Saturday, October 31, 2009

”ნისან ლიფ-ი” მექსიკო სიტისთვის

Nissan Leaf for Mexico City

31 ოქტომბერი

”ნისანმა” და მექსიკო სიტის ხელმძღვანელობამ გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, იაპონური კომპანია და მისი ფრანგული პარტნიორი ”რენო” ვალდებულებას ღებულობენ, მექსიკის დედაქალაქი გარემოსადმი მეგობრული ავტომობილებით მოამარაგონ. ასეთი კი მალე გახდება ელექტრომობილი ”ნისან ლიფი”, რომელიც მექსიკო სიტის ქუჩებში 2011 წელს გამოჩნდება.

გლობალურ ბაზარზე ამ ელექტრომობილის წარდგენას იაპონური კომპანია 2012 წელს აპირებს, თუმცა აშშ-ისა და იაპონიის ბაზრებისთვის, შეზღუდული რაოდენობით მის გამოშვებას უფრო ადრე გეგმავს. ახლა კი ამ ორ ბაზარს მექსიკაც დაემატა.

”მექსიკო სიტიში ”ნისანი” დიდი პოპულარობით სარგებლობს და იქ ელექტრომობილების გაყიდვა ამ პოპულარობის გაგრძელება იქნება. ამ ქალაქის ხელმძღვანელებთან საქმიანი ურთიერთობის განმტკიცებით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ მექსიკურ ბაზარს ჩვენი ალიანსისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება”, - ამბობს ”ნისან მექსიკანას” პრეზიდენტი ხოსე მუნიოსი.

”ნისან ლიფი” ლითიუმ-იონური აკუმულატორებით აღიჭურვება, რომელთა ტევადობაც 90 კილოვატს მიაღწევს. მისი ელექტროძრავის სიმძლავრე 80 კილოვატს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 280 ნიუტონმეტრს მიაღწევს. სრულად დამუხტული აკუმულატორებით, ელექტრომობილის სვლის მარაგი 160 კილომეტრს მიაღწევს, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. ნაწილობრივ, მის მიღწევაში ავტომობილს მუხრუჭების ენერგიის რეგენერაციის სისტემაც ეხმარება.

”ნისანი” აშშ-ში ”ლიფზე” შეკვეთების მიღებას მერმის დაიწყებს. იაპონური კომპანიის განცხადებით, ჩრდილოეთ ამერიკაში ამ ელექტრომობილზე უკვე 22 000 წინასწარი შეკვეთაა მიღებული. არადა, ჯერ სამი თვეც არაა გასული ამ ავტომობილის პრეზენტაციიიდან, რომელიც აგვისტოში ჩატარდა.