Friday, April 30, 2010

მოტოკომბინეზონი უსაფრთხოების ბალიშებით

Alpinestars' airbag riding suit

30 აპრილი

ამერიკულმა კომპანია ”ალპინსტარზმა”, რომელიც სპორტული ავტო და მოტოეკიპირების წარმოებაზეა სპეციალიზებული, დაამზადა მოტოსპორტული კომბინეზონი ”ტექ ეარ რეის”, რომელშიც უსაფრთხოების ბალიშებია ჩამონტაჟებული და მოტოციკლისტებს ავარიის დროს მძიმე ტრავმებისგან იცავს. უსაფრთხოების ბალიშების გარდა, კომბინეზონს ჩაკერებული აქვს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც სამაშველო სამსახურებს ინციდენტის ზუსტ კოორდინატებს აწვდის.

უსაფრთხოების სისტემა სამართავი მოდულის, შვიდი სენსორის, ორი ტუმბოსა და მცირე აკუმულატორებისგან შედგება, რომლებიც მთელი ამ სისტემის მუშაობას უზრუნველყოფს. სენსორები მოტოციკლისტის მოძრაობას აკონტროლებენ, ტომბობი კი საჭიროების შემთხვევაში, ბალიშებს აზოტით ტუმბავენ. ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, თუმცა მთლიანობაში უსაფრთხოების მთელი სისტემა მხოლოდ ნახევარ კილოგრამს იწონის.

”ალპინსტარზის” მიერ გამოქვეყნებულ რელიზში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების სისტემის ტვინისთვის შემუშავდა მუშაობის სპეციალური ალგორითმული სისტემა, რომელიც ბალიშებს თვითნებურად დაბერვის საშუალებას არ აძლევს. რაც მთავარია, ის ავარიის გარდუვალობას 8 მილიწამით ადრე ხვდება.

კომბინიზონის შესაქმნელად მუშაობისას, ”ალპინსტარზის” სპეციალისტებმა ბევრი საგზაო შემთხვევა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ავარიების შედეგად, მოტოციკლისტებს ყველაზე ხშირად ხელები და მხრები უზიანდებათ. ამიტომ, მათ პიტვრლ რიგში, სწორედ სხეულის ამ ნაწილების დაცვაზე იზრუნეს. მაგრამ კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ბალიშების რაოდენობის გაზრდა პრობლემას არ წარმოადგენს და რომ მთელი სხეულის თანაბრად დაცვაც შესაძლებელია.

კომბინეზონის უსაფრთხოების ბალიშები ავარიაზე 50 მილიწამში რეგულირებს. ამასთან, ისინი მაქსიმალურ წნევის 5 წამის განმავლობაში ინარჩუნებენ. ბალიშების სრული ჩაფუშვა კი გაბერვიდან 20 წამის შემდეგ ხდება. სხვათა შორის, სპეციალური სერვისის გარეშე, უსაფრთხოების სისტემა ორ ავარიაზე მუშაობს. პირველი ავარიის შემდეგ, სისტემას დამუხტვა სჭირდება, მეორის შემდეგ კი შესაცვლელი ხდება.

”ალპინსტარზი” თავისი კომბინეზონების გაყიდვას ამერიკაში მერმისს ზაფხულში დაიწყებს. მისი სავარაუდო ღირებულება კი 2 500 დოლარი იქნება.

”ჰიუნდაის” ზედიზედ მეორე მსოფლიო პრემიერა

World Premiere of the All-New Hyundai Elantra/Avante

30 აპრილი

ბუსანში მიმდინარე საავტომობილო შოუზე, სამხრეთკორეულმა ავტოგიგანტმა ”ჰიუნდაიმ” თავისი ყველაზე პოპულარული მოდელის, ”ელანტრას” (კორეაში ამ ავტომობილს ”ავანტეს” სახელით იცნობენ) მეხუთე თაობის მსოფლიო პრემიერა ჩაატარა. ამ სახელით, კომპაქტური ავტომობილის წარმოება ”ჰიუნდაიმ” 1990 წელს დაიწყო და მას შემდეგ, მთელს მსოფლიოში 6 მილიონზე მეტი ”ელანტრა” გაჰყიდა.

ახალი ”ელანტრა” ძირეულადაა შეცვლილი, მისი დიზაინი კი ”ჰიუნდაის” ახალ კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელიც უკვე ახალ ”სონატასა” და ”აქცენტზე” (ერთი კვირით ადრე, პეკინის ავტო შოუზე) ვიხილეთ. და უნდა ითქვას, რომ ეს ახალი სტილი ყველაზე მეტად სწორედ ”ელანტრას” მოუხდა. კორეული კომპანიის განმარტებით, ახალ ”ელანტრას” ”თხიერი სკულპტურა” გამოარჩევს, რაც საუკეთესოდ მიესადაგა ოთხკარიანი კუპეს სტილს და რთული ფორმის, დიდრონ ფარებს.

გამოფენაზე სალონის ყველა შუშა გაუმჭვირვალე იყო - ”ჰიუნდაი” ჯერ მზად არაა იმისათვის, რომ ახალი ავტომობილის ინტერიერი გვიჩვენოს. თუმცა, გამოქვეყნებულ პრეს რელიზში აღნიშნულია, რომ ”ახალი ”ელანტრას” სალონში ისეთ რამეებს ვნახავთ, რაც ამავე კლასის სხვა კომპაქტურ ავტომობილებში ჯერ არავის გამოუყენებია”. გავრცელებული ინფორმაციით, სალონის სიახლეებს შორის იქნება უკანა სავარძლების გამათბობლები და ცენტრალურ პანელზე მოთავსებული ფერადი საინფორმაციო მონიტორი, რომელზეც უამრავი ინფორმაციის გამოტანა იქნება შესაძლებელი.

ბუსანში წარმოდგენილი ”ელანტრა” აღჭურვილია სერია ”გამა GDI-ს” (GDI - გაზოლინ დირექტ ინჯექშნ - ბენზინის უშუალო შეფრქვევა) 1.6-ლიტრიანი ძრავით, რომელიც მაქსიმუმ 140 ცხენის ძალასა და 167 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი. ”ჰიუნდაის რელიზში მითითებულია, რომ კორეაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც კომპაქტურ ავტომობილზე, GDI ტექნოლოგიის ძრავს 6-საფეხურიანი ავტომატს შეუწყვილდება. იმავე რელიზის მიხედვით, ეს ტანდემი ავტომობილს, მის ყველაზე ეკონომიურ კონკურენტებზე 10 პროცენტით ეკონომიურს ხდის.

”ახალი ”ავანტე” (ელანტრა) კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ”ჰიუნდაის” ამბიციას, რომ კომპაქტურ კლასში საუკეთესო სტილისა და დინამიკის მქონე ავტომობილებს აწარმოებდეს. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ავტომობილით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კომპაქტურ კლასში ახალ სტანდარტს დავამკვიდრებთ”, - პრეზენტაციის დროს განაცხადა ”ჰიუნდაის” გლობალური ბიზნესის დივიზიონის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა სტივ იანგმა.

კორეაში ახალი ავტომობილი ”ავანტეს” სახელით გაიყიდება, ევროპაში კი სახელად შესაძლოა ისევ ”ელანტრა” დაუტოვონ. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ სახელი ინდექს i-თ შეუცვალონ. ოღონდ, ინდექსს რა რიცხვი მოჰყვება (35, ან 40), ეს ჯერ უცნობია. კორეაში ახალი ”ავანტეს” გაყიდვას ”ჰიუნდაი” ზაფხულის შემდეგ დაიწყებს, ევროპასა და სხვა ბაზრებზე ის მოგვიანებით გამოჩნდება. საქართველოს ბაზარს კი ალბათ მომავალი წლის დასაწყისში ეწვევა.