Tuesday, May 10, 2011

კომპოზიტური ძრავები - ჩამავალი მზის ბოლო გაბრწყინება

Plastic Fantastic: Are composite engines the future?

10 მაისი

მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრია მასობრივი ელექტრიფიკაციის გზას დაადგა. მალე შიდაწვისძრავიანი ავტომობილები ისეთივე ეგზოტიკა იქნება, როგორებიც დღეს ორთქმავლები და იალქნიანი გემებია. მაგრამ ამის მიუხედავად, ავტომწარმოებლები მაინც ცდილობენ შიდაწვის აგრეგატების განვითარებას და დახვეწას.

დღეს, ჰიბრიდული და ალტერნატიული აგრეგატების შემუშავების და განვითარების პარალელურად, ავტომწარმოებლები საწვავის დაზოგვას, ავტომობილების წონის შემცირებითაც ცდილობენ. ავტომობილში კი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნაწილი, ძრავის ბლოკია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, თუჯისგან მზადდება. საკმაოდ ხშირად, ბლოკებს ალუმინისგანაც ამზადებენ, თუმცა ეს საკმაოდ რთულია.

ფლორიდელმა ინჟინერმა მატი ჰოლტცბერგმა ჯერ კიდევ ოთხი ათეული წლის წინ დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ გაეკეთებინა პლასტიკატისგან, უფრო კონკრეტულად კი, კომპოზიციური მასალისგან ძრავი. სხვათა შორის, იმ დროს კარბონის კომპოზიტს ავიაციასა და ფორმულა 1-შიც თითქმის არავინ იყენებდა. შემდეგ, ეს მასალა შეუცვლელი გახდა სარბოლი ავტომობილების წარმოებისას და ახლახან, „ბოინგმა“ მისგან თავისი უახლესი ლაინერების ფიუზელაჟების წარმოებაც კი დაიწყო...

რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, 1979 წელს, ბატონმა ჰოლტცბერგმა საკუთარი კომპანია „პოლიმოტორი“ შექმნა და იმავე წელს, პირველი აგრეგატი - „ფორდ პინტოს“ ძრავის კლონი დაამზადა. ძრავის ბლოკი, ისევე როგორც დგუშების კალთები და მათი თითები, კარტერი და ცილინდრების თავის დიდი ნაწილი, პლასტიკისგან იყო დამზადებული. რა თქმა უნდა, მოხახუნე ზედაპირები, წვის კამერა და მისი მომიჯნავე ნაწილები, ფოლადისგან იყო დამზადებული. ორ წელიწადში, „პოლიმოტორის“ პლასტიკური აგრეგატის სიმძლავრემ 300 ცხენის ძალას მიაღწია.

შემდეგ წლებში, კომპანიამ პროფილი შეინარჩუნა და ასე განსაჯეთ, თავისი პლასტიკური ძრავებით, სარბოლ გუნდებსაც კი ამარაგებდა. თუმცა, ბაზარს მისთვის ყურადღება თითქმის არც მიუქცევია. მაგრამ ამის გამო, ჰოლტცბერგმა ყურები არ ჩამოუშვა და ისეთი ძრავის შემუშავება გადაწყვიტა, რომელსაც ბაზარი მიიღებდა. ის ექსპერიმენტებს ფენოლის ფისისგან დამზადებულ დეტალებზე ატარებდა. დღეს კი ის ირწმუნება, რომ პლასტიკი, კონკრეტულად კი კომპოზიციური მასალები, მზადაა ძრავების მასობრივი წარმოებისთვის. ამ მასალის დახმარებით, ძრავები 30-35 პროცენტით შემსუბუქდება, შემცირდება მათ შემუშავებაზე გაწეული ხარჯები და საწარმოო ხარჯები.

არსებობს ორი პრობლემა, რომლებსაც პლასტიკატის ძრავების დამკვიდრებისთვის ხელის შეშლა შეუძლია. ჯერ ერთი, მათი მეორადი გადამუშავება ძვირიც დაჯდება და თანაც, მას მეტი დროც დასჭირდება. მეორეც, კომპოზიტის შემავსებელი ფისები ნავთობისგან მზადდება, ეს ორგანული ნივთიერება კი ამოწურვადიცაა და თანაც, თანდათან ძვირდება...