Sunday, November 1, 2009

”მიცუბიში” კომპაქტურ ქროსოვერს გამოუშვებს
Mitsubishi Compact Crossover Official Sketch
1 ნოემბერი


”მიცუბიში” წარმოებისთვის გამალებით ამზადებს ახალ კომპაქტურ ქროსოვერს, რომლის მსოფლიო დებიუტიც მერმის, ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე იგეგმება, თუმცა იაპონიაში მისი გაყიდვები თებერვალში დაიწყება.
ახალი ავტომობილი ორი წლის წინ მომზადებულ კონცეპტუალურ cX-ზეა ბაზირებული, თუმცა მისგან განსხვავებით, არაერთი ტექნოლოგიური სიახლით აღიჭურვება, რომელთა წყალობითაც, ”მიცუბიში” უგზოობის ავტომობილების მწარმოებლის იმიჯს, ეკოლოგიური ავტომობილების მწარმოებლისათი გაცვლის.
მართალია, კომპაქტური ქროსოვერის წარმოება მალე დაიწყება, მაგრამ მისი შემუშავება გასაიდუმლოებულ ვითარებაში ხდება, რის გამოც, ტექნიკურ მონაცემებზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. თუმცა, ინტერნეტით გარკვეული ვარაუდები უკვე გავრცელდა.
ახალი და განახლებული ქროსოვერებისთვის ”მიცუბიში” ახალ ძრავებს ამზადებს, რომელთა მთავარი ღირსებაც გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობის შემცირებაა. ამ ძრავების სიმძლავრე 90-დან 170 ცხენის ძალის ფარგლებში მოექცევა. ძრავები იქნება როგორც ბენზინის, ასევე დიზელისაც.
ცნობისათვის, 2007 წელს ნაჩვენები კონცეპტუალური cX აღჭურვილი იყო 1.8-ლიტრიანი დიზელის ”სუფთა” ძრავით, რომელსაც ფრთების ცვალებადი გეომეტრიის მქონე ტურბოდამჭირხნი ემსახურება. თავისი ეკოლოგიური მახასიათებლებით, ეს ძრავი ევრო5 სტანდარტს შეესაბამებოდა.