Friday, April 29, 2011

„ტოიოტას“ პირველობას „ჯენრალ მოტორსი“ და „ფოლკსვაგენი“ ეცილებიან

Toyota Chased by GM, Volkswagen, on the Sales Chart

29 აპრილი

ფინანსური კრიზისი, ავტომობილების გაწვევა, კიდევ გაწვევა და გაწვევა, მიწისძვრა, ცუნამი... სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეულმა კრიზისებმა და კატასტროფებმა, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანია „ტოიოტა“ დააჩოქა. ამას კი, მისი კონკურენტები ისევე სწრაფად გრძნობენ, როგორც წყალში ზვიგენი სისხლს...

უკვე ერთ წელიწადზე მეტია, გერმანული კომპანია „ფოლკსვაგენი“ არ მალავს, რომ მისი მიზანი, 2018 წლისთვის, მსოფლიო ლიდერობის ხელში ჩაგდებაა. ამ მიზნის მისაღწევად, ვოლფსბურგში თავდაუზოგავად მუშაობენ და მათს დიდ ჯგუფში შემავალ კომპანიებსაც სრული დატვირთვით ამუშავებენ.

პარალელურად, იაპონურ გიგანტს კვალში უდგას ამერიკული „ჯენერალ მოტორსი“, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, თავად იყო ლიდერი, მაგრამ სამიოდ წლის წინ, მოწინავე პოზიცია „ტოიოტას“ ჩააბარა. გენერლებმა შარშან მათს ისტორიაში უმძიმესი კრიზისი (სახელმწიფოს დახმარებით) დაძლიეს და იაპონელ მეტოქეს ლამის შარშანვე გაასწრეს. შარშან ეს ვერ შეძლეს, მაგრამ ახლავე თითქმის გარანტირებულად შეიძლება იმის თქმა, რომ წელს „ტოიოტას“ აუცილებლად ჩამოიტოვებენ.

მიწისძვრამ და ცუნამიმ იაპონური ავტოინდუსტრია (ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი) ძლიერ აზარალა - კატასტროფებიდან ერთი თვის განმავლობაში, გაყიდვების კლებამ 62 პროცენტი შეადგინა. იაპონურ ავტოკომპანიებს შორის კი ყველაზე მეტად, სწორედ „ტოიოტა“ დაზხარალდა. მართალია, მისმა იაპონურმა საწარმოებმა მუშაობა უკვე განაახლა, თუმცა სრული დატვირთვით ისინი მხოლოდ ნოემბერში ამოქმედდებიან.

ახლახანს „ტოიოტამ“ გამოაცხადა, რომ მისი იაპონური საწარმოები ნორმალურ რეჟიმში ივლისში ამუშავდებიან. შემდეგი ერთი თვის განმავლობაში, კომპანია თავის ამერიკულ საწარმოებსაც აამოქმედებს. მაგრამ სრულფასოვნად მუშაობას ისინი მხოლოდ ნოემბერში თუ შეძლებენ...
„ტიმ ლოტუსის“ შეფმა „კატერჰემი“ შეიძინა

Lotus F1 boss buys Caterham

29 აპრილი

ფორმულა 1-ის გუნდ „ტიმ ლოტუსის“ მალაიზიელმა შეფმა ტონი ფერნანდესმა განაცხადა, რომ სპორტული ავტომობილების მწარმოებელი პატარა ბრიტანული კომპანია „კატერჰემი“ შეიძინა. ამ გარიგების შესახებ, ოფიციალური ინფორმაცია დაკსფორდის აეროდრომზე გამოქვეყნდა. ბრიტანული გამოცემა „ავტოქარი“ იუწყება, რომ გაერთიანების აღსანიშნავად, „კატერჰემმა“ გამოაცხადა, რომ „ტიმ ლოტუსის“ ფერებში (მწვანე ყვითელი ზოლით) გაწყობილ 25 ცალ „შევენს“ გამოუშვებს.

ფერნანდესი ამბობს, რომ ამიერიდან, მისი გუნდის მეშვეობით, მარკა „კატერჰემს“ მთელს მსოფლიოში გაუწევს რეკლამას და შესაბამისად, ამ ფირმის ავტომობილებსაც მსოფლიოში უფრო ცნობადს გახდის. თუმცა, ორი კომპანიის თანამშრომლობის გეგმა ჯერ არ არსებობს და ის მხოლოდ ბრიტანეთის დიდი პრიზის დღეებში, ივლისში გამოცხადდება.

იმ დროისთვის, უკვე დასრულებული უნდა იყოს სასამართლო გარჩევა „ტიმ ლოტუსსა“ და „ლოტუს რენოს“ შორის, რომლის მიზანიც, ფ1-ში სახელ „ლოტუსის“ გამოყენების უფლების ერთ-ერთი მხარისათვის მიკუთვნებაა. ცნობისათვის, ფერნანდესმა შარშან სახელი „ლოტუსი“ ფ1-ში დააბრუნა. მაგრამ შემდეგ, მალაიზიურმა საავტომობილო კომპანია „პროტონმა“, რომელსაც სპორტული ავტომობილების მწარმოებელი „ლოტუს ჯგუფი“ ეკუთვნის, „რენოსთან“ ერთად, ამ უკანასკნელის გუნდისთვის სახელის შეცვლა და „ლოტუსის“ დარქმევა გადაწყვიტეს.

„მე ბრენდების შემქმნელი ვარ. ვიღებ სავაჭრო მარკას და სტრუქტურულად ვაყალიბებ. ჩვენ „კატერჰემის“ უბრალო რეფორმირებას არ ვაპირებთ. ჩვენი მიზანი ამ მარკის მიზანმიმართული და ხანგრძლივი განვითარებაა. კლასიკური მოდელი „სევენი“ კი, ამ მარკის მთავარ ნაწილად დარჩება“, - ამბობს ფერნანდესი, ვინც „კატერჰემის“ საწარმოო პროგრამის გამრავალფეროვნებას და ახალ ბაზრებზე გაყვანას გეგმავს.

„კატერჰემი“ 1973 წელს შეიქმნა. მაშინვე მან „სევენის“ (შვიდი) წარმოება დაიწყო, ავტომობილისა, რომელიც პირველად (1957 წელს) ბაზარზე „ლოტუსის“ ლეგენდარულმა დამაარსებელმა, კოლინ ჩეპმენმა გამოიყვანა (ლოტუს სევენ). დღეს „კატერჰემი“ მესამე თაობის „სევენს“ უშვებს, რომელიც ბაზარზე პირველად 1969 წელს გამოჩნდა.

გერმანიაში ლიტრი ბენზინი 9.99 ევროს ფასად გაიყიდა

German Gas Station Charges €9.99 for a Liter or $55 for a gallon of Gasoline!

29 აპრილი

აღდგომის შემდგომ ორშაბათს, გერმანიის ქალაქ შტუტგარტის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ფილდერშტადტის ერთ-ერთმა ბენზინით გასამართმა სადგურმა, ლიტრი საწვავი რეკორდულ ფასად გაჰყიდა. „ესოს“ ქსელის სადგურის მფლობელის მიზანი, როდესაც მარკა „სუპერის“ ბენზინს ფასად 9.99 ევრო მიაწერა, ის იყო, რომ მომხმარებლებისთვის საწვავის შეძენა გადაეფიქრებინა. თურმე სადგურს საწვავი გამოლევაზე ჰქონდა და ფასიც ამიტომ გაზარდა...

რა თქმა უნდა, ფასი თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრეს, თუმცა ამით საქმეს მაინც ვერ უშველეს - რამდენიმე ავტომფლობელმა საწვავი მაინც ჩაასხა, მერე კი ეს სანანებლად გაუხდა. აბა რა იქნებოდა, როცა ჯერი ფულის გადახდაზე მიდგა. ერთ-ერთ მათგანს 21 ლიტრში 209.98 ევროს გადახდა მოსთხოვეს. შემდრგ იგივე დღეში მანდილოსანი ჩავარდა, რომელმაც ავზი 20 ლიტრით შეავსო და შემდეგღა გაიგო, რომ ამის საფასური თითქმის 200 ევრო იყო.

აღშფოთებულმა მყიდველებმა პოლიციას გამოუძახეს და ბენზინის საფასურის გადახდაზეც უარს ამბობდნენ. მაგრამ პოლიციამ მათ ურჩია, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ „ესოს“ სადგურს უჩივლებდნენ. საბოლოოდ, ავტომფლობელებმა თანხა გადაიხადეს, თუმცა იმ იმედით, რომ მომდევნო დღეს, „ესოს“ ხელმძღვანელობასთან რაიმე კომპრომისს მიაღწევდნენ.

სხვათა შორის, აღდგომის შემდგომ ორშაბათს, იმის გამო, რომ შტუტგარტის შემოგარენის გზებზე საცობები იყო. თანც, სააღდგომოდ, ქალაქში ავზიანი მანქანების გადაადგილებაც შეზღუდული იყო. მესამეც, ნავთობკომპანიები ეთანოლნარევი ბენზინის (E10 – 10 პროცენტი ეთანლით) გაყიდვას იწყებენ და „სუპერ“ მარკის ბენზინის მიწოდება შეუფერხდათ. ყოველივეს გამო, ქალაქსა და მის შემოგარენში, „ესოს“ რამდენიმე სადგურში საწვავის დეფიციტი წარმოიქმნა...

„ძაგატო TZ3 სტრადალე“ – „დოჯ ვაიპერი“ „ალფა რომეოს“ ფორმაში

Zagato TZ3 Stradale: A Dodge Viper ACR Dressed as an Alfa Romeo

29 აპრილი

ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, ახალი „დოჯ ვაიპერი“ კონსტრუქციულად, „ალფა რომეოს“ შესაბამის მოდელზე დაფუძნდება, თუ „ფიატ-ის“ და „კრაისლერის“ შეფი სერჯო მარკიონე პოპულარული მასკლ ქარის გასაცოცხლებლად სხვა გზას გამონახავს. სანამ ეს ავტომობილი ბაზარზე დაბრუნდება და სანამ მის შესახებ არაფერია ცნობილი, იტალიურმა სადიზაინერო ატელიე „ძაგატომ“ კონცეპტუალური ავტომობილი შექმნა სახელად „TZ3 სტრადალე“, რომელიც გარეგნულად „ალფა რომეოა“, აგებულება კი სარბოლი „დოჯ ვაიპერ ACR-ის“ აქვს.

პრინციპში, „ძაგატო TZ3 სტრადალე“ სულაც არაა კონცეპტუალური. ის წარმოებისთვის მომზადებული ავტომობილია, თუმცა, ამას რომ ვამბობთ, სულაც არ იგულისხმება, რომ ატელიეს მისი სერიული წარმოება აქვს გადაწყვეტილი. პირიქით, ამ შესანიშნავ ავტომობილს თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები შეიძენენ. უფრო კონკრეტულად კი - 9.

„TZ3 სტრადალეს“ პლატფორმა და მექანიკური კვანძები სარბოლი „ვაიპერის“ აქვს. ეს მას პროპორციებზეც ეტყობა - ამერიკული სუპერ ავტომობილივით გრძელი კაპოტი და უკან დაწეული კაბინა აქვს. ამ გრძელი კაპოტის ქვეშ უზარმაზარი, 8.4-ლიტრიანი V10 ძრავი დგას, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. საკიდარი კი სარბოლია. სამაგიეროდ, ძარა მთლიანად „ძაგატოს“ შემოქმედბაა და ის „ალფა რომეოს“ კორპორატიულ სტილშია შესრულებული.

ეს მეორე ავტომობილია, რომელიც „ძაგატომ“ „ალფა რომეოს“ 100 წლის იუბილეს (1910-2010) მიუძღვნა. პირველი ასეთი ავტომობილია „ალფა რომეო 8C კომპეტიციონეს“ ბაზაზე დამზადბული „TZ3 კორსა“, რომელმაც შარშან ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსი მოიგო.

სხვათა შორის, „TZ3 კორსა“ „ალფა რომეო ძაგატოს“ კოლექციონერ მარტინ კაპის შეკვეთით დამზადდა, „TZ3 სტრადალეს“ კი, როგორც უკვე ითქვა, ცხრა ცალს დაამზადებენ. მათგან პირველ სამ ეგზემპლარზე „ძაგატოს“ შეკვეთა უკვე მიღებული აქვს - პირველს „ალფა რომეოსა“ და „ძაგატოს“ ამერიკელი კოლექციონერი ერიკ კინგი მიიღებს. მეორე და მესამე ავტომობილები შესაბამისად, იაპონიასა და ევროპაში გაიყიდა.

რეპერმა „მაიბახ ექსელეროში“ 8 მილიონი დოლარი გადაიხადა

Rapper Birdman Buys $8M Maybach Exelero

29 აპრილი

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეპერი და ხმის ჩამწერ კომპანია „ქეშ მანი რეკორდსის“ თანადამფუძნებელი ბირდმენი (ბრაიან უილიამსი) იმითაცაა ცნობილი, რომ რამდენიმე ძვირადღირებულ ავტომობილს ფლობს. მისი „მაიბახ ლანდოლე“ მილიონნახევარი დოლარი ღირს, წითელი „ბუგატი ვეირონი“ კი - 2 მილიონი. მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ იყო და ბირდმენმა თავის თავსაც აჯობა...

მისი ახალი სათამაშო, კონცეპტუალური „მაიბახ ექსელეროა“, რომელშიც რეპერმა 8 მილიონი დოლარი გადაიხარა. ეს ავტომობილი, რომელიც მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არსებობს, შავადაა შეღებილი, თუმცა ბირდმენი მას ალბათ მის საყვარელ ფერში - წითელში გამოაწყობს.

„ექსელერო“ ორკარიანი კუპეა, რომელსაც არც ელეგანტურობა აკლია და არც უმაღლესი კლასის ლიმუზინისთვის დამახასიათებელი კომფორტი. და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ის მძლავრი ძრავითაა აღჭურვილი. სხვათა შორის, ეს კონცეპტუალური ავტომობილი, საბურავების მწარმოებელ გერმანულ კომპანია „ფულდას“ შეკვეთით დამზადდა. „ფულდას“ ის თავისი სპორტული საბურავების (315/25 ZR 23) სადემონსტრაციო ავტომობილი სჭირდებოდა და ასეთი „მაიბახის“ სპეციალისტებმა შეიმუშავეს. ეს საბურავები იმითაა გამორჩეული, რომ მათ 350 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარისთვის აქვთ ლიცენზია.

„ექსელერო“ ზორბა ტანის ავტომობილია, თუმცა მის სალონში მხოლოდ ორი სავარძელია. ავტომობილი აღჭურვილია V12 წყვილ ტურბოკომპრესორიანი ძრავით, რომელიც 700 ცხენის ძალას (5 000 ბრ/წთ-ზე) და 1 020 ნიუტონმეტრს (2 500 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. მისი დახმარებით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფას 4.4 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 351 კმ/სთ-ია.

„ამ ავტომობილში, რომლის შეძენაც ძალიან მინდოდა, მათ 8 მილიონი მოითხოვეს და მეც ამ თანხის გადახდა მომიწევს“, - არცთუ დიდი ხნის წინ, ერთ-ერთი ინტერვიუსას განცხადა რეპერმა, რომელსაც „ფორბსის“ მონაცემებით, 100 მილიონ დოლარად შეფასებული ქონება აქვს. ამგვარად, პაფ დიდის, ჯეი-ზის და დოქტორ დრის შემდეგ, ის მეოთხე უმდიდრესი რეპერია.