Saturday, August 1, 2009

”კუმჰო ფორტისი” – უგზოობის ელექტრომობილი საბურავების მწარმოებლისგან

Kumho Fortis

1 აგვისტო





სამხრეთკორეული კომპანია ”კუმიო” (ან კუმჰო) საბურავების წარმოებითაა ცნობილი და ავტომობილების წარმოება არასდროს უცდია. მაგრამ რატომღაც, ცოტა ხნის წინ, კონცეპტუალური ავტომობილის შექმნა გადაწყვიტა და ეს საქმე ცნობილ ბრიტანელ კონსტრუქტორ რობ დოლტონს დაავალა, რომელსაც ქოვენტრის უნივერსიტეტის დიზაინის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და საავტომობილო დიზაინში განსაკუთრებით, ”ფიატ-ში” მუშაობისას გაიწაფა.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ”კუმჰომ” დოლტონს უგზოობის ავტომობილის შექმნა თავისი ახალი კონცეპტუალური საბურავის სადემონსტრაციოდ შეუკვეთა. პარალელურად, კონსტრუქტორს უნდა ეჩვენებინა, რომ ნახმარი საბურავების გადამუშავებით მიღებული პროდუქტის ავტოინდუსტრიაში ფართოდ გამოყენება შეიძლება.

დოლტონის ქმნილება, სახელად ”კუმჰო ფორტის”, უგზოობის სამკარიანი ავტომობილია, ისეთი, როგორიც კონსტრუქტორის აზრით, მომავლის ქროსოვერები უნდა იყოს. ავტომობილის მამოძრავებელ ძალას ოთხი ელექტროძრავი გამოიმუშავებს, რომლებიც შასიზე, თითო ყოველი ბორბლის გასწვრივაა დამონტაჟებული. ყოველი ძრავის სიმძლავრე 100 ცხენის ძალას აღწევს.

”ფორტისი” უცნაური გარეგნობით გამოირჩევა. ელეგანტურობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, თუმცა ყურადღებას იმით იმსახურებს, რომ მისი ძარის რამდენიმე დეტალი (ბამპერის სექციები, ორივე კარი, კაპოტი, წინა ფრთები და უკანა კარიც) საბურავების გადამუშავებით მიღებული პლასტიკური მასითაა დამზადებული.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს (ოთხი ძრავი ამდენივე ბორბალზე), რომ ”ფორტისი” სრულმოდებიანი ავტომობილია. თუმცა, მისი კონსტრუქცია იმის შესაძლებლობასაც იძლევა, რომ წამყვანი მხოლოდ წინა, ან უკანა ბორბლები იყოს. ”კუმჰო” გვამცნობს, რომ ელექტროძრავები ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობენ. ამასთან, კორეული კომპანია ავტომობილში ენერგიის დამატებითი წყაროს განთავსებასაც აპირებს. ოღონდ, კონკრეტულად რომელის, ამაზე ჯერჯერობით სდუმს.

დაბოლოს, იმაზე, თუ რისთვის შეიქმნა პროექტი - რა თქმა უნდა, საბურავებზე. ”კუმჰოს” საბურავის ახალი ტექნოლოგია ჯერ მხოლოდ იდეაში არსებობს. კერძოდ, ის უნივერსალური უნდა იყოს - უნდა ჰქონდეს როგორც სწორ გზაზე, ასევე უგზოობაზე მოძრაობისთვის საჭირო თვისებები. ამაში კი მას ლითონის ფირფიტები დაეხმარება, რომლებიც საბურავის პროტექტორზე მაშინ გამოჩნდება, როდესაც ავტომობილი უგზოობაზე იმოძრავებს. სწორ გზაზე გადასვლის შემთხვევაში კი საბურავი ამოიბრება, ისე, რომ ლითონის ფირფიტები რეზინმა დაფაროს. ამგვარად, გზის საფარის გაუარესების შემთხვევაში, საჭირო აღარ იქნება საბურავების შეცვლა.

როგორც საბურავების, ისე ”ფორტისის” კონცეპცია ჯერჯერობით მხოლოდ კომპიუტერში არსებობს, თუმცა კორეული კომპანია მათ ბოლომდე დამუშავებას და დიდ გამოფენებზე ჩვენებას გეგმავს.