Friday, December 10, 2010

პეკინში ავტომობილების შეძენას ზღუდავენ

Beijing Could Impose One Car Per Person Limit

10 დეკემბერი

ჩინეთის საავტომობილო ბაზარი დიდი ტემპებით ვითარდება. მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლები კი, მუდმივად მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ცისქვეშეთში სულ უფრო მეტ საავტომობილო ქარხანას აშენებენ. მაგრამ ქალაქის ხელისუფლება ახლა იმაზე დაფიქრდა, თუ რა შეიძლება გააკეთოს ისეთი, რომ პეკინის გზებზე არსებული საცობების პრობლემა მოგვარდეს.

და... ისინი აპირებენ, რომ პეკინის მოსახლეობისთვის, ავტომობილების შეძენაზე შეზღუდვები შემოიღონ. კერძოდ, მათ მიერ მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც პეკინში მცხოვრებლებს ერთზე მეტი ავტომობილის ყოლას აუკრძალავს. ისინი კი, ვისაც პეკინში საცხოვრებელი არ გააჩნია, ავტომობილის ყიდვის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ქალაქში მინიმუმ ხუთი წელი აქვთ ნამუშევარი.

ახალი კანონის შემოღება, ავტო ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესმენთა უკმაყოფილებას იწვევს. ისინი ფიქრობენ, რომ ახალი წესების შემოღება, ჩინეთში ავტობაზრის განვითარებას შეაფერხებს. არადა, ინდუსტრიის ამ სფეროზე, ქვეყნის ერთიან შიდა პროდუქტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წილი მოდის.

გამოცემა ”გლოუბლ ტაიმსთან” საუბრისას, ამ ფაქტთან დაკავშირებით, თავისი უკმაყოფილება ჩინეთის ავტო მწარმოებელთა ასოციაციის გენერალური მდივნის ასისტენტმა სიონ ჩუანლინმა გამოთქვა.

”ავტომობილების შეძენასთან დაკავშირებით შეზღუდვების შემოღებას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ავტო სექტორის ნებისმიერი სახით შეყოვნება, ქვეყნის ერთიანი შიდა პროდუქტის მოცულობაზე უარყოფითად იმოქმედებს და ეროვნულ ეკონომიკას უკან დასწევს”, - ამბობს სიონ ჩუანლინი და დასძენს, რომ ჩინეთმა უკვე მიაღწია გაყიდვების იმ დონეს, რომელიც კრიზისამდე იყო, რაც მთავრობის მიერ შემოღებული წამახალისებელი სუბსიდიების პირდაპირი შედეგია. და გაყიდვების ზრდა აუცილებლად გაგრძელდება, თუ მთავრობა მყიდველთა უფლებებს არ შეზღუდავს.

”ჩინეთის ავტო ბაზრის ზრდა პრობლემა არაა. სახელმწიფო მოხელეებმა ყველაფერი უნდა იღონონ იმისათვის, რომ მოსახლეობას, სატრანსპორტო საშუალებათა დიდი არჩევანის საშუალება ჰქონდეს. გზებზე საცობებთან ბრძოლა კი ამ გზებზე მოძრაობის მოწესრიგებით შეიძლება”, - დასძენს სიონ ჩუანლინი.