ევალება, რომლებშიც ჭარბი ძალის მოთოკვას 6-ცილინდრიანი სუპორტები და 355-მილიმეტრიანი დისკოები ემსახურება.

რაც შეეხება ავტომობილის გარეგნობას, აქ თვალშის საცემია შეცვლილი წინა ბამპერი, რომელთანაც ინტეგრირებულია ქვედა სპოილერი და რადიატორის ბადე, ”კოსუორტის” ლოგოები, შეცვლილი უკანა სპოილერი და სპეციალურად ამ ავტომობილისთვის შექმნილი 18-დუიმიანი ბორბლები. სალონში კი ჩვეულებრივის ნაცვლად, ”რეკაროს” სპორტულ სავარძლებს ნახავთ.

ბრიტანეთში ”კოსუორტ იმპრეზა STI CS400” 49 995 გირვანქა სტერლინგი ეღირება.

”ლამბორგინიმ” ”მურსიელაგოს” შემცვლელის ფოტო-ტიზერი გაავრცელა

Lamborghini Teases Murcielago Replacement Teaser

2 ივნისი

ახალი ავტომობილის პრემიერამდე ფოტო-ტიზერების (გინდა, ფოტო-თავსატეხის) გამოქვეყნება-გაჟონვა ავტომწარმოებლებისთვის ბოლო წლებში ერთგვარ თავშესაქცევად იქცა, რომლითაც ისინი მსოფლიო მედიის ყურადღების ადრევე მიქცევას და ამგვარად, თავიანთი ავტომობილების რეკლამას ცდილობენ.

როგორც წესი, ტიზერებზე მომავალი დებიუტანტის ნაწილი ჩანს ხოლმე, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია ახალ ავტომობილზე მეტნაკლები წარმოდგენის შექმნა. მაგრამ ”ლამბორგინიმ” ეს წესი დაარღვია - გამოქვეყნებულ ტიზერზე მხოლოდ ჩამწკრივებული მისი მოდელები და კომპანიის ლოგო ჩანს. ამ ტიზერის მიხედვით მხოლოდ ის შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალი ავტომობილი ღია არ იქნება (ვარაუდი 50-პროცენტიანია) და მას ”ლამბოს” ლოგო - მძვინვარე ხარის გამოსახულება დაამშვენებს (100-პროცენტიანი ვარაუდი).

ახალი სუპერ ავტომობილის სავარაუდო (კიდევ ერთხელ სავარაუდო) სახელია ”ჯოტა”, რომელიც გარეგნობით მოდელ ”რევენტონს” დაესმგავსება. რა თქმა უნდა, მის ძარაზე ბევრი სიახლეც გამოჩნდება. მათ შორის, აეროდინამიკური ელემენტები. ამასთან, ავტომობილი ფოლადის მილებით შეკრული შასის ნაცვლად, კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მზიდ ელემენტზე აიგება.

კომპანიის აღმასრულებელ შტეფან ვინკელმანს ნათქვამი აქვს, რომ ”ლამბორგინი” არ აპირებს ძრავების მუშა მოცულობის შემცირებას. სამაგიეროდ, საწვავის დაზოგვის მთავარი საშუალება ავტომობილების წონის შემცირება გახდება. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მრავალნაცად ფოლადის კარკასს კარბონის მონოკოკი შეცვლის. კარბონს კი წონის შემცირებაში ალუმინის დეტალებიც დაეხმარება. სავარაუდოდ, ოდნავ შემცირდება ახალი ახტომობილის გაბარიტებიც. საერთო ჯამში, ”მურსიელაგოსთან” შედარებით, ”ჯოტა” 165 კილოგრამით შემსუბუქდება და მისი წონა 1500 კილოგრამის ფარგლებში მოექცევა. რა თქმა უნდა, როგორც ”ლამბოს” შეეფერება, ”ჯოტას” ოთხივე წამყვანი ბორბალი და ზევით, გილიოტინის სტილის კარები ექნება, რომელიც ზევით იღება. სხვათა შორის, კარების წონაც შემცირდება.

სავარაუდოდ, ახალი ”ლამბო” 6.0-ლიტრიანი V12 ძრავით აღიჭურვება, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 700 ცხენის ძალამდე იქნება. მისი მეშვეობით, ”ჯოტას” ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად დაახლოებით 3 წამი დასჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 370 კმ/სთ-ს მიაღწევს.

”მურსიელაგოს” შემცვლელის მსოფლიო პრემიერა პარიზის საავტომობილო შოუზე, სექტემბერში ჩატარდება.