Thursday, September 30, 2010

სუპერ ელექტრომობილი საკუთარი იუბილესთვის

Jaguar C-X75 Concept

30 სექტემბერი

ინგლისურ დიდ კატას, რომელიც საავტომობილო სამყაროში ”იაგუარის” სახელითაა ცნობილი, დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა და ამ თარიღთან დაკავშირებით, პარიზის შოუსთვის, გაზრდილი სვლის სიშორის მქონე ელექტრონული კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი მოამზადა, რომელსაც იუბილესთან დაკავშირებით, C-X75 უწოდა.

ავტომობილი ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრე 780 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 1600 ნიუტონმეტრს აღწევს. ელექტროძრავები ბორბლებშია მოთავსებული და მათვე ამოძრავებენ. გარდა ამისა, ავტომობილის შუაში გაზზე მომუშავე ორი ტურბინა განლაგდა, რომლებიც მათთან დაკავშირებული გენერატორების დახმარებით, ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. თითოეული ტურბინის სიმძლავრე 180 ცხენის ძალაა.

მარტო ლითიუმ-იონურ აკუმულატორებში დაგროვილი ელექტროენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ელექტრომობილმა დაახლოებით 100 კილომეტრი გაიაროს. მაგრამ როდესაც ტურბინები ამუშავდება, ავტომობილის სვლის სიშორე 900 კილომეტრამდე იზრდება. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ტურბინების მუშაობის დროს, ყოველი კილომეტრის გავლისას, C-X75 ატმოსფეროს მხოლოდ 28 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

ოთხი მძლავრი ელექტროძრავის დახმარებით, საიუბილეო სუპერ ელექტრომობილი, რომელიც 1350 კილოგრამს იწონის, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3.4 წამში ასწრებს, 80-დან 145 კმ/სთ-მდე მას 2.3 წამი ჰყოფნის. მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/სთ-ს აღწევს.

ძრავის გარდა, ამ ავტომობილის აეროდინამიკური პაკეტიც ყურადღებას იმსახურებს. ჯერ ერთი, ძარა ალუმინისგანაა შესრულებული. მეორეც, აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი საკმაოდ ცოტა - 0.32-ია. რაც მთავარია, ავტომობილის ძირზე განლაგებულია ეგრეთ წოდებული ვენტურის მილი, რომელიც მის ქვეშ გაუხშოებულ არეს წარმოქმნის და ასე მიიღება გრაუნდ ეფექტი. ეს კი ბორბლებზე დინამიკურ დატვირთვას ზრდის. აეროდინამიკური დანიშნულებით, ასევე გამოიყენება გამობოლქვილი გაზის ჭავლი.

და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ”იაგუარის” განცხადებით, კონცეპტუალური C-X75-ის მიხედვით შეიძლება იმაზე მსჯელობაც, თუ როგორი გარეგნობა ექნება ამ კომპანიის ახალ ავტომობილებს.

”ლამბორგინი” მეექვსე ელემენტის მომთვინიერებელი გახდა

Lamborghini Sesto Elemento Concept, the Carbon Surprise

30 სექტემბერი

ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ”ლამბორგინიმ” თავის კონცეპტუალურ სუპერ ავტომობილს, ”სესტო ელემენტო”, ანუ მეექვსე ელემენტი უწოდა და არა ”ჯოტა”, როგორც ნავარაუდები იყო. ავტომობილის შასი და ძარა, თითქმის მთლიანად ნახშირბადის კომპოზიტისგანაა დამზადებული. მეექვსე ელემენტიც ნახშირბადია, რომელსაც ქიმიური ელემენტების ტაბულაში მეექვსე ადგილი უკავია. თავისი სახელის აღსანიშნავად, კონცეპტუალური ავტომობილი შავ, ნახშირბადის ფერადაა შეღებილი. და, იტალიურმა კომპანიამ, ეს ნახშირბადოვანი საოცრება პარიზის საავტომობილო შოუზე გამოფინა.

ეს ავტომობილი არამხოლოდ იმითაა გამორჩეული, რომ მასში ფართოდაა გამოყენებული ნახშირბადის კომპოზიტი. მის შესაქმნელად, სანტ’აგატა ბოლონეზელებმა ახალი ტექნოლოგიური ციკლი გამოიყენეს, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა ვაშინგტონის უნივერსიტეტის და აეროკოსმოსურ კომპანია ”ბოინგის” სპეციალისტებმაც მიიღეს.

დაკიდევ, ავტომობილის პრემიერამდე ერთი თვის განმავლობაში, მისადმი მედიის ინტერესის გაღვივების მიზნით, ”ხარებმა” ინტერნეტით 6 ფოტო ტიზერი გამოაქვეყნეს, რომლითაც ნაწილ-ნაწილ გვიჩვენეს თავიანთი ”მეექვსე ელემენტის” სხვადასხვა დეტალები.

გარეგნულად, ”მეექვსე ელემენტი” სტელსის ტიპის თვითმფრინავს ჰგავს. საქარე მინა და ფსევდო კაპოტი თითქმის ერთ სიბრტყეშია მოთავსებული, რაც ”ლამბოს” ტრადიციული სტილია და ჰაერის მინიმალურ წინააღმდეგობას წარმოქმნის. ეს ფსევდო კაპოტი თითქმის მთლიანად ფარავს რადიატორის ბადეს, მის ქვეშ კი დიდი ზომის სპოილერია, რომელიც ჰაერს რადიატორისკენ და ფრთებისკენ მიმართავს.

ამავე სტილშია შესრულებული უკანა სპოილერი და მის ქვემოთ დიფუზორი, რომლებიც ასევე ჰაერის ნაკადის სწორად მიმართვას ემსახურებიან. იგივე დანიშნულებას ასრულებს უკანა ანტი ფრთა, რომლის საყრდენებთანაც ნამწვი აირების თითო გამოსაბოლქვია. ყურადღებას იმსახურებს კაპოტიც, რომელსაც იმდენივე სავენტილაციო ნახვრეტი აქვს, რამდენი ცილინდრიც V10 ძრავს. ამ ნახვრეტების წინ კი წყვილი ჰაერის ამღებია, რომელთა დანიშნულებაც ძრავისთვის ჰაერის ”შეგროვებაა”.

სიმარტივით გამოირჩევა ”სესტო ელემენტოს” ინტერიერი, რომელიც მინიმალისტურ სტილშია შესრულებული. მინიმალისტურში იმიტომ, რომ აქ ვერ ნახავთ მაჩვენებლების და დამხმარე მოწყობილობათა დაფას. საჭის რგოლის უკან ერთადერთ მრავალფუნქციურ მონიტორს წააწყდებით, რომელიც ყველაფერში დაგეხმარებათ. მოკლედ, საეჭვოა, რომ ამ სახით, ინტერიერმა ”სესტო ელემენტოს” საწარმოო ვერსიამდეც მიაღწიოს.

ალბათ საინტერესო იქნება, თუ გეტყვით, რომ კარბონმა ამ ავტომობილში ისეთ დეტალებშიც კი შეაღწია, როგორებიცაა კარდანის ლილვი, გამოსაბოლქვი მილები და საკიდარის წევები. ლაპარაკი აღარაა იმაზე, რომ მონოკოკური შასიც მთლიანად კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა. გამოსაბოლქვ მილებში კი კარბონის ბოჭკო შუშის ბოჭკოთია არმირებული და როგორც ”ლამბორგინი” ირწმუნება, ეს დეტალები 900 გრადუს ტემპერატურასაც კი უძლებს.

კარბონის ფართოდ გამოყენების შედეგი ისაა, რომ ”სესტო ელემენტო” სულ რაღაც 999 კილოგრამს იწონის. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 5.2-ლიტრიანი V10 ძრავი 570 ცხენის ძალას იძლევა (მისი მაბრუნი მომენტი ოთხ წამყვან ბორბალს შორის თანაბრად ნაწილდება), გამოვა, რომ ავტომობილის ყოველ 1.75 კილოგრამზე თითო ცხენის ძალა მოდის. ამ ფარდობის წყალობით, მას ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 2.5 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 354 კმ/სთ-ს მიაღწევს.

პარიზულ გამოფენაზე, ”ლამბოს” წარმომადგენლებს არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, აპირებენ, თუ არა ”სესტო ლემენტოს” წარმოებას. სამაგიეროდ, კომპანიის შეფი შტეფან ვინკლმანი აცხადებს, რომ ამ კონცეპციისთვის შემუშავებულ ტექნოლოგიებს, მომავალში სხვა მოდელების წარმოების დროსაც გამოიყენებენ.