Wednesday, September 9, 2009

გაიცანით - ”მერსედეს-ბენც SLS AMG”

Mercedes-Benz SLS AMG

9 სექტემბერი



”მერსედეს-ბენცის” თავლას ყველზე ნანატრი კვიცი დაემატა. კვიცი კი არა, ნამდვილი ჯიშიანი სადოღე ბედაური, რომელსაც საავტომობილო სამყარო დიდხანს მოუთმენლად ელოდა. ავტომობილი, რომელიც რამდენჯერმე მოექცა პაპარაცების კამერების ობიექტივში და რომელსაც შტუტგარტელებმა SLS AMG უწოდეს, საზოგადოებას პირველად, ვირტუალურ სამყაროში გაეცნო.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ SLS AMG ”მერსედეს-ბენცის” ლეგენდარული ”300 SL გალვინგის” (თოლიას ფრთა) ღირსეული შთამომავალია. თავიდან გადაწყვეტილი იყო, რომ მის შექმნაში მონაწილეობა ”მაკლარენს” უნდა მიეღო, მაგრამ შემდეგ ინგლისური კომპანიის ნაცვლად, არჩევანი შტუტგარტელთა ჯგუფში შემავალ სატუნინგო და ინჟინირინგულ ატელიე AMG-ზე შეჩერდა.

ახალი ავტომობილი AMG-სავე მიერ შემუშავებული, 6.2-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მაქსიმუმ 571 ცხენის ძალას (6 800 ბრ/წთ-ზე) და 650 ნიუტონმეტრს (4 750 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. გადაბმის ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, ძრავთან 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფია დაკავშირებული, რომელიც ამძრავ მომენტს უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის. ეს ტანდემი 1620-კილოგრამიან ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდ 3.8 წამში ააჩქარებს, მაქსიმალურ სიჩქარეს კი 315 კმ/სთ-ს ანიჭებს.

ისევე როგორც 1950-იანი წლების ”გალვინგს”, SLS AMG-საც ორივე კარი თოლიის ფრთის სტილში - ქვევიდან ზევით ეხსნება. ოღონდ, ”ლამბორგინისგან” განსხვავებით, კარის სამაგრი სახურავზე მდებარეობს და არა წინა საყრდენის ძირზე. როცა ორივე კარი გაღებულია, ისინი სწორედ თოლიას ფრთებს მოგვაგონეს.

ავტომობილი ალუმინის შენადნობებისგან დამზადებულ შასიზეა აწყობილი და მას წონის თითქმის იდეალური განაწილება ახასიათებს - 48-52%-ზე (შესაბამისად, წინასა და უკანაზე). SLS AMG-ს გაბარიტებია: სიგრძე 4.65 მ, სიგანე 10.95 მ და სიმაღლე 1.25 მეტრი. ბორბლებს შორის არსებული ბაზის სიგრძე კი 2.7 მეტრია.

”მერსედეს-ბენც SLS AMG-ს” მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის ავტო შოუზე გაიმართება, მის გაყიდვას კი შტუტგარტული გიგანტი წელსვე დაიწყებს. გერმანიაში ამ ავტომობილის სასტარტო ფასი 177 310 ევრო იქნება. სავარაუდოდ, ”სამქიმიანები” მერმის მყიდველს SLS AMG-ს ღია ვერსიას შესთავაზებენ, უფრო გვიან კი შესაძლოა, მისი ელექტრონული ვარიანტიც კი გამოუშვან.

”ალფა რომეო მი.ტო” მულტიეარ ძრავებით

Alfa Romeo MiTo 1.4l MultiAir

9 სექტემბერი


ფრანკფურტის ავტო შოუზე, იტალიური კომპანია ”ალფა რომეო” თავის პოპულარულ ჰეჩბეკ ”მი.ტო-ს” ახალ ვერსიას წარადგენს, რომელიც ტექნოლოგია ”მულტიეარის” ახალი თაობის 1.4-ლიტრიანი ტურბოძრავითაა აღჭურვილი. ფორსირების დონის მიხედვით, ძრავი სამნაირია. მათი სიმძლავრე კი 105, 135 და 170 ცხენის ძალაა.

სისტემა ”მულტიეარი” იმითაა საინტერესო, რომ ის ძრავის სიმძლავრეს მინიმუმ (ფორსირების დონის შესაბამისად) 10 პროცენტით, ეკონომიურობას კი ასევე 10 პროცენტით აუმჯობესებს. გარდა ამისა, ”ფიატის” ძრავების ტექნოლოგიების განყოფილების მონაცემებით, ტექნოლოგია ”მულტიეარის” მიხედვით შექმნილი ძრავების გამონაბოლქვი, 40 პროცენტით ნაკლებ მავნე მყარ ნაწილაკებს და თითქმის 50 პროცენტით ნაკლებ აზოტის ოქსიდებს შეიცავს.

საშუალოდ ფორსირებული 135-ცხენისძალიანი ძრავით აღჭურვილი ”მი.ტო-ს” საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 5.6 ლიტრია, ატმოსფეროში კი ის ყოველ კილომეტრზე 129 გრამ CO2-ს გამოჰყოფს. ოდნავ მეტ, 139 გრამ CO2-ს შეიცავს 170-ცხენისძალიანი ძრავი. სამაგიეროდ, მისი ხარჯი მხოლოდ 4.8 ლიტრია. მილანური კომპანია ყველაზე სუსტი აგრეგატის შესაბამის მონაცემებს ჯერჯერობით არ ამხელს.

ძრავების ყველა მოდიფიკაციასთან შესაწყვილებლად განკუთვნილია 5 და 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფები. ამასთან, ”ალფა რომეო” პირველად გამოიყენებს მისთვის ახალ სისტემა სტარტ/სტოპს, რომელსაც პირველად ”მულტიეარ” ძრავებით აღჭურვილი ”მი.ტო” მიიღებს.

105 და 135-ცხენისძალიანი ტურბოძრავებით აღჭურვილი ”მი.ტო-ს” გაყიდევებს ”ალფა რომეო” წელსვე დაიწყებს, უფრო მოგვიანბით კი 170-ცხენისძალიანის გაყიდვებიც დაიწყება.

”მაკლარენის” ახალი სუპერავტომობილი - MP4-12C

McLaren MP4-12C

9 სექტემბერი

ლეგენდარული წინაპრების გარემოცვაში

ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატებში სახელმოხვეჭილი ინგლისური კომპანია ”მაკლარენი” საგზაო ავტომობილების წარმოებას დაუბრუნდა - დღეს საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა თავისი ახალი სუპერავტომობილი MP4-12C, რომლითაც კონკურენციას ისეთ პოპულარულ მოდელებს გაუწევს, როგორებიცაა ”ფერარის” უახლესი ”458 იტალია” (ახალია, მაგრამ ფერარი ხომ ყველასთვის საოცნებო მარკაა!), ”ლამბორგინი გალიარდო” და ”ასტონ მარტინ DB9”.

ერთი შეხედვით, ახალი ავტომობილის სახელი-აბრევიატურა უცნაურად მოსჩანს. თუმცა ფორმულა ერთის მოყვარულებმა იციან, რომ აღნიშვნა MP4 ”მაკლარენის” საფირმო ნიშანია, რომელსაც ის უკვე 30 წელია, (აქამდე მხოლოდ ფ1-ში) იყენებს. ასო C ნიშნავს, რომ შასი კარბონის ბოჭკოს (carbonfibre) საფუძველზე დამზადებული მონოლითური სტრუქტურაა, რომელმაც საფუძველშივე უნდა უზრუნველყოს მეტოქეებთან უპირატესობა. რაც შეეხება რიცხვ 12-ს, ეს კომპანიის შიდა (ინგლისურ ჟურნალ აუტოქარის ცნობით, საიდუმლო) ინდექსია, რომლითაც ავტომობილის შესაძლებლობები ფასდება.

MP4-12C-ის ძირითადი მზიდი ელემენტი

MP4-12C-ის მთავარი ნაწილი მისი მზიდი ელემენტი - კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული შასია, რომელზეც წინიდან და უკნიდან ცალკე კვანძებად გამოყოფილი ელემენტები მაგრდება. წინიდან ესაა საჭის მექანიზმი და საკიდარი, უკნიდან კი - ძრავი მასთან დაკავშირებული გადაცემათა კოლოფით და ტრანსმისიით, ასევე უკანა საკიდარით (ეს შეთანწყობა ფორმულა 1-ში გამოიყენბა). შასის სტრუქტურაში შედს საწვავის ავზი, რომელიც ორად ორი სავარძლის უკან, ძირზეა მოთავსებული. ამგვარი მონოკოკური შასი უაღრესად ხისტია და მთლიანობაში, ავტომობილის შესანიშნავი ტექნიკურ-დინამიკური მახასიათებლების საწინდარი. რა თქმა უნდა, შასის სპეციალური სამაგრები გააჩნია, რომელზეც ავტომობილის ძარის ელემენტები მაგრდება.

ძრავი ”მაკლარენის” სპეციალისტების მიერაა შემუშავებული. მოსალოდნელი იყო, რომ ინგლისური კომპანია ახალი ავტომობილისთვის თავისი პარტნიორის, ”მერსედეს-ბენცის” ძრავს გამოიყენებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. შესაძლოა, აგრეგატის შემუშავების პროცესში შტუტგარტელი სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ძრავს ინგლისური ფირმის ნიშანი ამშვენებს. ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულ F1-ს ”ბეემვეს” გული უცემდა.

მოკლედ: MP4-12C-ს ბაზაში, შასის უკანა ტორსზე 3.8-ლიტრიანი V8 კონფიგურაციის მქონე ტურბოძრავი მაგრდება, რომლის ცილინდრების რიგებს შორისაც 90-გრადუსიანი კუთხეა. ძრავს ორი ტურბოკომპრესორი ემსახურება, რომელთა დახმარებითაც, მაქსიმალური სიმძლავრე 600 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 595 ნიუტონმეტრს აღწევს. ამასთან, ამ მომენტის 80 პროცენტს უკვე მაშინ ავითარებს, როდესაც მუხლა ლილვის ბრუნთა რიცხვი 2 000 ბრ/წთ-ია.

ძრავთან ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით დაკავშირებულია 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომელიც რამდენიმე რეჟიმში მუშაობს. მათგან ორი ძირითადია ნორმალი და სპორტი. ასევე შესაძლებელია მისი ზამთრის რეჟიმსა და ავტომატურ რეჟიმზე გადაყვანა. კოლოფში საფეხურების შეცვლა საჭის რგოლის უკან განლაგებული ბერკეტებით ხდება (როგორც ფორმულა 1-შია).

საკუთარი ძრავისა და ფირმა ”გრაციანოს” წარმოების გადაცემათა კოლოფის ტანდემით, MP4-12C 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარებას დაახლოებით 30 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ია.

რაც შეეხება დანარჩენ აღჭურვილობას: ავტომობილის უკან მოთავსებულია აქტიური სპოილერი, რომელიც გარდა იმისა, რომ მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, ავტომობილის მდგრადობას უზრუნველყოფს, დინამიკური მუხრუჭის როლსაც ასრულებს. ამასთან, სიჩქარის შესაბამისად იცვლის დახრის კუთხეს, დაბალი სიჩქარით მოძრაობის დროს კი თავის ”ბუნგაში” (ფოსოში) იმალება.

MP4-12C ასევე ელექტრონიკის მიერ რეგულირებადი საკიდარით, კარბონ-კერამიკული მუხრუჭებით, ”პირელის” საბურავებით და პასიური და აქტიური უსაფრთხოების სისტემებითაა აღჭურვილი. დაკიდევ, ავტომობილის ორივე კარი (ეგრეთ წოდებული გილიოტინური ტიპის) ქვევიდან ზევით, წინა მხარეს იღება (როგორც ლამბორგინის მოდელებზე).

კომპიუტერი ავტომობილს სამ რეჟიმში ამუშავებს. ამ რეჟიმების არჩევისას, ელექტრონული ტვინი აქსელერატორის რეაქციის სიმკვეთრეს, საჭის მექანიზმის მგრძნობიარობას, სტაბილიზაციის სისტემის მონაცემებს, გადაცემათა კოლოფის საფეხურების შეცვლის სიჩქარეს და, რა თქმა უნდა, საკიდარის სიხისტეს ცვლის.

”მაკლარენის” შეფი რონ დენისი აცხადებს, რომ მისი კომპანია წლიურად 1 000 ცალი MP4-12C-ს წარმოებას გეგმავს. ბაზარზე ეს ავტომობილი ორი წლის შემდეგ გამოჩნდება. ევროპაში მისი სავარაუდო ფასი 142 200-200 000 ევროს ფარგლებში მოექცევა. კომპანიის განცხადებით, წარმოებული ავტომობილების 25 პროცენტი ბრიტანეთში, ამდენივე აშშ-ში, დანარჩენი კი მსოფლიოს ბაზარზე (ძირითადად ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში) გაიყიდება.