Saturday, March 5, 2011

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

5 მარტი

ტოიოტა iQ EV და პრიუს+

ჯუჯა იაპონელი (iQ) უკვე საკმარისად პოპულარულია, მალე კი ბაზარზე მისი ელექტრული ვერსიაც გამოვა, თუმცაღა, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით. „ტოიოტა“ ამ ავტომობილს ევროპის გზებზე ტესტირებას უკვე უტარებს, მისი მცირესერიული ვერსიის წარმოებას კი მერმისს შეუდგება.
ჯუჯა ელექტრომობილს მამოძრავებელ ძალას მცირე ელექტროძრავი ანიჭებს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 64 ცხენის ძალაა. ის ენერგიას ლითიუმ-იონური ელემენტებისგან ღებულობს, რომელთა ტევადობა მხოლოდ 11 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 105 კილომეტრი გაიაროს. ელექტრული iQ-ს მაქსიმალური სიჩქარე 125.5 კმ/სთ-ია, ადგილიდან 100-ის ასაკრეფად კი მას 14 წამი სჭირდბა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ელექტრულ iQ-ს სატესტო ავტომობილის დანიშნულება აქვს და მისი მეშვეობით, „ტოიოტა“ ელექტრომობილების ბაზრის პერსპექტივის შესწავლას აპირებს. უფრო სწორედ, იაპონური კომპანიისთვის საინტერესოა, რამდენად მზადაა თანამედროვე ავტობაზარი ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებისთვის.

რაც შეეხება კომპაქტვენ „პრიუსს“, რომელსაც „პრიუს პლიუსი“ უწოდეს, ის მთელ მსოფლიოში უკვე ძალიან პოპულარული ჰიბრიდული ჰეჩბეკის (პრიუსის) ბაზაზეა შექმნილი და რა თქმა უნდა, ჰიბრიდული სისტემაც მისგან აქვს მიღებული. ესაა ბენზინის 1.8-ლიტრიანი ძრავისა და ელექტროძრავის ტანდემი, რომლის ჯამური სიმძლავრეც 178 ცხენის ძალას შეადგენს. „ტოიოტა“ ირწმუნება, რომ ამ ავტომობილს ქალაქში 100 კილომეტრის გასავლელად 5.6 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, შერეული ციკლით მოძრაობისას კი ხარჯი 5.8 ლიტრამდე იზრდება.

ჰეჩბეკ „პრიუსისგან“ კომპაქტვენი სალონის და საბარგულის გაზრდილი მოცულობით გამოირჩევა. მისი საბარგულის მოცულობა 970 ლიტრია, რაც ჰეჩბეკის საბარგულზე 50 პროცენტით მეტია. საბარგო სივრცე კიდევ უფრო იზრდება, როდესაც უკანა სავარძლები დაიკეცება.

შარშან ამერიკელებმა მანქანებით თითქმის 3 000 000 000 000 მილი გაიარეს

Americans racked up 3,000,000,000,000 miles traveled last year

5 მარტი

ამერიკა ბორბლებზე დგას - ეს ლეგენდარული გამოთქმა კარგად ახასიათებს ამერიკელთა ცხოვრების წესს. ამერიკელებს ავტომობილის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. მანქანასთან ერთად არ იბადებიან, თორემ სხვა მხრივ, ავტომობილი მათთვის ლამის პირველადი მოხმარების საგანია. და ბუნებრივია, ისინი წლის განმავლობაში, თავიანთი ოთხბორბლიანი ტრანსპორტით, ასობით კილომეტრს გადიან.

აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტი ყოველწლიურად ატარებს სტატისტიკურ აღრიცხვას, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც გვამცნობს, თუ რა მანძილი გაიარეს წლის განმავლობაში ამერიკელებმა. ირკვევა, რომ ამერიკის მოსახლეობას სულ 2.9 ტრილიონ მილზე (4.64 ტრილიონი კილომეტრი) მეტი აქვს გავლილი. ეს კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენაბელზე დაახლოებით 7 პროცენტით (20.5 მილიარდი მილით) მეტია.

ამერიკის შტატებს შორის, ყველზე მეტი მოძრაობა ტექსასსა და კენტუკის შორისაა. აქ საერთო ჯამში, ავტომოგზაურებს 46.6 მილიარდი მილი აქვთ გავლილი. ეს კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენაბელზე 1.4 პროცენტით მეტია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა სულ რაღაც 0.4 პროცენტით (214 მილიონი მილით) შემცირებულა დელავერსა და ფლორიდას შორის.

გავლილი მილების გაზრდის მიუხედავად, ამერიკაში ავტოკატასტროფების და ფატალური შედეგების რიცხვი შემცირებულია და ეს მაჩვენებელი 1950 წლის შემდეგ უდაბლესია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საწვავის ფასის ზრდის გამო, ამერიკელები ავტომობილით წელს ნაკლებად იმგზავრებენ. თუმცა, ვინ იცის...

„ფერარი FF“ და „ლამბორგინი ავენტადორი“ - პრემიერამდე გაყიდულები

Ferrari FF and Lamborghini Aventador Both Sold Out

5 მარტი

ლამბორგინი ავენტადორი

..............................

ამ ორ ავტომობილს ავტოსამყარო მოუთმენლად ელოდა, მაგრამ როდესაც ჟენევის ავტო შოუზე ისინი პირველად ვიხილეთ, გაირკვა, რომ იტალიურ კომპანიებს ისინი უკვე გაყიდული აქვთ. უფრო სწორედ, „ფერარიმ“ თავისი სრულამძრავიანი FF და „ლამბორგინიმ“ თავისი უახლესი ფლაგმანი „ავენტადორი“ იმდენი გაყიდა, რამდენის წარმოებასაც წელს აპირებენ. გაყიდეს მანამ, სანამ შოურუმებში დააყენებდნენ.

ამ ორ ავტომობილს სრულიად განსხვავებული დანიშნულება აქვს, თუმცა ბევრი რამე მათ საერთოც აქვთ: ჯერ ერთი, ორივე იტალიურია, ორივე V12 აგრეგატითაა აღჭურვილი და მათ თითქმის ერთნაირი სიმძლავრეც აქვთ. თუმცა მთავარი მსგავსება ჟენევაში გამოვლინდა - ორივეზე, წარმოების პირველ წელს, გაყიდვების პაკეტი შევსებულია.

ფერარიმ FF

..............................

„ჩვენ უკვე 800 ცალი „ფერარი FF“ გავყიდეთ. წელს სწორედ ამდენის წარმოებას ვაპირებთ“, - ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ამაყად განაცხადა „ფერარის“ მთავარმა აღმასრულებელმა ლუკა კორდერო იდ მონტეძემოლომ.

მარანელოელთა ისტორიაში, „ფერარი FF“ პირველი სრულამძრავიანი ავტომობილია. მისი 6.3-ლიტრიანი V12 660 ცხენის ძალას ავითარებს. ამ „კუდმოჭრილი“ სუპერ ავტომობილის საბაზო ღირებულება 260 000 ევროა (დაახლოებით 360 000 დოლარი). რაც შეეხება ავენტადორს“ ის 6.5-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 700 ცხენის ძალას იძლევა. ამ ავტომობილის საბაზო ფასი 267 000 ევრო, დაახლოებით 370 000 დოლარია.