Saturday, June 6, 2009

როსბერგი ”მაკლარენში” გადასვლას არ გამორიცხავს

Formula 1

7 ივნისი

ნიკო როსბერგს ”უილიამსთან” კონტრაქტი ამ სეზონი ბოლოს უმთავრდება და ბუნებრივია, ნიჭიერი გერმანელი პილოტის გადაბირება ბევრ გუნდს სურა. მაგრამ მსურველთა შორის ყველაზე გამორჩეული ”მაკლარენ-მერსედესია”, რომელსაც დიდი ხანია, როსბერგზე თვალი აქვ დადგმული.

კარგა ხანს, როსბრგი თავს არიდებდა თავის სამომავლო გეგმებზე საუბარს, თუმცა ისტანბულ პარკის საკონფერენციო დარბაზში, მას შემდეგ, რაც პირველი თავისუფალი პრაქტიკა მოიგო, კითხვაზე, ხომ არ აპირებს ”მაკლარენში” გადასვლას, მან უოასუხა, რომ ამაზე ფიქრობს.

”ლუისი შესანიშნავი პიროვნებაა, ”მაკლარენი” კი დიდი შესაძლებლობების მქონე გუნდი. ორივეს კარგად ვიცნობ და ვფიქრობ, ამ გუნდში გადასვლაზე უარს არ ვიტყოდი. და, მინდა გითხრათ, რომ არ მეშინია ლუისთან ერთ გუნდში ყოფნის, რადგან ვიცი, რომ მასთან თანაბრად პაექრობა შემიძლია”, - ამბობს 23 წლის გერმანელი პილოტი, ვისი მამაც, ფინელი კეკე როსბერგი, 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონი ერთადერთი გამარჯვებით გახდა. მაშინ ის ”უილიამსის” ბოლიდით ასპარეზობდა.

ნიკო როსბერგი ფ1-ში 2006 წლიდან გამოდის და ამ ხნის განმავლობაში, ”უილიამსიდან” არსად გადასულა. მას და გუნდს, ურთიერთთანხმობის შემთხვევაში, კონტრაქტის ერთი სეზონით გაგრძელების უფლება აქვთ და გამორიცხული არაა, რომ პილოტმა დარჩენა არჩიოს. ”გამორიცხული არაფერია. ”უილიამსი” დიდი გუნდია და შეიძლება აქაც დავრჩე. ყოველ შემთხვევაში, ამ თემაზე ჩვენ უკვე გვაქვს კონსულტაციები”, - დასძენს როსბერგი.

სხვათა შორის, სტამბულში კიდევ ერთი გერმანელი პილოტის, 21 წლის სებასტიან ფეტელის სხვა გუნდში შესაძლო გადასვლის შესახებ გაისმა ვარაუდი, თუმცა ამაზე მან ასეთი პასუხი გასცა: ”ჩემი მიზანი ისაა, რომ რაც შეიძლება, უკეთეს მანქანაზე დავჯდე, რათა რბოლების მოგება შემეძლოს. ამ მომენტისთვის კი, სადაც ვარ, იმითაც ძალიან კმაყოფილი ვარ”.

ოპტიმისტი ბარიკელო

Formula 1

7 ივნისი

თურქეთის დიდი პრიზის წინ ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო მეორე ადგილზეა და ლიდერ თანაგუნდელ ჯენსონ ბატონს 16 ქულით ჩამორჩება. სხვაობა საკმაოდ სოლიდურია, მაგრამ რუბინიუს ჯერაც აქვს იმედი, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეძლებს.

”ჩემპიონობაზე ახლაც ვოცნებობ და მიხარია, რომ ჯერ ტიტულის მფლობელს არა გამარჯვებათა რაოდენობა, არამედ ქულები არკვევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯენსონის დაწევა შეუძლებელი იქნებოდა. პირველ ოთხ ეტაპზე, მანქანა უფრო ჯენსონის სტილს შეეფერებოდა. მერე აეროდინამიკა შეიცვალა, რაც ძალიან დამეხმარა, თუმცა ბარსელონაში ჯერ სტრატეგიის შერჩევისას დავუშვი შეცდომა, შემდეგ კი რბოლისას, პიტ სტოპზე ზედმეტად შემაყოვნეს და რბოლის მოგება ამიტომ ვერ შევძელი. მონაკოში მთელი უიკ ენდის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ვიყავი, მაგრამ ჯენსონმა შესანიშნავი საკვალიფიკაციო წრე გაიარა და პოულის უპირატესობა რბოლაზე გამოიყენა.

მაგრამ წინ ჯერაც 11 რბოლა გვაქვს და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. ოთხი თვის წინ იმაზე ვოცნებობდი, კონკურენტუნარიანი მანქანა მქონოდა. დღეს კი ყველამ იცის, რომ ჩვენი მანქანით გამარჯვება შესაძლებელია. მეც მეტი რა მინდა. ახლა ჩემპიონობაზე ვოცნებობ და ვეცდები, რომ ეს შანსი გამოვიყენო. 11 რბოლაში 16-ქულიანი ჩამორჩენა ბევრი არაა ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს ჩამორჩენა აღმოვფხვრა. მან თუ ხუთი რბოლა მოიგო, ესე იგი, მომდევნო ხუთი მე უნდა მოვიგო”, - ამბობს ბარიკელო.

თურქეთის დიდი პრიზი. კვალიფიკაცია

Formula 1

6 ივნისი

”რედ ბულის” გერმანელმა სებასტიან ფეტელმა (სურათზე) ამ სეზონში მეორე, კარიერაში კი მესამე პოულ პოზიცია მოიპოვა. საინტერესოა, რომ წინა ორი პოული მან რბოლაში გამარჯვებად აქცია. ფიასკო განიცადა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ”მაკლარენის” ბრიტანელმა ლუის ჰამილტონმა, ვინც მე-16 ადგილს დასჯერდა და მეორე სესიაზეც კი ვერ იასპარეზა.

მეორე და მესამე ადგილები კი ”ბრაუნ GP-ს” პილოტებმა - ბრიტანელმა ჯენსონ ბატონმა და ბრაზილიელმა რუბენს ბარიკელომ დაიკავეს. პროგრესი შეინიშნება BMW-ზაუბერში, რომლის პოლონელმა ლიდერმა რობერტ კუბიცამ, ათეულში შესვლა შეძლო.

კვალიფიკაციის შედეგები

პილოტი და გუნდი                                   1 სესია           2 სესია           3 სესია

                                                                       დრო               დრო               დრო

1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული)       1:27.330          1:27.016          1:28.316

2. ჯენსონ ბატონი (ბრაუნ-მერსდესი)   1:27.335          1:27.230          1:28.421

3. რუბენს ბარიკელო (ბრაუნი)                1:27.371          1:27.418          1:28.579

4. მარკ უებერი (რედ ბული)                    1:27.466          1:27.416          1:28.613

5. იარნო ტრული (ტოიოტა)                    1:27.529          1:27.195          1:28.666

6. კიმი რაიკონენი (ფერარი)                    1:27.556          1:27.387          1:28.815

7. ფელიპე მასა (ფერარი)                          1:27.508          1:27.349          1:28.858

8. ფერნანდო ალონსო (რენო)                  1:27.988          1:27.473          1:29.075

9. ნიკო როსბერგი (უილიამს)                  1:27.517          1:27.418          1:29.191

10. რობერტ კუბიცა (BMW-ზაუბერი)   1:27.788          1:27.455          1:29.357

11. ნიკ ჰაიდფელდი (BMW-ზაუბერი)  1:27.795          1:27.521

12. კაზუკი ნაკაძიმა (უილიამს)              1:27.691          1:27.629

13. ტიმო გლოკი (ტოიოტა)                      1:28.160          1:27.795

14. ჰეიკი კოვალაინენი (მაკლარენი)      1:28.199          1:28.207

15. ადრიან ზუტილი (ფორს ინდიაი)    1:28.278          1:28.391

16. ლუის ჰამილტონი (მაკლარენი)       1:28.318

17. ნელსინიუ პიკე (რენო)                        1:28.582

18. სებასტიან ბუემი (ტორო როსო)        1:28.708

19. ჯანკარლო ფიზიკელა (ფორს ინდია)1:28.717

20. სებასტიან ბურდე (ტორო როსო)      1:28.918

”ტოიოტას” გასაჭირი

Toyota

6 ივნისი

შტატ კალიფორნიის გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი რომ გარემოზე ზრუნავს, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მისი თაოსნობით, ახლახანს ამ შტატში ახალი კანონი მიიღეს, რომლის მიხედვითაც, 2012 წლიდან, კალიფორნიაში ყველა კომპანიას, რომელიც 60 000-ზე მეტ ავტომობილს გაჰყიდის, ევალება, რომ რეალიზებული ავტომობილების 3 პროცენტს ნულოვანი გამონაბოლქვი უნდა ჰქონდეს.

თითქოს, ამ კანონს ყველა ავტომწარმოებელი თანაბრად მძიმე დღეში უნდა ჩაეყენებინა, მაგრამ როგორც ირკვევა, განსაკუთრებულ დარტყმას ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც ყველაზე მეტი რაოდენობის ავტომობილს ჰყიდიან. ასეთები კი ”ტოიოტა”, ”ჰონდა” და ”ფორდი” არიან.

თითქოს, იგივე გასაჭირში ”ჯენერალ მოტორსი” და ”კრაისლერიც” უნდა იყვნენ, მაგრამ ამ შტატში, ისინი იაპონელ კონკურენტებს საგრძნობლად ჩამორჩებიან და ამდენად, შედარებით ნაკლები ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილის გაყიდვა მოუწევთ.

”ტოიოტაში” უკვე გამოიანგარიშეს, რომ კალიფორნიულ გარემოზე ზრუნვა მათ 1 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ. ეს თანხა საჭიროა არამხოლოდ შესაბამისი ავტომობილების მოსამზადებლად, არამედ მათი მომსახურებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე შესაქმნელადაც.

”ტოიოტას” შემთხვევაში, წლიურად კალიფორნიაში გაყიდული ავტომობილების 3 პროცენტი 15 000 ავტომობილია. თუ კომპანია კანონის მოთხოვნას არ შეასრულებს, მაშინ მას კალიფორნიაში ავტომობილების გაყიდვა აეკრძალება. თუმცა, სააგენტო ”ბლუმბერგში” ვარაუდობენ, რომ საქმე სანქციებამდე არ მივა, რადგან თითქმის ყველა ავტომწარმოებელს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა ელექტრომობილების შესაქმნელად და სავარაუდოდ, 2012 წლისთვის მათს საწარმოო პროგრამაში აუცილებლად გამოჩნდება ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილები.

სურათზე: ”ტოიოტას” ამერიკულ ბესტსელერ ”ქამრის” ჰიბრიდული ვერსია კალიფორნიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

”სატურნს” ”პენსკე” ყიდულობს

Saturn

6 ივნისი

”ჯენერალ მოტორსსა” და ამერიკაში მეორე უმსხვილესი სადილერო ქსელის მქონე ”პენსკე აუტომოტივს” შორის გაფორმდა წინასწარი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მილიარდერ როჯერ პენსკეს კომპანია გაკოტრებული ავტოგიგანტის ბრენდ ”სატურნს” მესამე კვარტალის ბოლოს გამოისყიდის. ეს გარიგება 350 დილერსა და 13 000 სამუშაო ადგილს გადაარჩენს. ბაზარზე დარჩება ”სატურნიც”, რომელიც აქამდე ”ოპელის” გაამერიკულებულ მოდელებს აწარმოებდა.

ამგვარად, გაკოტრების შემდეგ, ”ჯენერალ მოტორსმა” რამდენიმე დღეში უკვე სამი კომპანია ”გაჰყიდა”. ესენის ”ოპელი”, ”ჰამერი” და ”სატურნი”. ამათგან ”ოპელში” კვლავ შეინარჩუნა 35-პროცენტიანი წილი. ჯერჯერობით, არ გამოვლენილა შვედური ”სააბის” მყიდველი, ”პონტიაკს” კი, როგორც ჩანს, გააჩერებენ და უკეთესი დროისთვის შეინახავენ.

როჯერ პენსკე ”სატურნში” ”კრაისლერის” ყოფილი პრეზიდენტის, ტომ ლასორდას მიწვევას აპირებს. ეს კაცი მას ”სატურნის” გარიგების ორგანიზებაში დაეხმარა და პენსკე თვლის, რომ მას ”სატურნისთვის” დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

გარიგების დასრულების შემდეგ, ”სატურნი” მთლიანად ”პენსკეს” ხელში გადავა. ამასთან, პირველი ორი წლის განმავლობაში, ”ჯენერალ მოტორსთან” თანამშრომლობა გაგრძელდება, რისი წყალობითაც, აღნიშნულ პერიოდში ”სატურნი” თავისი ძირითადი მოდელების - ჰეჩბეკ ”ასტრას” (იგივე ოპელ ასტრას), სედან ”აურასა” (ოპელ ვექტრას ამერიკული ვერსია) და ქროსოვერების, ”ვიუს” და ”აუტლუკის” წარმოებას შესძლებს.

როჯერ პენსკე ამბობს, რომ მომავალში ”სატურნის” სპეციალიზაცია ეკონომიური ავტომობილების გამოშვება იქნება. ის თავის გეგმებს ჯერ არ აკონკრეტებს, თუმცა არ მალავს, რომ თავის სადილერო ქსელში ”რენო სამსუნგ მოტორსის” მიერ სამხრეთ კორეაში წარმოებული ავტომობილების აშშ-ში იმპირტირება სურს. ”სატურნს” მემკვიდრეობით დარჩება თავისი ახლანდელი შტაბ-ბინა, რომელიც შტატ ტენესის ქალაქ სპრინგ ჰილში მდებარეობს.

პენსკე არაფერს ამბიბს იმაზე, თუ რა დაუჯდება ”სატურნის” შეძენა. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ გარიგების საბოლოოდ გასაფორმებლად, მხარეებს ორი თვე აქვთ. სააგენტო ”ბლუმბერგის” ექსპერტთა შეფასებით, ”პენსკეს” ”სატურნის” შეძენა 100-200 მილიონი დოლარი დაუჯდება.

ცნობისათვის, ”პენსკე აუტომოტივი” არის ”დაიმლერის” პარტნიორი და გერმანული გიგანტის ჯუჯა ავტომობილ ”სმარტის” ავტორიზებული დისტრიბუტორი აშშ-ის ბაზარზე.